„ვაგნერი“ - „სისხლიანი ორკესტრის“ „მოხეტიალე მუსიკოსები“ - კვირის პალიტრა

„ვაგნერი“ - „სისხლიანი ორკესტრის“ „მოხეტიალე მუსიკოსები“

"მე, ისევე როგორც სხვა ბიზნესმენები, დავდიოდი პოლიგონებზე, სადაც კაზაკები იკრიბებოდნენ და დიდი მონდომებით ვაფრიალებდი ფულს, რათა შემექმნა ჯგუფი, რომელიც რუსების დასახმარებლად უკრაინაში წავიდოდა. თუმცა ძალიან მალე მივხვდი, რომ ამ კაზაკებსა და სხვა სამხედრო ამხანაგებს შორის ნახევარი თაღლითი იყო, ხოლო მეორე ნახევარი, რომელიც ფულს იღებდა და მოხალისეებს ქირაობდა, შემდეგ ფეხშიშველა გზავნიდა რეალურ სიკვდილზე".

ევგენი პრიგოჟინი, ბიზნესმენი, "ვაგნერის" ხელმძღვანელი

"ვისაც არ უნდა კერძო სამხედრო კომპანიაში პატიმრები ომობდნენ, ვინც ამ თემაზე ბევრს გვაკრიტიკებს, საკუთარი შვილები გაუშვით. ან კერძო სამხედრო კომპანია და ზეკები, ან თქვენი შვილები - გადაწყვიტეთ".

ევგენი პრიგოჟინი

ისინი საუკუნეების განმავლობაში არსებობდნენ სხვადასხვა სახელითა და მიზნით, მათ არასდროს აღიარებდნენ, თუმცა მათი მომსახურებით ყოველთვის სიამოვნებით სარგებლობდნენ. კერძო სამხედრო დაჯგუფებებს, ზოგიერთ შემთხვევაში, უკვე არმიებს, აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს. მეტიც, ბევრი სამხედრო ექსპერტი ფიქრობს, რომ მომავალი სწორედ მათ ეკუთვნის.ამჯერად მკითხველს გვინდა მოვუთხროთ რუსეთში ყველაზე გასაიდუმლოებული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შესახებ, რომლის სახელი უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო დიდსა თუ პატარას პირზე აკერია. განსაკუთრებით დღეს, როცა მსოფლიოში სისასტიკით ცნობილი "სისხლიანი­ მუსიკოსების" პირისპირ უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლი "ქართული ლეგიონი" აღმოჩნდა, ბრძოლის ველი კი ქალაქი ბახმუტია.

დღე პირველი, დღე უკანასკნელი

vagneri2-1673794182.jpg

2013 წლის სექტემბერში რუსეთიდან ლიბანში ბეირუთის პორტისკენ მიმავალ ერთ გემში 267 მოხალისე იმყოფებოდა, რომლებიც სირიაში ნავთობის საბადოების დასაცავად მიდიოდნენ. მათი კომპანიის სახელი, "სლავიანსკი კორპუსი" ჯერჯერობით არაფერს ამბობდა. გემზე მყოფებს შორის იყო ყოფილი სამხედრო დმიტრი უტკინიც, რომელსაც, ალბათ, ვერც წარმოედგინა, რომ სირიის მიწაზე ფეხის დადგმიდან მალევე სულ სხვა ისტორიის შემქმნელი გახდებოდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2013 წელს რუსულმა კომპანია Mორან შეცურიტყ Gროუპ-მა სირიის ნავთობისა და მინერალური რესუ­რსების სამინისტროსგან მიიღო შეთავაზება, დაეცვა ნავთობმომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი ფაბრიკები სირიაში.K კომპანიამ სარფიანი შეთავაზება სარისკოდ ჩათვალა და უარი თქვა. თუმცა არც კონტრაქტის დაკარგვა ისურვა და "მორან გრუპის" რამდენიმე მენეჯერმა ჰონკონგში ახალი კომპანია, "სლავიანსკი კორპუსი" დააარსა, სწორედ ახალმა კომპანიამ შეკრიბა 267 მოხალისე სირიაში გასამგზავრებლად. ბეირუთის პორტიდან ლატაკიაში (სირია) ჩასულებმა აღმოაჩინეს, რომ ის ობიექტები, რომლებიც უნდა დაეცვათ, ჯერ ჯიჰადისტებისგან უნდა გაეთავისუფლებინათ(?!). "სლავიანსკი კორპუსი" დეირ-ეზ­-ზორისკენ დაიძრა და ქალაქ ეშ-შოლაში­ გაჩერდნენ, რომელიც რამდენიმე დღით ადრე სამთავრობო ნაწილებმა გაათავისუფლეს.

