„ექიმები ახალ ვირუსზე საუბარს ერიდებიან, მაშინვე თემას ცვლიან“ - კვირის პალიტრა

„ექიმები ახალ ვირუსზე საუბარს ერიდებიან, მაშინვე თემას ცვლიან“

ჩინეთი ისევ აღმოჩნდა მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტების კრიტიკის საგანი - ისინი რამდენიმე კვირაა ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა მდგომარეობაა სინამდვილეში ქვეყანაში, რათა მსოფლიოში "კოვიდ-19"-ის მსგავსი შედეგის აცილება შეძლონ, ჩინეთის ხელისუფლება კი კორონავირუსის "დამარცხებაზე" საუბრობს. მკაცრად გაფილტრული ინფორმაციის მიუხედავად, მაინც ირკვევა, რომ ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის ახალი XBB.1.5 ვარიანტი გავრცელდა, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს. ჯანმოს ცნობით, მსგავსი ვირუსი უკვე 29 ქვეყანაშია დაფიქსირებული და სწრაფად ვრცელდება.

სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩუნცინში მცხოვრები ქართველი გოგონა, ევა ფრიდმანი ამბობს, რომ ახალი ვირუსი უამრავ ადამიანს დაუფიქსირდა, მაგრამ რამდენიმეწლიანი შეზღუდვებით შეწუხებული ჩინელები არ აპირებენ ახალ აკრძალვებთან შეგუებას.

- აქ კარანტინის გაგონება არავის უნდა, ეშინიათ, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ახალი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში "კოვიდის" დროს გაკეთებული აცრები მდგომარეობას შეუმსუბუქებთ. ზოგიერთი ცდილობს ხალხმრავლობას მოერიდოს, მაგრამ აქ ოცდაათ მილიონზე მეტი კაცი ცხოვრობს და როგორ შეიძლება აქ ვინმეს მოერიდო. არადა, ექიმები ამბობენ, ახალი ვირუსი შესაძლოა შAღშ-ის ახალი ფორმა იყოს, რომელსაც მუტაციაც ახასიათებს. სამწლიანი პანდემიის დროს ჩინეთში რამდენიმე მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ხალხი ამბობს, რომ მაშინ მიღებულ სტრესს ახლაც ებრძვიან და კიდევ ერთ შეზღუდვას ფსიქიკურად ვერ გადაიტანენ. ექიმები ახალ ვირუსზე საუბარს ერიდებიან, მაშინვე თემას ცვლიან, "კოვიდის" დროს ჩვენს მედიცინას ძალიან კარგი წარმატება ჰქონდა და დასავლეთის პროპაგანდას ნუ უსმენთო.

- ინტერნეტში ვრცელდება ჩინეთის სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეოფირები.

- საავადმყოფოები გადატვირთულია. რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც ვირუსის შედარებით მსუბუქი ფორმა აქვთ, პირდაპირ დერეფნებში მკურნალობენ. სამწლიანი პანდემიის დროს ბევრმა დაკარგა ოჯახის წევრი და ახლა შიშობენ, რომ იგივე განმეორდება, მაგრამ ხელმძღვანელობის წნეხთან გამკლავებაც არ არის ადვილი. შესაძლოა დასავლური იდეების გამტარებლად მიგიჩნიონ და თავისუფლებას დიდი ხნით დაემშვიდობო. ბევრი ცდილობს აქაურობას გაერიდოს და დროებით სხვა ქვეყანაში წავიდეს, მაგრამ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე დააწესა რეგულაციები და ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს თვითმფრინავში ასვლამდე "კოვიდ-19"-ის ტესტზე უარყოფით პასუხს სთხოვენ. ეს მათ აფრთხობს, რადგან თავიანთ ქვეყანაში უწევთ ტესტის აღება, რაც ეჭვსა და კითხვებს აჩენს.

- თქვენს ქალაქში ახალი ვირუსის გავრცელების სტატისტიკა არ ქვეყნდება?

