ნატო თავისივე კონსენსუსის მსხვერპლი ხდება - კვირის პალიტრა

ნატო თავისივე კონსენსუსის მსხვერპლი ხდება

დასავლეთი ყოველთვის ამაყობდა თავისი დემოკრატიითა და იმით, რომ ევროკავშირისა და თვით ნატოს წევრი ქვეყნები ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსით ანუ ურთიერთშეთანხმებით იღებენ...

ნატოს სწორედ ეს კონსენსუსი იქცა საქართველოსა და უკრაინისთვის იმ მოჯადოებულ წრედ, რომელიც ვერაფრით გადავლახეთ და მიუხედავად 15-წლიანი მუდმივი შეპირება-დაპირებისა, ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების "ქოლგამ" ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ვერ დაიცვა, რადგან ეს "დასაწვავი" კონსენსუსი ვერ და არ შედგა - ნატოს 30 წევრიდან ერთი ქვეყნის უარიც კეტავს ალიანსის იმ "ღია კარს", რომელსაც ვერა და ვერ მივადექით.

მაგრამ ახლა დადგა ისეთი მომენტი, რომ თავად ნატო წაიტეხს ფეხს თავის სანაქებო კონსენსუსზე - თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, კატეგორიულად წინააღმდეგია მხარი დაუჭიროს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას, სანამ სტოკჰოლმი ანკარას რამდენიმე პირობას არ შეუსრულებს.

არადა, თურქების პირობები ისეთია, რომ შვედებს შეიძლება უარის თქმამ მოუწიოთ დემოკრატიულ ღირებულებებზე - ანკარა დაჟინებით ითხოვს, რომ "ქურთების მუშათა პარტიისა" და გიულენის ოპოზიციური მოძრაობის ყველა ის წევრი, რომლებსაც შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ, სასწრაფოდ ექსტრადირებული იყვნენ თურქეთში!

ოფიციალური ანკარის ეს კატეგორიული მოთხოვნა მიმართულია ფინეთისკენაც, რომელმაც ასევე გადაწყვიტა სასწრაფოდ ნატოს უსაფრთხოების "ქოლგის" ქვეშ თავის შეყოფა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ტანკებით შეიჭრა.

ნატოს შექმნის პირველივე დღიდან არც შვედეთს და არც ფინეთს ხელს არავინ უშლიდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები გამხდარიყვნენ, მაგრამ 73 წლის განმავლობაში ეს არ მოინდომეს, მაგრამ გასულ წელს დაჩქარებული ტემპით გადაწყვიტეს ნატოში რიგით 31-ე და 32-ე ქვეყნებად გაწევრება.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ალიანსის 30 წევრიდან ორი - თურქეთი და უნგრეთი "გაჯიუტდნენ" და დღემდე არ ახდენენ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრების რატიფიცირებას თავიანთ საკანონმდებლო ორგანოებში.

თურქეთის პრეტენზიებზე ზემოთ მოგახსენეთ, უნგრეთი კი მისი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სახით, სპეციალურად აჭიანურებს ამ პროცესს და უფრო ამყარებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნატოზე მეტად კრემლის მთავარ ბინადარს "ეთაყვანება".

სხვათა შორის, უნგრეთთან დიდი პრობლემები აქვს ევროკავშირსაც, რომლის არაერთი გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე პრემიერმა ორბანმა დაბლოკა, რითაც არ შედგა ის ყბადაღებული კონსენსუსი და გაბრაზებულ ევროპელ ჩინოვნიკებს წამოაცდენინა, დროა გაუქმდეს კონსენსუსის მოთხოვნა, რადგან ასე წინ ვერ წავალთო.

როდის მივა ნატოს ხელმძღვანელობა ანალოგიურ დასკვნამდეც, როდესაც კონსენსუსის ნაცვლად საკმარისი იქნება უბრალო უმრავლესობით ალიანსის ახალი წევრების მიღება (არადა, გაფართოება ნატოს მომავალია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას განვითარება არ უწერია), მალევე გამოჩნდება, როდესაც თურქეთი და უნგრეთი ან უსასრულოდ გააჭიანურებენ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში ახალ წევრად მიღების პროცესს, ან სტოკჰოლმსა და ჰელსინკის მართლაც აიძულებენ ანკარის ისეთი მოთხოვნების შესრულებას, რაც ევროპელი დემოკრატების მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.პ.ს. 3 იანვარს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის მერიის წინ "ქურთების მუშათა პარტიის" წევრებმა ფეხებით ჩამოკიდეს ერდოღანის ფიტული, რის გამოც, რა თქმა უნდა, უფრო გართულდება ოფიციალური ანკარის დასტურის მოპოვება შვედეთის ნატოში გაწევრებაზე - ანუ საბჭოთა კა-გე-ბეს "ნაშობი" და ახლა რუსეთის ეს-ვე-ერის "გამოკვებილი" "ქურთების მუშათა პარტია" ამ ერთი "პერფორმანსით" უზარმაზარ საქმეს უკეთებს უკრაინასთან ომის ჭაობში ჩაძირულ პუტინს - რუსეთის დასავლეთ საზღვართან ნატოს ორი ახალი წევრი ქვეყნის გაჩენა ფინეთისა და შვედეთის სახით განუსაზღვრელი დროით გადავადდა, რადგან შეურაცხყოფილი ანკარა ნატოს კონსენსუსს აღარაფრად ჩააგდებს.