რა ნიშნით ენიჭება კულტურულ მემკვიდრეობას არამატერიალური ძეგლის სტატუსი - კვირის პალიტრა

რა ნიშნით ენიჭება კულტურულ მემკვიდრეობას არამატერიალური ძეგლის სტატუსი

ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხას რამდენიმე ძეგლი დაემატა, რის შესახებაც ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასული წლის მიწურულს გამოსცა, ფართო საზოგადოებისათვის კი ეს ოდნავ მოგვიანებით გახდა ცნობილი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ ნომინაციებს: 1. "ქართული ხორბლის კულტურა:­ ტრადიციები და რიტუალები"; 2. "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია"; 3. "რთველის ტრადიცია საქართველოში"; 4. "მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი"; 5. "მესხური სამზარეულო - აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია";­ 6. "ინფექციურ დაავადება "ბატონებთან" დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში". ამ სახით არამატერიალური­ კულტურული მემკვიდრეობის სიაში დაახლოებით 60-ზე მეტი ტრადიცია, გამოცდილება და სანახაობა დაგროვდა.არამატერიალური ძეგლის სტატუსის­ მინიჭების გადაწყვეტილება, წესისამებრ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაშია შესაძლებელი, რისი პრეცედენტიც აქამდე არასოდეს ყოფილა. თუმცა არამატერიალური ნუსხის ბოლოდროინდელმა ჩამონათვალმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მათ შორის, "მცხეთური ღვეზელის დამზადებისა" და "ბატონების" თემამ. სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, არამატერიალური ძეგლების სიას სხვა ეროვნული ნომინაციები მეტად მიეკუთვნება,­ ვიდრე სიაში შეტანილი მაგალითად, "დამწვარ ზეთში" მომზადებული მცხეთური ღვეზელი. რით ხელმძღვანელობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ძეგლის სტატუსის მინიჭებისას, როდის რა ნიშნებით ენიჭება არამატერიალური ძეგლის სტატუსი ობიექტებს, ამ თემაზე სასაუბროდ კულტურის სამინისტროს დავუკავშირდით. სამწუხაროდ, დაპირების მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ. თუმცა შევძელით იმ მკვლევართან დაკავშირება, რომლის პირადი ინიციატივით მოხდა ერთ-ერთი ნომინაციის, კერძოდ, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტის აღიარება.

"მცხეთურ ღვეზელს დაახლოებით 200 წლის წინ აცხობდნენ მცხეთაში"

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორი, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ­ ჩიბურდანიძე:

- არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონცეფციას ჩვენი ქვეყანა 2007 წელს მიუერთდა, რითაც სახელმწიფომ არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვისა და მისი მომავლისთვის გადაცემის აუცილებლობა აღიარა.­ მინიჭება ხდება მხოლოდ იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ამ კონცეფციას აქვს. ძეგლის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს ხალხში დაუნჯებულ ისეთ კულტურას, მაგალითად, როგორიცაა ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, კულტურული სივრცეები და ა.შ., რაც უზრუნველყოფს იდენტიფიკაციის შენარჩუნებასა და მის გადაცემას მომავალი თაობებისთვის. თუმცა ვერანაირი ნომინაცია, ვერც არამატერიალური და ვერც მატერიალური, ძეგლის სტატუსს ვერ მიიღებს, თუ მეცნიერულად არ არის გამოკვლეული, აკმაყოფილებს თუ არა კონვენციით გათვალისწინებულ პირობებს.კერძოდ, არამატერიალური სტატუსის მინიჭებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ ნომინაციის სიცოცხლის ხანგრძლივობა­ აღემატება საუკუნეს და რაც მთავარია, არსებობს მისი უწყვეტი მოხმარება კულტურულ სივრცეში. შემდეგ მეცნიერთა ჯგუფი ან კონკრეტული მეცნიერი ავსებს­ განაცხადს. ის წარედგინება კულტურის სამინისტროს სპეციალურ კომისიას, რომელიც გადაწყვეტს, მიენიჭოს თუ არა ობიექტს ძეგლის სტატუსი. ასე იყო 2009 წელს, როდესაც ვმუშაობდი მეცნიერთა იმ ჯგუფში, რომელთაც განაცხადი შეიტანეს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენისთვის" არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ და რომელთაც ამისთვის მართლაც მძიმე პრობლემები შეხვდათ. ასეა ახლაც. როდესაც თითქმის ერთი წლის წინ მცხეთური ღვეზელის შესახებ შევიტანე განა­ცხადი, სიმართლე გითხრათ, სურვილი უფრო მეტი იყო, ვიდრე იმედი, რომ ნომინაციას სტატუსი მიენიჭებოდა. საქმე ის არის, რომ სტატუსის მინიჭების შესახებ კულტურის სამინისტროში არაერთი განაცხადი შედის.

- იმის მიუხედავად, რომ მსგავს კვლევებში მატერიალური გასამრჯელო არ არსებობს.

