უკრაინული "ბუკები" 20 მლნ დოლარად გვიყიდია? - კვირის პალიტრა

უკრაინული "ბუკები" 20 მლნ დოლარად გვიყიდია?

გასულ კვირას საქართველოს სახელისუფლებო წრეებისა და საზოგადოების ნაწილის ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიამ სათაურით "საქართველო როგორ ეხმარება უკრაინას და სად რჩება პრობლემები".

"უკრაინული მხარე თანამიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოსთვის იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში. კერძოდ, კიევმა ითხოვა "ბუკის" კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა", - აცხადებს კასიანოვი.

ოფიციალური თბილისის გაღიზიანება გამოიწვია კასიანოვის განცხადების იმ ნაწილმა, სადაც ლაპარაკია "ბუკების" აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის გადაცემაზე, რაც შეიძლება აღქმულიყო როგორც "ბუკების" ჩუქება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საპასუხოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ბუკები" ნაჩუქარი კი არა, არამედ ნაყიდია მრავალმილიონიანი კონტრაქტის საფუძველზე, თუმცა იმის გამო, რომ დოკუმენტს ჯერ კიდევ გრიფი "საიდუმლო" ადევს, ქვეყნის მთავარ უწყებაში არ დააზუსტეს, თუ კონკრეტულად რა თანხაა გადახდილი "ბუკების" მისაღებად.

ამას მოჰყვა ამჟამად პატიმარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება, რომელშიც განაცხადა, რომ უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ იუშჩენკოსთან ახლო მეგობრული კავშირის საშუალებით მოხერხდა "ბუკების" მინიმალურ ფასად შეძენა.

სააკაშვილის თანაპარტიელმა კობა ნაყოფიამ კი უფრო საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, მაშინ უკრაინისგან "ბუკები" სიმბოლურ ფასად შევიძინეთო.

"კვირის პალიტრა" დაინტერესდა ამ თემით, ჟურნალისტური მინიგამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ აგვისტოს ომამდე საქართველომ უკრაინას "ბუკებში", სავარაუდოდ, 20 მლნ დოლარი გადაუხადა.

ეს თანხა სიმბოლურად და ვერც მინიმალურად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, თუმცა, თუკი შევადარებთ იმ პერიოდშივე რა ასტრონომიულ ფასად ვიყიდეთ ისრაელისგან "სპაიდერის" ერთი საზენიტო-სარაკეტო დივიზიონი, მაშინ უკრაინაში ნაყიდ "ბუკებში" გადახდილი თანხა არცთუ კატასტროფულად მოგვეჩვენება.

მაშინ უკრაინაში "ბუკების" დივიზიონის შეძენა მართლაც წინ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმებოდა, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა ქართული მეზენიტეების საბრძოლო შესაძლებლობები, რაც კიდეც გამოჩნდა აგვისტოს ომის დროს, როდესაც მათ რუსული შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენ ტუ-22მ3-ის ჩამოგდება შეძლეს, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ არავის გაუკეთებია.

კონკრეტული თანხა - 20 მლნ აშშ დოლარი, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველომ გადაიხადა უკრაინულ "ბუკებში", გამოჩნდა უკრაინის რადის სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც 2008 წლის ბოლოს გამოქვეყნდა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ამ სპეციალურ საგამოძიებო კომისიას მაშინ პრორუსი დეპუტატები ხელმძღვანელობდნენ და რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ისინი უკრაინა-საქართველოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ჩაგდებას ყველა ხერხით ცდილობდნენ.

20 მლნ დოლარი გადახდილ იქნა ბუკ-მ1 მოდიფიკაციის ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსში, რომელიც იდენტურია ერთი საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის და მოიცავს ერთ მობილურ სამეთაურო პუნქტს, აღმოჩენისა და მიზნის მომნიშვნელ "კუპოლის" ტიპის ერთ რადიოლოკატორს და სამ ბატარეაში გაერთიანებულ ექვს თვითმავალ საცეცხლე დანადგარს რადიოლოკატორებით და სამ თვითმავალ გამშვებ-დამტენ დანადგარს რადიოლოკატორების გარეშე.

"ბუკის" ერთი საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის ერთი საბრძოლო კომპლექტი 48 საზენიტო რაკეტას მოიცავს (ექვს თვითმავალ საცეცხლე დანადგარზე ოთხ-ოთხი რაკეტაა განთავსებული, ხოლო სამ გამშვებ-დამტენ დანადგარზე კი რვა-რვა).

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, 2007 წელს საქართველომ უკრაინისგან ბუკ-მ1-ის ერთ საზენიტო სარაკეტო დივიზიონთან ერთად რაკეტების ორი საბრძოლო კომპლექტი ანუ 96 რაკეტაც შეიძინა.

აგვისტოს ომის დროს "ბუკების" საზენიტო რაკეტების ძალიან დიდი ხარჯი არ ყოფილა, თუმცა რაკეტების ნაწილი რუსმა ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ხელს მაშინ გააყოლეს, როდესაც სენაკის სამხედრო ბაზის დაპყრობისას ანგარებში გადამალული "ბუკის" ერთი რადიოლოკატორიანი საცეცხლე დანადგარი და ორი გამშვებ-დამტენი დანადგარი აღმოაჩინეს და თან წაიღეს.