28 სექტემბერს ფედაინები (დაქირავებული მოხალისეებისგან შემდგარი პოლიცია, რომელიც 1995 წელს ერაყში სადამ ჰუსეინის ვაჟმა შექმნა. სწორედ ფედაინებმა გაუწიეს სასტიკი წინააღმდეგობა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ერაყის კამპანიის დროს. ერთხანს კონსპირაციულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ, მოგვიანებით კი ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდნენ. ერთხანს სწორედ ფედაინები იყვნენ ხალიფატის წარმატების წყარო ერაყსა და სირიაში) კონტრშეტევაზე გადავიდნენ. "მსუბუქად შეიარაღებულ "სლავიანსკი­ კორპუსს" ისღა დარჩენოდა, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით ებრძოლა გადარჩენისთვის. მოწინააღმდეგის მოკავშირე მოულოდნელად ქვიშის ქარიშხალი აღმო­ჩნდა, რომელიც ჩასაფრებაში მოყოლილ მებრძოლებს დამარხვით ემუქრებოდა. როგორც მოგვიანებით თვითმხილველები იხს­ენებენ, დმიტრი უტკინმა, რომელიც 267 მოხალისეში ყველაზე კვალიფიციური იყო, "სლავიანსკი კორპუსი" ხელჩართულ ბრძოლაში გაიყოლა. გადარჩენილების ევაკუაცია რუსულმა­ მხარემ სწრაფად მოახდინა. ეშ-შოლის ბრძოლის შემდგომ მსოფლიომ ორი რამ შეიტყო: შეტაკების ადგილას ნაპოვნი საბუთებისა და პლანშეტის წყალობით ცნობილი გახდა, რომ სირიაში დაქირავებული რუსი მებრძოლები ომობდნენ; და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი - დმიტრი უტკინის საძახისი "ვაგნერი" იყო (ცნობილი კომპოზიტორის მუსიკის სიყვარულის გამო).

"სლავიანსკი კორპუსის" წევრები მოსკოვში ჩამოფრენისას პირდაპირ იზოლატორში მიაბრძანეს, კომპანიის ორი ხელმძღვანელი კი რამდენიმე წლით ციხეში გამოკეტეს (დაქირავებული სამხედრო დანაყოფის შექმნა რუსეთის კანონმდებლობით დღემდე აკრძალულია), დანარჩენები კი "აღმზრდელობითი გასაუბრების" შემდეგ გაუშვეს. მას შემდეგ "სლავიანსკი კორპუსი" არავის გახსენებია, როგორც აღმოჩნდა, ჯერჯერობით.

ებენ ბერლოუ და "მოხეტიალე მუსიკოსები"

კერძო სამხედრო კომპანიების სულისჩამდგმელი რუსეთში მსოფლიოში პირველი ლეგალური კერძო არმიის (Eხეცუტივე­ Oუტცომეს) დამაარსებელი ებენ ბერლოუ იყო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ 2000 წლიდან განიხილავდა კერძო­ არმიის შექმნის საკითხს, რომელიც საიდ­უმლო დავალებებს შეასრულებდა და ყოფილი სამხედროებით იქნებოდა დაკომპლექტებული. 2010 წელს ებენ ბერლოუ რუსეთში ჩავიდა და სამხედრო მაღალჩინოსნებისთვის დახურული პრეზენტაცია­ გამართა. თუმცა თავდაცვის უწყება არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას და ბერლოუს პროექტს მზის სინა­თლე შეიძლება კიდევ დიდხანს ვერ ეხილა, რომ არა 2014 წლის მაიდანი კიევში და კარგად ცნობილი საბაზრო ეკონომიკის ფორმულა - არის მოთხოვნა, არის პროდუქტი. "სლავიანსკი კორპუსის" ბაზაზე შეიქმნა კერძო სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი უტკინი, წარსულში რუსეთის სამხედრო დაზვერვის #2 ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადის #700 ცალკეული სპეცრაზმის მეთაური. მისი საძახისი სამხედრო დანაყოფის სახელწოდება გახდა - "ვაგნერი", კრასნოდარის მხარეში სოფელი მოლკინო კი "ვაგნერის" სამხედრო ბაზა (ცნობისთვის: მახლობლად არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმების მოსამზადებელი პოლიგონებიც).

თავიდან "ვაგნერის" პირველ დავალებად უკრაინის თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში "საშიშ" პირთა ლიკვიდაცია გამოცხადდა, რომელსაც თავს ადვილად ართმევდნენ - უკრაინაში 2015 წელს შეძენილი გამოცდილებით სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" მკვლელების ძლიერ ფორმირებად იქცა, რითაც ძალიან ამაყობდნენ. ვაგნერელები თავს "სისხლიან ორკესტრსაც" უწოდებდნენ. სწორედ უკრაინის 2015 წლის კამპანიიდან ჩნდება "ვაგნერის" სამხედრო ტექნიკაზე მუსიკალური ინსტრუმენტები. თუმცა ფართო საზოგადოებამ "ვაგნერის" არსებობაზე ჯერ კიდევ არაფერი იცოდა. 200-400-კაციანი არცთუ კარგად შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში დათარეშობდა, საზოგადოების ყურადღებას ნამდვილად არ იქცევდა - თვითგამოცხადებული რესპუბლიკები "ვაგნერისთვის" სახელის მოსახვეჭად ვერ გამოდგებოდნენ. 2016 წლიდან კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" სხვა სამიზნეები გამოუჩნდა. დაჯგუფების "მოხეტიალე მუსიკოსები" მალე რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გამოჩნდნენ და სწორედ აქედან იწყება "ვაგნერის" ის ისტორია, რომლითაც მსოფლიო მათ გაიცნობს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)