- არა. მედიკოსები ამბობენ, რომ მითითება არა აქვთ. ჩინელებს ემოციის გამოხატვა არ სჩვევიათ, მაგრამ ახლა დაძაბულობა ეტყობათ. ბევრს სჯერა, რომ ახალი ვირუსის პირველი ტალღა დაწყებულია, რომელიც შესაძლოა ძალიან მალე უკონტროლო გახდეს. იანვრის მიწურულს ჩინეთში ახალი წლის დღესასწაული იწყება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და მთელ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი ახალი წლის აღსანიშნავად სხვადასხვა ქალაქსა და პროვინციაში მიემგზავრება ოჯახებით, მეგობრებით. 8 იანვარს ჩინეთმა სამწლიანი პაუზის შემდეგ საზღვრები გახსნა და ქვეყანაში მილიონობით ტურისტს ელოდებიან. თუ ახალი ტალღის არსებობა აღიარეს, სადღესასწაულო ღონისძიებები ჩავარდება, რაც მოსახლეობის ერთ ნაწილსა და ხელმძღვანელობას არ აწყობთ.ამიტომ საპროტესტო აქციები გამართეს, მცირე პროტესტი იყო ჩუნცინშიც. სხვაგან უფრო მწვავე აქციები გაიმართა, თუმცა ხელისუფლება მშვიდად შეხვდა, მეტიც, პანდემიის დროიდან შემორჩენილი რეგულაციები შეამსუბუქა. ამასთან, ინფიცირებულებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში შინ იმკურნალონ, შეუძლიათ სამსახურშიც იარონ, თანაც ტესტის გარეშე.

ზოგი იხსენებს, რომ სამი წლის წინ სწორედ ახალი წლის დღესასწაულების ჩატარების გამო დამალეს ქვეყანაში ვირუსის არსებობა, რომლის მძიმე შედეგიც არა მარტო ჩინეთმა, არამედ მთელმა მსოფლიომ იწვნია.

- რა სიმპტომები აქვს ახალ ვირუსს?

- ХВВ.1.5-ის პირველი სიმპტომებია სურდო, მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი. ექიმების უმეტესობა მედიასთან ირწმუნება, რომ შემთხვევათა 95 პროცენტი მსუბუქად მიმდინარეობს. თუმცა არის გართულების შემთხვევებიც, რა დროსაც პაციენტები ზურგისა და სუნთქვის დროს ფილტვის ტკივილს გრძნობენ. ასევე, ახასიათებს თავბრუსხვევა, თვალების წვა, ძლიერი თავის ტკივილი. ინფიცირებულს ხან ერთი ნახევარსფერო სტკივა, ხან - მეორე, შემდეგ კი ტკივილი კეფასა და შუბლზე ნაწილდება. ახლავს სმენის დაქვეითებაც, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი... უფრო რთულ ფორმებში სუნთქვის გაძნელება.

მე დეკემბრის ბოლოს გავცივდი. მაღალი სიცხეები და კუნთების ტკივილი მქონდა, თუმცა ექიმმა მითხრა, რომ ჯობდა შინ მემკურნალა, რადგან საავადმყოფოში უამრავი ინფიცირებული იწვა და შესაძლოა მდგომარეობა დამმძიმებოდა. ეს საპორტო ქალაქია, აქ ვსწავლობ და ვმუშაობ, საათობრივი ანაზღაურება მაქვს, ამიტომ მხოლოდ სამი დღე დავრჩი შინ. დრო იმდენად ზუსტად მაქვს განაწილებული, რომ სწავლაც და მუშაობაც მოვასწრო, ენასაც ვსწავლობ, რაც ძალიან რთულია. ასე რომ, რამდენიმე დღე ისე გადის, ახალი ინფორმაციის გაგება კი არა, ოჯახის წევრებთან დალაპარაკების დროც არა მაქვს. ამიტომ ახალი ვირუსის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ქალაქში სპეციფიკური სუნისა და სხვა ფაქტორების გამო აქ ბევრი პირბადით დადის, განსაკუთრებით, "კოვიდის" შემდეგ. ამიტომ უჩვეულო არაფერი შემინიშნავს, სანამ თავად არ ვიწვნიე.

კიდევ ერთი ვერსიით, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ საერთო სისუსტით ხასიათდება, რაც შემდეგ სხვადასხვა ორგანოს მუშაობაზე აისახება. რამდენიმე ექიმი მას "ომიკრონისა" და "დელტას" ნაჯვარსაც უწოდებს, რაც დროული გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობა და მას დამორჩილებული ჯანდაცვის სამინისტრო ხალხს მოუწოდებს პანიკას არ აჰყვნენ. ჩინეთში ძლიერი სამედიცინო სისტემაა და მიაჩნიათ, რომ ახალ ვირუსს გაუმკლავდებიან, მით უფრო, რომ მოსახლეობას იმუნიტეტი აქვს - 90%-ზე მეტი აცრილია. არადა, აცრები შარშან გაიკეთეს, შესაძლოა აცრების ახალი ეტაპი დაიწყოს.

არ არსებობს დაღუპულთა სტატისტიკაც, მაგრამ არსებული ცნობით, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. დაღუპულებს, ახალი ვირუსის პარალელურად, უმეტეს შემთხვევაში თირკმლების უკმარისობა და თრომბოზი ჰქონდათ. შეშინებული არიან მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონეები, მით უმეტეს, ხედავენ, რაც ახლა სამედიცინო დაწესებულებებში ხდება.