- როდესაც შენი ერის იდენტიფიკაციაზეა საუბარი, შესაძლოა ბევრი რამ დაივიწყო. უზომოდ მახარებს, რომ იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს, ის დაცული იქნება­ და სკოლებში დაბრუნდა. ისევე როგორც მახარებს ის განაცხადი, რომელიც დემოგრაფიული აღორძინების ფონდში გაუხმაურებლად გავაკეთეთ, და რომლის სიკეთით მომავალი თაობები ისარგებლებენ. არამატერიალური ძეგლების სტატუსში სწორედ დაცულობაა ერთ-ერთი უმთავ­რესი. მცხეთური ღვეზელის ამ ნუსხისათვის არჩევაც ამან და კიდევ სხვა რამემაც განაპირობა - ამ ნომინაციას, ამ პროდუქტს, რომელიც უყვართ საქართველოში,­ საქართველოსთვის მატერიალური შემო­სავალი შემოაქვს, რაშიც ტურისტების დიდი წილიც არის. ამიტომაც სჭირდება მას გაპოპულარება, დაცვა და მოვლა. არაერთი უცხოელი მეგობარი მყავს, რომლებთანაც არაერთხელ მისაუბრია იმ თემაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კულინარიისათვის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭებას. გარდა ამისა, მცხეთური ღვეზელის ნომინაცია, ისევე როგორც არამატერიალური ძეგლების ნუსხის ნებისმიერი ელემენტი, აკმაყოფილებს იუნესკოს კონვენციის ყველა­ იმ დებულებას, რომლებიც სტატუსის მინიჭებისათვის არის საჭირო. კერძოდ, მას აქვს "ასაკი", ტრადიცია და კულტურულ სივრცეში "სიცოცხლის" უწყვეტობა. მცხეთური ღვეზელის ისტორია საუკუნე-ნახევარს ითვლის და ძალიან პოპულარულია. ის არა მარტო სალობიეში­ ცხვებოდა და ცხვება, როგორც ბევრს ჰგონია... რასაც ხალხი აღიარებს, მას დაცვა არ სჭირდება.

- ეს ყველაფერი გამოკვლეული გაქვთ?

- ვისაც სურვილი ექნება, ყველას შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას. დღესაც ცოცხალია იმ ხალხის შთამომავლები, რომელიც მცხეთურ ღვეზელს დაახლოებით 200 წლის წინ აცხობდა მცხეთაში და ყიდდა მცხეთის რკინიგზის სადგურზე. თავად მცხეთის სალობიეს 55-წლიანი ისტორია აქვს. ის საბჭოთა ნომენკლატურის ერთ-ერთი წარმომადგენლის, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელის ვასილ მჟავანაძის­ ინიციატივით აშენდა. მან ობიექტის მეთვალყურეობა ბატონ დიმიტრი ალავიძეს დაავალა. ბატონი დიმიტრი გეტყვით, როგორ მოძებნა მან მცხეთური ღვეზელის ტრადიციის გასაგრძელებლად კონკრეტულად ის პიროვნება, რომლის ოჯახში ღვეზელს რკინიგზის სადგურზე გასაყიდად აცხობდნენ. ეს იყო 94 წლის ქალი, გვარად გეგეჭკორი. რძალი იმ პირველი მცირე მეწარმისა, რომელიც თავადაც გეგეჭკორი იყო, პატარა ჯიხური ჩადგა მცხეთაში გამავალი მატარებლების სადგურზე, რათა იქ თავის ოჯახში გამ­ომცხვარი ღვეზელები გაეყიდა. როდესაც­ სადგურზე თბილისიდან მიმავალი მატარებელი გაჩერდებოდა, ხალხი ბაქანზე ჩამოდიოდა, გემრიელ ღვეზელებს ყიდულობდა და მისი ამბავი მთელ საქართველოში გაჰქონდა. დღეს, რასაკვირველია, მცხეთური ღვეზელი პირვანდელი რეცეპტით აღარ ცხვება, როდესაც ის მოხარშული კვერცხის ცილით კეთდებოდა და ერბოში წვავდნენ, მაგრამ რეცეპტის ნაწილი შენარჩუნებულია. მას არავინ აცხობს მეორადი მოხმარების ზეთში.A ასე რომ ყოფილიყო, მას არავინ მიეკარებოდა.

- საინტერესო ფაქტებია. თუმცა ვიზიარებ ზოგიერთ მოსაზრებას ამ სტატუსზე, მათ შორის, იუმორსაც: სოციალურ ქსელში ხუმრობენ, "ბიკენტიას საქაბაბემაც" უნდა გაიღვიძოს და სტატუსის მინიჭება მოითხოვოსო. გურულებიც "შეშფოთებული" არიან, ჩვენმა საშობაო ღვეზელმა რა დააშავაო.

- სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ნომინაციებს, რომელთაც აქვთ ტრადიცია, პოპულარულია ხალხში და აკმაყოფილებს იუნესკოს კონვენციას, ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. სხვათა შორის, თუ "ბიკენტიას საქაბაბე" ამ პირობებს დააკმაყოფილებს, საწინააღმდეგო რატომ უნდა მქონდეს.

