მღვდელმსახურებსაც მოუწევთ ჯარისკაცის ფორმის მორგება - კვირის პალიტრა

მღვდელმსახურებსაც მოუწევთ ჯარისკაცის ფორმის მორგება

რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები მიიწვიეს და გააცნეს "თავდაცვის კოდექსის" ახალი პროექტი, რომელშიც შესული ცვლილება საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიის წარმომადგენელს შეეხება.

დღემდე მოქმედებს "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლი - "სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება", რომლის "ლ" პუნქტში წერია, რომ მღვდელმსახურებს ან სასულიერო სასწავლებლების სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა.

კანონის ამ მუხლით ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესია და ეს ნაკლებად საგრძნობი იყო ყოველწლიურ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევი კონტინგენტის რაოდენობაზე.

მაგრამ სიტუაცია კარდინალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც რამდენიმე წლის წინ კანონის სწორედ ეს მუხლი გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაცია "გირჩმა", რათა წვევამდელებს ჯარში სამსახურისთვის მასობრივად თავის არიდება კანონის დაურღვევლად შესძლებოდათ.

ამისთვის "გირჩმა" დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება", რომელშიც გაწევრებულ ახალგაზრდებს "გირჩი" აძლევს მღვდელმსახურის სტატუსს და გადაუვადებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას.

ფორმალურად ყველაფერი კანონიერია, თუმცა არც "გირჩი" და არც ეს ახალგაზრდები არ მალავენ, რომ ხუთ წუთში მღვდლად "კურთხევა" ფიქციაა და მიზანი მხოლოდ ჯარში სამსახურისთვის თავის არიდებაა.

ბოლო მონაცემებით, კანონის ამ ქვეპუნქტის გამოყენებითა და რელიგიური სამსახურის მოშველიებით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას თავი აარიდა 12 ათასმა ახალგაზრდამ, მათგან 10 ათასმა "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" დახმარებით.

ეს უკვე საგანგაშო ციფრებია, მით უმეტეს, თუკი საქართველოს უსაფრთხოება ტოტალური თავდაცვის პრინციპს უნდა დაეყრდნოს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე მეტ-ნაკლებად უნდა იცნობდეს სამხედრო საქმეს თავიანთი ოჯახების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაინც.

"თავდაცვის კოდექსის" ახალი პროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია და დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არც ერთ კონფესიას არ ექნება. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

გამოდის, სასულიერო პირებს მაინც რჩებათ არჩევანის საშუალება. გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, თუნდაც თავიანთი კონფესიების ეკლესიებში, მეჩეთებში თუ სინაგოგებში.

თუმცა რას იზამს ასეთ შემთხვევაში "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლება", რომელ თავის ეკლესიებში "გაამწესებს" ფიქციურ "მღვდელმსახურებს"?!