ფილიპ სპრინგერი: „მიხარია, რომ ასე შორს ამერიკიდან საქართველოში იციან და იცნობენ ჩემს სიმღერებს“ - კვირის პალიტრა

ფილიპ სპრინგერი: „მიხარია, რომ ასე შორს ამერიკიდან საქართველოში იციან და იცნობენ ჩემს სიმღერებს“

70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა დამწყებმა კომპოზიტორმა ფილიპ სპრინგერმა საახალწლო ჰიტი "სანტა ბეიბი" დაწერა. სიმღერამ დროს და სხვადასხვა გემოვნების მსმენელს გაუძლო. ის დღესაც ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. მუსიკა მომღერალ ერტა კიტისთვის შეიქმნა, თუმცა წლების განმავლობაში "სანტა ბეიბი" შეასრულეს მადონამ, რობი უილიამსმა, კეილი მინოუგმა, ალიშა კისიმ და სხვებმა. ჰოლივუდის ფილმებისა და ბროდვეის მიუზიკლების ფავორიტი კომპოზიტორი ახლა 96 წლისაა და კალიფორნიაში ცხოვრობს. წლების განმავლობაში მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ერთის გარდა - ეს არის მუსიკის სიყვარული. დღესაც 96 წლის ფილიპ სპრინგერი ყოველდღიურად წერს მუსიკას. მისი შემოქმედება 540 ნაწარმოებს ითვლის. პირველ კლასში იყო, როდესაც მუსიკის მასწავლებელმა შენიშნა ბიჭის მუსიკალური ნიჭი და სასკოლო წარმოდგენებში ჩართო. "ის ჩემი ცხოვრების ანგელოზია", - იხსენებს ამერიკელი კომპოზიტორი პირველ მასწავლებელს. როგორ დაიწერა საახალწლო ჰიტი, რა თავგადასავალი გადახდა ფილიპ სპრინგერს ვივიენ ლისთან ერთად და ვინ არის მისი მუზა, ამ კითხვებზე ლოს-ანჯელესიდან თავად ამერიკელი კომპოზიტორი ფილიპ სპრინგერი­ მოგითხრობთ:

- თქვენმა ჰიტმა 70 წლის შემდეგაც არ დაკარგა პოპულარობა. დაახლოებით 20 წლის იყავით, როდესაც ლეგენდარული "სანტა ბეიბი" ერტა კიტისთვის დაწერეთ.

- არც ვიცი, არის კი ლეგენდარული? ეს იყო უმარტივესი მუსიკა, არც მეგონა, ამხელა პოპულარობას თუ მომიტანდა. მარტივი, სრულყოფილი და სასაცილოა, ამიტომაც არის, ალბათ, ლეგენდარული. არც მიოცნებია, რომ პროდიუსერებს მოეწონებოდათ. რამდენიმე თვის შემდეგ რომ დამირეკეს და მითხრეს, ფილ, იცი, შენი სიმღერა ჰიტად იქცაო, გაოცებისგან კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი.

- საქართველოში "სანტა ბეიბის" გარდა, ფრენ სინატრას "How Little it Matters, How Little We Know"-ც უყვართ, რადიოში ხშირად ისმის ეს სიმღერა.

- მე და ჩემი პარტნიორი, ტექსტის ავტორი ქეროლაინ ლეინი, 1956 წლის პარასკევ საღამოს შევხვდით ერთმანეთს ამ მუსიკაზე სამუშაოდ და იმ დღესვე დავასრულეთ, მე არ მომწონდა ტექსტის ერთ მონაკვეთზე მუსიკა: „What touches off that tingle, That sudden explosion, When two tingles intermingle“, მაგრამ ქეროლაინს არ ვუთხარი, არ მინდოდა მისთვის ტექსტზე მუშაობის მოტივაცია დამეკარგა. ორი დღის შემდეგ ისევ უნდა შევხვედროდი, კვირა ღამით. მანამდე კონცერტზე მომიწია წასვლამ და რაღაცამ მიბიძგა, რომ ეს ნაწილი ისეთივე დამეტოვებინა, როგორიც იყო და მართლაც ძალიან მოუხდა ამ სიტყვებს მუსიკის ის მონაკვეთი. ხალხს ყველაზე მეტად სიმღერის სწორედ ეს ნაწილი მოსწონს. სინატრასაც მოსწონდა.