თუ არ ვცდებით, ეს იყო უკრაინაში ნაყიდი "ბუკების" დივიზიონის ბოლო, მესამე ბატარეის ნაწილი, რომელიც ფოთის პორტში ყველაზე გვიან, 2008 წლის ივნისში ჩამოვიდა და ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ საბრძოლო მზადყოფნაში. ამიტომაც, როდესაც აგვისტოს ომი დაიწყო და "ბუკების" სხვა დანადგარები ცხინვალის რეგიონისკენ გადაისროლეს, ეს სამი დანადგარი სენაკის სამხედრო ბაზის აეროდრომზე გადამალეს, თუმცა, როგორც ხედავთ, უშედეგოდ.

ისე კი აგვისტოს ომის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქართული შსს-ს სპეცდანიშნულების დანაყოფის მებრძოლები­ სამეგრელოს გზაზე ჩაუსაფრდნენ რუსი ოკუპანტების კოლონას და ალაფად წაღებული "ბუკებიდან" ერთი ყუმბარსატყორცნის გასროლით ააფეთქეს.

გარდა ამისა, როდესაც 2014 წლის 17 ივლისს ოკუპირებული დონბასიდან რუსულმა "ბუკმა" მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი" ჩამოაგდო და 298 უდანაშაულო მგზავრი იმსხვერპლა, საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წლის შემდეგ დიდი აფიშირების გარეშე "ბუკის" ერთი რაკეტა ამ საშინელი დანაშაულის გამომკვლევ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას გადასცა ნატურალური ექსპერიმენტის ჩასატარებლად და დიდად დაეხმარა რუსი სამხედროების სამხედრო დანაშაულის დადგენას...

საქართველოს საჰაერო თავდაცვის შემადგენლობაში კიდევ არის "ბუკის" რამდენიმე დანადგარი, რომლებსაც, წესით, დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს ქართული ცის დაცვის საქმეში, რადგან მას მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური საბრძოლო მახასიათებლები აქვს - ბუკ-მ1-ს საზენიტო რაკეტებით 35 კმ-ით დაშორებული და 22 კმ სიმაღლემდე 2 880 კმ/სთ სიჩქარით მფრენი ობიექტების დაზიანება-ჩამოგდება შეუძლია.

თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს - ბუკ-მ1 მოდიფიკაციის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სერიული წარმოება საბჭოთა კავშირმა 1983 წლიდან დაიწყო და უკრაინისგან ნაყიდი "ბუკები" 40-32 წლის მაინც უნდა იყოს, რადგან 1991 წლის ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობაგამოცხადებულ უკრაინას რუსეთი ახალ "ბუკებს", რა თქმა უნდა, არ მიაწვდიდა.

ეს პატარა ასაკი არ არის, განსაკუთრებით კი "ბუკის" საზენიტო რაკეტებისთვის, რომლებიც გეგმურ ტექნიკურ მომსახურებასა და კაპიტალურ რემონტს მოითხოვენ, რადგან მართვადი იარაღია და საბრძოლო მორიგეობაზე დაყენების წინ აუცილებელ შემოწმებას გადის, წინააღმდეგ შემთხვევაში, განმეორდება ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც არცთუ იშვიათია რუსეთ-უკრაინის ომში, როდესაც ორივე მხარისგან გაშვებული მოძველებული საზენიტო რაკეტებიდან (მათ შორის "ბუკისაც") რამდენიმე უეცრად იცვლის ფრენის მიმართულებას და საჰაერო სამიზნის "დევნის" ნაცვლად ძირს ვარდება და საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება.

"ბუკის" რაკეტების რეგლამენტური და კაპიტალური რემონტი საქართველოში შეუძლებელია, რუსეთში არარეალური, უკრაინაში კი, ალბათ, გამორიცხული.

გვინდა თუ არა, ოთხ ათეულ წელს მიღწეული საზენიტო რაკეტების იმედად ყოფნა ქართული ცის ჩასაკეტად, შეუძლებელი ხდება.

ქართული არმიის საბჭოთა დროინდელი სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გამოყენების რეგლამენტის ვადები ან ამოწურულია, ან რამდენიმე წელიწადში ამოიწურება. მის გასაგრძელებლად საჭიროა კაპიტალური რემონტი, რაც ხშირად პოლიტიკური მიზეზების გამო შეუძლებელია, რადგან ამ შეიარაღების მწარმოებლები რუსეთში არიან.

აქედან გამომდინარე, საბჭოთა სტანდარტისა და მით უმეტეს, საბჭოთა პერიოდში დამზადებულ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არავითარი პერსპექტივა არა აქვს ქართული არმიის არსენალში დასარჩენად.

რა გამოსავალი არსებობს?ეს ამ სტატიის ავტორის სუბიექტური მოსაზრებაა და შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ ქართული არმიის გადაიარაღების შესაძლებლობას შემდგომში ხედავს - ქართული არმიის აუცილებელი გადაიარაღების პროგრამით საქართველო საბჭოთა სტანდარტის შეიარაღებას ეტაპობრივად გადასცემს თავის სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და არ აინტერესებს, ამერიკელები ამ ყოფილ ქართულ ტანკებსა თუ "ბუკებს" ტაივანელებს გადაულოცავენ თუ უკრაინელებს. შესაბამისად, რუსეთი საქართველოს ვერ მოედავება, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინას იარაღით ეხმარება. სამაგიეროდ, საკომპენსაციოდ აშშ და ნატოს წევრი ევროპის სხვა ქვეყნები გადმოგვცემენ შეიძლება მცირე რაოდენობით, მაგრამ ნატოს სტანდარტის შეიარაღებას, რომლის ექსპლოატაციისას აღარ ვიქნებით დამოკიდებული რუსეთზე.