„ასე მგონია, ყველანი „სამყაროს დასასრულის“ სცენარის რეალური პერსონაჟები ვართ“ - კვირის პალიტრა

„ასე მგონია, ყველანი „სამყაროს დასასრულის“ სცენარის რეალური პერსონაჟები ვართ“

ირპენი, ბუჩა, მარიუპოლი, ხერსონი, ბახმუტი - ამ ქალაქების სახელები უკრაინის ისტორიაში­ სამუდამოდ დამკვიდრდება. ამჯერად რუსეთის ოპერატიული სამიზნე ბახმუტია, რომლის აღება პუტინმა თავის­ "მარჯვენა­ ხელს", ევგენი პრიგოჟინს მიანდო.­ რუსი ბიზნესმენის დაქირავებული­ სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" რამდენიმე კვირაა დონეცკის ოლქის ახლოს მარილის საბადოების ასაღებად იბრძვის. მოხალისე ვალერია­ ტიმჩენკო, რომელიც ბახმუტში­ უმძიმეს მდგომარეობაში დარჩენილთა დახმარებას ცდილობს, გვიყვება, თუ როგორ ცხოვრობს ქალაქის მოსახლეობა რუსული არტილერიის ცეცხლში:

- აქ ყველა მხრიდან ისმის სროლისა­ და დაბომბვების ხმა, თოვლი და მინუს 10 გრადუსამდე ყინვაა, მაგრამ რამდენიმე­ ადგილას ისევ ფრიალებს უკრაინული დროშა,­ რაც იმედს გვაძლევს და წასვლაზე არავინ­ ფიქრობს. პრიგოჟინის "ვაგნერელები" დივერსიულ ჯგუფებად იშლებიან და სხვადასხვა რაიონში ცდილობენ შეღწევას. მათ ჩვენი შეიარაღებული ძალები ფეხდაფეხ მიჰყვებიან. სამხედროები გვეხმარებიან. როგორც კი ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცემათ, ბავშვებიან ოჯახებში ტკბილეული და შეშა მიაქვთ. ქალაქში მოხუცებიც არიან, რომლებიც სახლებს არ ტოვებენ, მათ ძალ­იან სჭირდებათ დახმარება და გამხნევება...

მოხუცი ცოლ-ქმარი გავიცანი, რომელიც­ რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი ქალიშვილის საფლავს არ ტოვებს. ძველი შეშის ღუმელით თბებიან. საღამოობით ქმარს ნაშალი სახლებიდან მოაქვს შეშა, თუმცა სახურავიდან უბერავს და კვამლი მთელ სახლში იშლება. ქარის და ყინვის გამო სახლი სითბოს ვერ ინარჩუნებს, მაგრამ მაინც ჯიუტად უძლებენ. გვითხრეს, წყალი­ არა გვაქვს, მაგრამ ყინულს და თოვლს ვაგროვებთო. გვთხოვეს, სახიფათო ადგილებში ნუღარ ივლით, "ვაგნერელები" დადიან, დანაღმვას, დაზვერვას, შეტევაზე გადასვლას ცდილობენ, არავის ინდობენ, ეტყობა, ძალიან ჩქარობენ აქაურობის აღებას და იმედია, არ გამოუვათო.

- მოსახლეობა ქალაქს არ ტოვებს?

- ზოგი მიდის, ზოგი ევაკუირებულია. დარჩენილები ადმინისტრაციული ცენტრის გარშემო არიან შესახლებული. ამბობენ, ჩვენმა­ სამხედროებმა მოგვიტანეს შეშა და სურსათიო, თავად კი მათთვის მაგიდაზე ყუთში ჩაწყობილი კონსერვები ედოთ, მწნ­ილი, ჩაის პაკეტები, მურაბები, თბილი შარფები და ქუდები. ჩვენ მხოლოდ ჩაითა და პურით გავძლებთ, ბიჭებს კი მეტი საკვები სჭირდებათო. ცუდი ის არის, რომ ხალხს ხშირად ინფორმაცია არ აქვს, არ იციან, რა ხდება­ მათ გარშემო, რადგან არ არის დენი და ინტერნეტი.

რუსების დანაკარგი იმდენად დიდია, მიცვალებულებზე გად­ადიან. დაჭრილებს, რომელთა შველაც შეიძლებოდა, მაგრამ ტვირთად დააწვებოდათ, ქუჩაში ტოვებენ. არის ადგილები, სადაც შედარებით მსუბუქად დაჭრილები მიატოვეს, ევაკუციის გარეშე დარჩენილები კი გაიყინნენ. ზოგს იმის შიშით, რომ ტყვედ არ ჩაჰბარდნენ, ხოცავენ. როგორც ამბობენ, ეს ბრძანებაა! ყველაფრის ფასად ცდილობენ ბახმუტი-სოლედარის აღებას. კრასნა ჰორას დაკარგვა სოლედარისათვის, რომელიც ისედაც მძიმე­ მდგომარეობაშია, არ შეიძლება, ბახმუტისთვისაც, რადგან თუ მას აიღებენ, ამის შემდეგ შესაძლოა ქალაქზე იერიში ჩრდილოეთიდან დაიწყოს. ომი ყოველთვის საშინელებაა, მაგრამ ზამთარში, როდესაც ტემპერატურა მინუს 20 გრადუსზე ეცემა, პირველადი სასიცოცხლო პირობების გარეშე მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება. ჩამსხვრეულ ფანჯრებში ხალხმა ბრეზენტი და თბილი პლედები ააფარა სიცივის შესაკავებლად. სახიფათოა­ კიბე­ებით სარგებლობა, რადგან დაბომბილი შენობების სადარბაზოების უმეტესობა დანგრეულია. ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ სარდაფებსა და ბომბსაფრებს­ აფარებს თავს, მაგრამ რადგან რუსეთის არტილერია განურჩევლად ბომბავს ყველაფერს, ეშინიათ, რომ შესაძლოა შენობა დაინგრეს და სარდაფში მყოფებიც ქვეშ მოიყოლოს. თუმცა დიდი არჩევანი არ არის. ამიტომ იშვიათად, მხოლოდ პურისა და წყლის ასაღებად გამოდიან და ისევ უკან ბრუნდებიან.

- ითქვა, რომ ე.წ. ცალმხრივი ზავი რუსეთმა გადაჯგუფებისთვის გამოიყენა.

- ცეცხლი მხოლოდ რამდენიმე საათით შეწყდა და ამ დროის განმავლობაში გადაჯგუფდნენ. ითქვა, რომ ხერსონიდანაც კი წამოიყვანეს ძალები, რათა სოლედარზე იერიში გაორმაგებული ძალით მიეტანათ. ბახმუტი-სოლედარი მიწასთან არის გასწორებული. საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია. ქუჩები და სკვერები სავსეა ნანგრევებით, შუშის ნამსხვრევებით, ისევე როგორც საზოგადოებრივი დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები. მტერს უნდა მეორე მარიუპოლი მოაწყოს.მოძალადე რუსეთის სახე ბახმუტია. ჩემი ქვეყანა მსოფლიო ბოროტებას ებრძვის თავის მიწაზე. ერთი წელია ომი მიმდინარეობს, მთელი მსოფლიო ხედავს, რის ფასად უწევს წინააღმდეგობას უკრაინა მრავალრიცხოვან, არაადამიანურად სასტიკ მტერს, ამასობაში კი დასავლეთის ქვეყნები მძიმე ტექნიკის გადმოცემა-არგადმოცემაზე თბილ კაბინეტებში მსჯელობენ. ამ დროს უკრაინა სისხლს ღვრის, ყოველდღე ასობით ოჯახის ცხოვრება ინგრევა. აქ უამრავი ადამიანი იბრძვის, მათ შორის ქართველი ბიჭები, რომელთა ცხედრები ჯერ კიდევ რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მათი მეგობრები კი ბრძოლას განაგრძობენ. ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ მსოფლიო, ევროპა, როგორც ჩანს, საკმარისად არ არის გამოფხიზლებული, თორემ ასეთი შედეგი არ იქნებოდა.უკრაინაში ცეცხლი ანთია, ვიწვით, ვიხოცებით, მაგრამ მაინც ვუძლებთ, არ ვნებდებით, ვიბრძვით, წინ მივიწევთ, ოღონდ ნელა, რადგან საკმარისი შეიარაღება არა გვაქვს. ცა დაუცველია, ყველაზე სახიფათო ადგილებშიც კი გვაქვს გარღვევა, სადაც რუსული არტილერია ძლიერია. ბახმუტი და სოლედარი არ უნდა დაეცეს. მას უკრაინისთვის, მორალურთან ერთად, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს - ის ჩვენი ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის სიმბოლოა.

რამდენიმე დღის წინ სკოლის სარდაფში იმ დროს მივედით, როდესაც ბავშვები სპექტაკლს თამაშობდნენ განსატვირთად, თორემ ახლა თეატრისთვის ან გართობისთვის ვის სცალია. ერთმა მშობელმა მითხრა, ასე მგონია, ყველანი "სამყაროს დასასრულის" სცენარის რეალური პერსონაჟები ვართო. ზოგის სახლი ჯერ მთელია და როგორც კი ვითარება ოდნავ მიწყნარდება, მაშინვე გარბიან სანახავად, თან თბილი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები მოაქვთ. თუმცა ყოველთვის სხვადასხვა გზით მიდიან, რადგან ქუჩა შეიძლება აღებული ან დაბომბილი და ჩახერგილი დახვდეთ. ყოფილა შემთხვევა, ბომბსაფარში დასაბრუნებლად სხვა გზის გავლამ მოუწიათ, რადგან რამდენიმე საათის ან წუთის წინ თავისუფალი ქუჩა რუსულმა არტილერიამ გაანადგურა. მინახავს ხალხი, რომელთა გარშემო ჭურვები ცვიოდა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონიათ. თუმცა სადმე წასვლას აზრი არც აქვს, რადგან რუსული ჭურვები­ უკონტროლოდ ცვივა. ზუსტი­ დამიზნების ტექნიკა არა აქვთ და არც სჭირდებათ, მათთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა სად, რა მიმართულებით ისვრიან. ისინი სიკვდილზე არასდროს ლაპარაკობენ, მაგრამ ყველა მათგანი საშინელი ამბის მომსწრეა. მათ მეზობლებს, ახლობლებს, ნათესავებს, რომლებმაც სამშვიდობოს გასვლა სცადეს, რუსული არტილერია გზაშივე გაუსწორდა.

ერთმა 82 წლის მოხუცმა მითხრა, ქუჩის­ ძაღლებსა და კატებს ვერ დავტოვებ, სცივათ, შიათ და ჩემი იმედი აქვთო. ეს შეიძლება არანორმალურადაც კი მოგეჩვენოს ომში, სადაც უამრავმა ადამიანმა შინაური ცხოველები კი არა, ყველაფერი მიატოვა და თავს უშველა. მოხუცმა მითხრა, რამდენიმე კატა ჩვენმა სამხედროებმა მომიყვანეს, ამათ დაეხმარე, ეს ჩვენი დახმარებაც იქნებაო, მე კი მათ სიტყვას ვერ ვუღალატებო. ეს ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ ომი ხომ ყოველთვის საშინელ "სიუჟეტებს" ქმნის.

ლალი პაპასკირი