ამბები, რომელიც გულს გითბობს - კვირის პალიტრა

ამბები, რომელიც გულს გითბობს

"მე ძალიან გამიმართლა, რადგან ისეთ ადამიანებთან ვმეგობრობდი, რომლებსაც სიყვარულის ნიჭიც და იუმორის გრძნობაც მოჭარბებული ჰქონდათ", - გვითხრა მუსიკოსმა ნუგზარ კვაშალმა და რამდენიმე საინტერესო ამბავი გვიამბო.

"უცნობი" თემურ წიკლაური

- ჩემი მეგობარი თემურ წიკლაური ანსამბლ "ივერიის" მშვენება იყო. მართალია, თემური ისე ენაკვიმატი არ იყო, როგორც თუნდაც ვახტანგ ტატიშვილი, მაგრამ კარგ ხუმრობაზე გულიანად ხარხარებდა. ვახოს "იუმორის მეფე" დავარქვით, სცენაზეც და კულისებშიც რაღაც ისეთს იტყოდა ან გააკეთებდა, რომ სიცილს ვერ ვიკავებდით. ჩვენც მხარს ვუბამდით, მაგრამ ყველაზე გემრიელად თემურ წიკლაური იცინოდა ხოლმე, რაღაცნაირი, გადამდები სიცილი იცოდა. თემურს ერთი პატარა ნაკლი ჰქონდა: ზოგჯერ სიმღერის ტექსტი ავიწყდებოდა, ამიტომ კონცერტის დაწყებამდე ტექსტს დიდი ასოებით დაწერდა და ფურცელს წებოვანი ლენტით სცენაზე დააწებებდა. მე მივეპარებოდი და ტექსტს ვამახინჯებდი: ან ასოებს გადავაკეთებდი, ან სიტყვებს შევცვლიდი... ჩვენი თემური იმდენად ნიჭიერი იყო, რომ არ იბნეოდა და სცენაზე არაფერს იმჩნევდა, მაგრამ მერე მსაყვედურობდა, ეს რა ქენი, რა დღეში ჩამაგდეო! არ მახსოვს, ამის გამო რაიმე საწყენი ეთქვას, ან გვეკამათოს.

თემური მთელ საქართველოს უყვარდა, მაგრამ მანდილოსნებს შორის განსაკუთრებით პოპულარული იყო. ამის გამო ხშირად ვეხუმრებოდით. მაგალითად, "თოვლის ბებოს ზღაპარი" რომ გადიოდა, ფილარმონიაში მიყოლებით ასამდე კონცერტი გავმართეთ. ერთ ქალს ადგილი ასივე კონცერტზე წინასწარ ჰქონდა დაჯავშნილი. კონცერტის დასრულებისთანავე თაყვანისმცემლები სცენაზე ამოდიოდნენ და ყველაზე მეტ ყვავილს მას ჩუქნიდნენ, ლექსებს უწერდნენ და მადლობის წერილებს სწერდნენ. ისიც ყველას დიდი პატივისცემით და სიყვარულით ეკიდებოდა. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: კომუნისტების დრო იყო, ზუგდიდში კონცერტი გვქონდა, თემური ნასვამი იყო და მის ნაცვლად საჭესთან მე დავჯექი, თვითონ გვერდით მომიჯდა, ხოლო უკან მისი მეუღლე - ლილი ზღვაური იჯდა. გზაში ძილი მოერია, მუხლზე თავი დამადო და ჩაეძინა. ისე ტკბილად ეძინა, ვერ გავაღვიძე და მთელი გზა ისე გამოვიარეთ, არ გაუგია. უკვე მცხეთაში ვიყავით, როცა დიდი რეიდი დაგვხვდა. ყველას ამოწმებდნენ, ჩვენ კი მანქანის სალონში ორი ბოცა ღვინო გვედგა. ავტოინსპექტორმა ფანჯარაში რომ შემოიხედა, ძალიან გვისაყვედურა, რადგან მანქანაში საშინელი ღვინის სუნი იდგა. ამ დროს მძინარე თემურ წიკლაური დაინახა, მოულოდნელად, ტუჩებზე ხელი მიიდო, კოცნა გამოგვიგზავნა და გვითხრა, ბიჭებო, ფრთხილად იარეთ, თავს რამე არ დაუშავოთო. აი, ასე უყვარდა ხალხს ეს უნიკალური მომღერალი.

კაცი, რომელსაც დიდი სიყვარული შეეძლო

- მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან მამუკა ონაშვილიც. ეს იყო კაცი, რომელსაც დიდი გული ჰქონდა და ეს გული სიყვარულით ჰქონდა სავსე. ახალგაზრდობაში, ჯარიდან რომ ჩამოვიდა, მამუკა ძალიან გამხდარი იყო - იმდენად გამხდარი, რომ მამამისი წუხდა, რამე არ სჭირდესო. წონა ასაკთან ერთად მოემატა, გამხდარი მეც არ ვყოფილვარ, ამიტომ მასთან სიარული მიყვარდა - მის ფონზე გამხდარი ვჩანდი და ამის გამო ხშირად ვხუმრობდით. ერთხელ აბანოში წასვლა გადავწყვიტეთ. ჩვენი მექისე გვყავდა, რომელიც იმ დღეს არ დაგვხვდა. ვიღაც სხვა იყო, თითოეულ კლიენტს 15 ლარს ახდევინებდა. რომ დაგვინახა, მე 130-კილოგრამიანი ვიყავი, ხოლო მამუკა, სულ ცოტა, 200, 30-30 ლარი მოგვთხოვა - უფრო იაფად ვერც ერთს ვერ მოვემსახურებიო.