"აზერბაიჯანიდან იუნესკოს სიაში მოხვდა აზერბაიჯანული კულტურის 15 არამატერიალური ძეგლი, სომხეთის - 7, საქართველოს კი - 4"

არამატერიალური ნუსხის სხვა ნომინაციების შესახებ საქართველოს გასტრონომიული კულტურის მკვლევარს, ქალბატონ დალი ცატავას ვესაუბრეთ:

- არამატერიალური კულტურის ძეგლების ბოლო ნუსხამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრს აინტერესებს, მაგალითად, უწყვეტად მუშაობს თუ არა "ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციებისა და რიტუალების" ნომინაცია, მით უფრო, რომ ამის მაგალითები აღარ არის.

- ეს რიტუალი კვლავ ცოცხალია და არსებობს მესხეთში, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრგან ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციების შენარჩუნება ვერ მოხერხდა, მაგრამ მესხეთში ეს წესი არ კვდება. არადა, ფართოდ იყო გავრცელებული. თუნდაც ძნის შეკონვის დროს, შინ არავინ წავიდოდა, რომ არ დამსხდარიყვნენ და პურეული თუ საკუთარი შრომა არ დაელოცათ. არიან ორგანიზაციები და პირები, რომლებიც ამ ტრადიციის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. მსგავსი დამოკიდებულება რომ არ არსებობდეს, კიდევ ბევრ რამეს დავკარგავდით.

- ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია მეცნიერულად იქნეს გამოკვლეული ნომინაცია. ამდენად, ამ პროცესში უსათუოდ მეცნიერები უნდა მონაწილეობდნენ.

- არამატერიალური ძეგლების ნუსხის შესადგენად მართლაც მეცნიერები უნდა მუშაობდნენ და ამას ხელს არაფერი უშლის, გარდა იმისა, რომ ეს მატერიალურად აუნაზღაურებელი სამუშაოა, ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისათვის კი სწორედ მატერიალური სახსრებია აუცილებელი. სწორედ ამიტომ ამ ხალხის ენერგია უმეტესად მატერიალური სახსრების მოპოვებაზე იხარჯება. სამწუხაროდ, ასეა, თორემ იმდენად მრავალფეროვანი ქვეყანა გვაქვს, რომ ამ სფეროში ტოლი არ უნდა გვყავდეს. რაც შეეხება გურულ ღვეზელს ან ლობიანს, ორივე მართლაც აკმაყოფილებს არამატერიალური ძეგლის სტატუსის პირობებს. გურული ღვეზელის სახეობა კი, ცომში ჩადებული მოხარშული კვერცხი, ანტიკურ წყაროებშია მოხსენიებული, როგორც კოლხური კულინარია.A ასე რომ, ამ ნომინაციებს, თუ ვიმუშავებთ, წარმატება ნამდვილად ელის.

რაც შეეხება აპოხტის ხინკალს, მის პოპულარობაში XVII საუკუნეში სამცხე-ჯავახეთში მყოფმა კათოლიკე მისიონერებმა ითამაშეს დიდი როლი. თუმცა­ ამ ხინკლის შიგთავსი თუ ცომი ქართული­ კულინარიის ორგანული ნაწილია. აპოხტის ხინკალში ადრე ზამთარში გარეთ გამომშრალი ბატის ხორცი (შაშხი) იდებოდა, დღეს კი მასში გამომშრალ საქონლის ხორცსაც დებენ.

- აპოხტი ისედაც პოპულარული იყო. თქვენი აზრით, რას მოუტანს მას არამატერიალური ძეგლების სიაში შეტანა?

apoxti-1673793241.jpg

- უფრო მეტ პოპულარობას, ნებისმიერ რესტორანში მასზე მოთხოვნა გაიზ­რდება.

- კიდევ ერთი საინტერესო თემაა "ბატონების" არამატერიალურ ძეგლად ქცევა.

- ეს ჩემი თემა არა არის, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი თემაა. საუკუნეების განმავლობაში ამ კულტურას ხალხი იმიტომ ინარჩუნებდა და ინარჩუნებს, რომ დადებითი გავლენა შეამჩნია, კერძოდ, დაავადების უკან დახევაც.

იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის კონცეფცია გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შეიქმნა, ხოლო 2003 წელს იუნესკომ მიიღო. არამატერიალური ძეგლების ნუსხაში შეტანილია კაცობრიობის არაერთი სულიერი მონაპოვარი. მათ შორის კავკასიის რეგიონიდანაც. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიდან იუნესკოს სიაში მოხვდა აზერბაიჯანული კულტურის 15 არამატერიალური ძეგლი, სომხეთის - 7, საქართველოს კი - 4. აზერბაიჯანმა იუნესკოს სიაში შეიტანა: პურის ფქვილისაგან ლავაშის, კატირმის, ჟუპკისა და იუფკის ცხობა, ტოლმის მომზადებისა და ბროწეულის კრეფის წესი და ა.შ.

სომხეთმა: დუდუკი და მასზე მუსიკის­ შესრულების წესი, ლავაშის გამოცხობის წესი, წმინდა ფადეის მონასტერში მომლოცველობის წესი.

საქართველოდან იუნესკოს სიაშია: პოლიფონიური სიმღერა, ქვევრი, ანბანი და ჭიდაობა.