სოლედარის დაცემის შემდეგ ბახმუტის დაცვა უფრო გართულდება - კვირის პალიტრა

სოლედარის დაცემის შემდეგ ბახმუტის დაცვა უფრო გართულდება

გასული წლის 3 აგვისტოდან დაწყებული ხუთთვიანი გააფთრებული ბრძოლების შემდგომ რუსმა ოკუპანტებმა ძლივს მოახერხეს სულ რაღაც ათიათას კაციანი ერთი პატარა უკრაინული ქალაქის აღება, რასაც კრემლისთვის სამხედროზე მეტად პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს, რათა რუსეთის მრავალმილიონიან ურაპატრიოტებს დაანახოს, რომ ომის ბოლო ნახევარ წელში ერთი უკრაინული ქალაქის დაპყრობა მაინც მოახერხა.

სამხედრო თვალსაზრისით კი ჩნდება კითხვა - სოლედარის დაცემა და ამის შემდეგ ბახმუტის შესაძლო ალყაში მოქცევა ხომ არ გააჩენს უკრაინის თავდაცვითი ფრონტის ხაზის ჩამოშლის საფრთხეს დონბასის მიმართულებაზე?

თუ რას ნიშნავს ფრონტის ხაზის ჩამოშლა, რუსმა ოკუპანტებმა ყველაზე მწარედ გასული წლის სექტემბერში იწვნიეს, როდესაც ხარკოვიდან ლუგანსკის მიმართულებაზე რამდენიმე დღეში ერთმანეთის მიყოლებით მოუწიათ მანამდე დაპყრობილი ბალაკლეის, იზიუმისა და კუპიანსკის დათმობამ.

სოლედარის აღების შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩრდილოეთიდან შემოუბრუნდებიან ბახმუტს, რომლის დაცვა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სოლედარის იყო.

მოწინააღმდეგე ბახმუტს ისედაცაა მიმდგარი დასავლეთიდან, ნაწილობრივ სამხრეთ მიმართულებიდანაც და ამას თუკი ჩრდილოეთიდანაც დაემატა იერიშები, ბახმუტის დამცველების მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო იქნება.

ნებისმიერი თავდაცვითი (ისევე როგორც შეტევითი) ოპერაციის წარმატება დიდადაა დამოკიდებული ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე - ანუ რამდენად დროულად და საჭირო რაოდენობით მიეწოდება ზურგიდან მეომრებს საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა თუ საკვები და რამდენად ორგანიზებულია დაჭრილების სწრაფი გაყვანა და შესაბამისად, დამატებითი ძალების მიშველება.

მარიუპოლის დამცველებმა კი იბრძოლეს ბოლომდე გმირულად, მაგრამ იმის გამო, რომ სრულ ალყაში იყვნენ, ხოლო უკრაინის არმიის უახლოესი პოზიციები ას კმ-ზე შორს იყო, ღია მინდვრებში ბრძოლებით იყო გადასალახი და რუსული ავიაციისთვის საუკეთესო სამიზნედ იქცეოდნენ, მოუწიათ იარაღის დაყრამ.

ამიტომაც ბახმუტის თავდაცვით ზღუდეებზე მებრძოლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ მოწინააღმდეგემ არათუ ვერ გადაკეტოს "დიდი მიწისკენ", კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი, არამედ არ მიეცეს იმის შესაძლებლობაც, რომ არტილერიის საშუალებით პირდაპირი დამიზნებით ესროლოს ამ გზაზე მოძრავ ტრანსპორტს.

ბახმუტის ჩრდილოეთით დასახლებული პუნქტ ბერხივკიდან იწყება სლავიანსკისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი, რომლის გადაჭრასაც ეტყობა პირველ რიგში შეეცდებიან რუსი ოკუპანტები, დაპყრობილი სოლედარის ქუჩების სრული „"გაცხრილვის" შემდეგ კი სოლედარიდან ამ ტრასამდე მხოლოდ ექვსიოდე კმ-ია.

რუსეთ-უკრაინის თითქმის ერთწლიანმა ომმა უკვე ნათლად აჩვენა, რომ ბრძოლები უმეტესად დასახლებულ პუნქტებში იმართება, რასაც ათობით უკრაინული სოფლისა და ქალაქის განადგურება მოჰყვა.

ამას ობიექტური მიზეზი აქვს - თავდაცვით ბრძოლებში უკრაინული არმიის დანაყოფები მოწინააღმდეგის შემაკავებელ ზღუდეებს ღია მინდვრების ნაცვლად დასახლებული პუნქტების შენობა-ნაგებობებში აწყობენ, რათა ნაკლები დანაკარგი ჰქონდეთ დაბომბვების დროს. შესაბამისად, რუსი ოკუპანტების არტილერია და ავიაციაც დაუნდობლად ბომბავს უკრაინულ სოფლებსა და ქალაქებს.

სოლედარი და მით უმეტეს, ბახმუტი უკვე ნანგრევებადაა ქცეული და თუკი უკრაინის არმიას მაინც მოუწია უკან დახევამ და ბახმუტის დატოვებამ, შემდგომი თავდაცვის ზღუდეები ეტყობა ბახმუტიდან ოცდაათიოდე კმ-ით დაშორებულ კრამატორსკის მიდამოებთან თუ მოეწყობა - ანუ კიდევ ერთი უკრაინული ქალაქი აღმოჩნდება რუსეთის დაუნდობელი აგრესიის მსხვერპლი.