რამაზი, ეროსი და "ტანგო"

chig2-1673799376.jpg

- ძალიან ახლოს ვიყავი ეროსი მანჯგალაძესა და რამაზ ჩხიკვაძესთან - ამ ორ დიდ მსახიობთან. ეროსის პატარა ძაღლი ჰყავდა, "ტანგო", მე ვაჩუქე. ეროსის ისე უყვარდა, საკუთარ თავსაც ერჩივნა. რამაზ ჩხიკვაძე ჰყვებოდა, ხომ მეგობრები ვართ, ღამის სამ საათზე რომ მივადგე, ნაბახუსევზე ვიყო, ვკვდებოდე და დასალევად გაყოლა ვთხოვო, ადგილიდან არ დაიძვრება, აი, "ტანგოს" რომ მოუნდეს გასეირნება, მაშინვე წამოხტება და სასეირნოდ წაიყვანსო. რამაზ ჩხიკვაძე არა მარტო უნიჭიერესი მსახიობი, უნიკალური გამხმოვანებელიც იყო. ერთ მშვენიერ დღეს რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი ერთად მესტუმრნენ. კარგად მოვილხინეთ და გადავწყვიტეთ, გვეხუმრა: რამაზ ჩხიკვაძეს მიკროფონი მივაწოდე და ვუთხარი, "ვრემია" გაახმოვანე-მეთქი. "ვრემია" იმდროინდელი საინფორმაციო პროგრამა იყო, რომელსაც მოსკოვიდან გადმოსცემდნენ და მთელი საბჭოთა კავშირი უსმენდა. რამაზმა ქართულად ისე გაახმოვანა, რომ სიცილს ვერ ვიკავებდით. კარგი იქნებოდა, ის ჩანაწერი მქონდეს, მაგრამ ვერ შევინახე, რადგან ამის გამო შეიძლება დავეჭირეთ და ციხეში ჩავესვით - მაშინ ასეთი დრო იყო.

ასეთი ხალხი საქართველოს არ უნდა დაავიწყდეს

chig3-1673799376.jpg

- როცა საშუალება მაქვს, ყოველთვის ვყვები რეზო ლაღიძის ამბავს, რომელსაც შარშანწინ 100 წელი შეუსრულდა, მაგრამ ეს თარიღი არავის გახსენებია: კომუნისტები გამორჩეულ ხელოვანებს ბინას ჩუქნიდნენ. რევაზ ლაღიძესაც სამოთახიანი ბინა შესთავაზეს. მე ბინა უკვე მაქვს, მაგრამ ერთი მეგობარი­ მყავს, გოგი ცაბაძე, ძალიან კარგი კომპოზიტორია, ორი ბიჭის მამაა,­ ეს ბინა მას უფრო სჭირდება და გოგის მიეცითო,­ ასე უპასუხა. გავიდა ხანი და ანალოგიური ამბავი შეემთხვა გოგი ცაბაძესაც: მას მანქანას ჩუქნიდნენ, მაგრამ ბუბა კიკაბიძეს დაუთმო - ახალგაზრდა,­ ნიჭიერი მომღერალია და ძალიან გთხოვთ, იმას მისცეთო. ძალიან ბევრი ასეთი ამბის გახსენება შემიძლია, რომელიც გულს გითბობს და გახსენებს, რომ ადამიანი ხარ. მართლა საოცარი თაობა იყო - თაობა, რომელიც სიყვარულის და სიკეთის კარნახით ცხოვრობდა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ახლა ვინმეს რომ უთხრან, ბინა და მანქანა უნდა გაჩუქოთო, ალბათ, ყველა თავისთვის დაიტოვებს. ყველაზე სამწუხარო კი, იცით, რა არის? - ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა არ იცის, ვინ იყვნენ რევაზ ლაღიძე, გოგი ცაბაძე, ეროსი, რამაზ ჩხიკვაძე და სხვები... თუმცა რა გასაკვირია, როცა დავით აღმაშენებლის და ვახტანგ გორგასლის ვინაობა არ იციან? თუ ვინმე შემეკამათება, ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც ანეკდოტივით გავრცელდა: უნიკალურ მუსიკოსს და ლოტბარს იოსებ კეჭაყმაძეს ერთმა ახალბედა ჟურნალისტმა სთხოვა, ზაქარია ფალიაშვილის მობილურის ნომერს ხომ ვერ ჩამაწერინებთო...(!) მგონი, საქართველოს ღირსეულ შვილებს ახალგაზრდა თაობა აუცილებლად უნდა იცნობდეს. რთულ დროში ვცხოვრობთ და დღეს უფრო საჭიროა მათი გახსენება. ასეთი ხალხი საქართველოს არ უნდა დაავიწყდეს, რადგან წარსულის დავიწყებას კარგი არაფერი მოაქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე