აფხაზეთში ახალი კლანური დაპირისპირება მწიფდება - კვირის პალიტრა

აფხაზეთში ახალი კლანური დაპირისპირება მწიფდება

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთდაპირისპირება შეწყდებოდა. მას შემდეგ, რაც აფხაზეთში გუდაუთის კლანის ხელმძღვანელს რაულ ბარცბას რამდენიმე საყრდენი გამოაცალეს, რეგიონში ვითარებაზე კონტროლი ისევ მერაბ ჯანგველაძის, იგივე, "მერაბ სუხუმსკის" კლანმა აიღო. "დროებით ზავს" ეთანხმება­ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი "კრიმინალური ავტორიტეტი" შაქრო კალაშოვი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სიჩუმე სახიფათო აღმოჩნდა რაულ ბარცბასთვის, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონზე, ბიზნესზე, ტურიზმზე, პოლიტიკურ და სასამართლო გადაწყვეტილებაზე კონტროლი მოიპოვა. როგორც ირკვევა, ბოლო თვეებში მისი გავლენა ძალიან შესუსტდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 2017 წლის შემდეგ პირველად "აფხაზეთში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების იმ ნაწილის დარბევა იგეგმება, რომლებიც ადგილობრივ მაღალ ქურდულ "არისტოკრატიას" წარმოადგენენ. ხელმძღვანელობა გეგმავს ძლიერი დარტყმა მიაყენოს რაულ ბარცბას, იმავე "პიზას", და სტანისლავ წიშბას, იმავე "პაკას". ხელმძღვანელობას მასზე გაბრაზების ძალიან ბევრი მიზეზი დაუგროვდა. ამიტომაც წინასაახალწლოდ ბჟანიამ "პიზა"-"პაკას" დაკავება გადაწყვიტა", - წერს აფხაზური მედია.

აფხაზების თქმით, მათი დუეტი ზღვარს გადავიდა. იმდენად გათავხედდნენ, როცა სამართალდამცავების მანქანა რომელიმე ქუჩას ჩაკეტავდა, ისინი გზას თავიანთი ჯიპებით ითავისუფლებდნენ. "პროკურორებს, მილიციის მაღალჩინოსნებს შინ იბარებდნენ. ბარცბა არც ახლა აპირებს სასამართლოში გამოცხადებას", - წერს ბლოგერი ირმა ჯოპუა. აფხაზების აზრით, "პიზა"-"პაკას" გავლენა და ავტორიტეტი უნდა შერყეულიყო, რადგან ისინი უკვე ხელმძღვანელობასა და რუსეთიდან ჩამოსულ მაღალი თანამდებობის პირებსაც კი თანაშემწეებად აღიქვამდნენ.

afxaz3-1673797255.jpg

"პარალელურად, სახიფათო თამაშებში­ ე.წ. კანონიერი ქურდების, დინრიდისა და დუკას გააქტიურება იგეგმება, რომლებიც მერაბ ჯანგველაძის კლანს წარმოადგენენ. 2019 წლის შემდეგ, რაც ბარცბას მარჯვენა ხელი და მოკავშირეები, ხასიკი და ასტიკი სოხუმის ცენტრში ჩაცხრილეს, უფრო ადრე მისი კიდევ ერთი მოკავშირე, იური პიჯაკა, იგივე იური ახალია გაანეიტრალეს. ეს ყველაფერი ბარცბასთვის გზავნილი იყო, რომ მისი ჯერიც დადგებოდა. მას უკვე აღარ შეუძლია მერაბ ჯანგველაძის გავლენიანი კლანისთვის წინააღმდეგობის გაწევა", - წერს სამოქალაქო აქტივისტი იაგო დბარი.

რეგიონის ყველა ხელმძღვანელი პირი, ასევე ოპოზიციური ძალების მეთაურები, მცირე გამონაკლისის გარდა, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ბარცბასთან ვალში იყვნენ, რადგან უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში საქმეში სწორედ ბარცბა და მისი მოკავშირეები ერთვებოდნენ. ეს ეხება ასლან ბჟანიას გუნდსაც, რომელსაც ეს არც ისე შორეული წარსული უხერხულობას უქმნის და ტვირთისგან გათავისუფლებას ცდილობს. კრიმინალური კლანები მხარეებს გარიგებას სთავაზობდნენ, ცხადია, სარგებლის სანაცვლოდ, პოლიტიკოსები კი მათ პირობებს თანხმდებოდნენ, რათა "სისხლი არ დაღვრილიყო". ამან გამოიწვია ის, რომ ბიზნესსფეროს რეგიონში კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ. მათ საბიუჯეტო სახსრებზეც მიუწვდებოდათ ხელი, რომ არაფერი ვთქვათ ტურიზმზე, ციტრუსისა და თხილის ექსპორტზე, რომელიც სეზონური, მაგრამ შემოსავლიანი საქმეა.

afxaz2-1673797255.jpg

ასლან ბჟანიასა და ინალ არძინბას გუნდი, ალექსანდრე ანქვაბისგან განსხვავებით, კრიმინალებთან შედარებით ხისტი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, რასაც მოსახლეობა რუსეთის დაკვეთით ხსნის. რადგან ბოლო ხანებში "აფხაზი კრიმინალები აფხაზეთში შემოსული ინვესტიციებით აშკარად დაინტერესდნენ და მადაც ეზრდებოდათ", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში და დასძენენ, რომ კრიმინალების ყველა სფეროში აქტიურობა ხელმძღვანელობის ბრალია. ისინი ე.წ. კანონიერ ქურდებს სასათბურე პირობებს უქმნიდნენ, რადგან ბევრ რამეს მათი დახმარებით აკეთებდნენ და ამ საქმეში ყველაზე "სტაჟიან" პერსონად ალექსანდრე ანქვაბს მიიჩნევენ. "რკინის ალიკა" მათ ყოველთვის უწევდა ანგარიშს და პოლიტიკაში მისი შემოყვანაც მათი დამსახურებაა.

მოსახლეობა პოლიტიკიდან იმ პირების გარიდებას მოითხოვს, რომლებიც კრიმინალების მხარდაჭერით სარგებლობენ. ბოლო დროს ოპოზიციურმა ძალებმა იერიში მიიტანეს ალექსანდრე ანქვაბზე, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს", - წერს ირინა ტუღუში.

აფხაზი ოპოზიცია აფხაზეთის ე.წ. პრემიერს "პროქართული პოლიტიკის გატარებაში" ადანაშაულებს - 70 წლის პრემიერის წინააღმდეგ, რომელიც იუბილესთან დაკავშირებით პირველი ხარისხის ეროვნული ორდენით დააჯილდოეს, იმავდროულად, სკანდალური კამპანია წამოიწყეს - მას "აფხაზეთის ომის დროს ქართული მხარისთვის იარაღის მიწოდებაში" ადანაშაულებენ და ამ საქმის გამოძიებას ითხოვენ. "არუას" თქმით, ანქვაბი ომამდე, ომის დროს და შემდეგაც საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, რამაც "აფხაზეთის ინტერესები მნიშვნელოვნად დააზიანა".

ანქვაბი, რომელიც თითქმის ოცდაათი წელია პოლიტიკაში წამყვან პოზიციაზეა, დიდი ქონების პატრონი გახდა, რაც კრიმინალებთან ახლო ურთიერთობითაც აიხსნება.

"რთული კომბინაციებით თამაშის მოყვარული ანქვაბი კრიმინალურ კლანებს შორის დაპირისპირებას მარტივად აგვარებდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. კანონიერი ქურდების პროქართულ კლანთან... სინამდვილეში ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს - ხელმძღვანელობა ცდილობს რუსეთს თავისი ერთგულება დაუმტკიცოს, ამისთვის კი რამდენიმე საქმის მოგვარება მოუწევს, მათ შორის კრიმინალების განეიტრალება, რათა რუს ინვესტორებს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა მისცეს და მზად არის ცალკე კლანად ჩამოყალიბებული ანქვაბიც გადააყოლოს. თუმცა ანქვაბი ასე ადვილად მოსაშორებელი არ არის", - წერს ირაკლი ხუბუა.