wifu2-1673800530.jpg

- რა რეაქცია ჰქონდა ფრენკ სინატრას, როდესაც ეს მელოდია მოისმინა?

- ძალიან მოეწონა. იმდენად შეუყვარდა, რომ როდესაც ალბომი "სინატრა-სინატრა" გამოუშვა, მის ფავორიტი 8 სიმღერას შორის ჩემი სიმღერაც იყო. ეს არის დასტური იმისა, რომ სინატრას ძალიან უყვარდა ჩემი მუსიკა.

- 1963 წელს ბროდვეის თეატრში დაიდგა მიუზიკლი Tovarich დეივიდ შოუს პიესის მიხედვით. ეს იყო ინგლისელი მსახიობის, მსოფლიო კინოსა და თეატრის ვარსკვლავის, ვივიენ ლის ბოლო გამოჩენა თეატრის სცენაზე. თქვენ მაშინ ვივიენ ლისთან ერთად იმუშავეთ.

- მე და სიმღერის ტექსტის ავტორმა ერთად ვიმუშავეთ. ჩემი სიმღერით უნდა გახსნილიყო მიუზიკლი. როდესაც დავწერე მუსიკა, დადგა ჯერი, რომ ვივიენ ლისთვის წარედგინათ და ესწავლებინათ ეს სიმღერა, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფიდან ყველამ უარი განაცხადა. მაშინ მე მთხოვეს შევხვედროდი ვივიენს და მესწავლებინა. დადგა ჩვენი შეხვედრის დღე და გავოგნდი, როდესაც ხმა ამოიღო, ასეთ ნაზ, ნატიფი გარეგნობის ქალს, მეგონა, ქალური ტემბრი ექნებოდა, მას კი ტენორის ხმა ჰქონდა. გავოცდი, არასდროს გამეგო ვივიენ ლის ნამღერი. სულ არ მომწონს შენი სიმღერაო, გამომიცხადა. არ დავბნეულვარ, რას ვიზამთ, აქ იმისთვის ვარ, რომ გასწავლო-მეთქი, ვუპასუხე. ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება, მაგრამ მაშინ დიდად სახარბიელოდ არ ჩაიარა შეხვედრამ, თუმცა მაინც ვასწავლე ვივიენს ჩემი სიმღერა. ეს იყო ბოსტონში.

მიუზიკლი იყო ორ დიდგვაროვან რუსზე, რომლებმაც რევოლუციის დროს დატოვეს რუსეთი და საფრანგეთში დაიწყეს მსახურებად მუშაობა. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ვივიენ ლის მხოლოდ უნდა ეცეკვა, მაგრამ შემდეგ იმღერა.

wifu3-1673800530.jpg

- როდესაც იხსენებთ განვლილ ცხოვრებას, ყველაზე ხშირად რა გახსენდებათ?

- გააჩნია, რამდენად შორ წარსულზე მეკითხებით. 18 წლის ვიყავი, როდესაც ჯარში წავედი, გერმანიაში სატვირთო მანქანის მძღოლად ვმუშაობდი. ჩემმა ჯარის კოლეგებმა რომ შენიშნეს, დაკვრა და სიმღერა შემეძლო, იმდენად გაუხარდათ, რომ მთხოვდნენ ხოლმე, მთელი ღამე დაუკარი და ჩვენ გავინაწილებთ მორიგეობასო. მაგარ დროს ვატარებდით, იმის მიუხედავად, რომ ომი იყო, დღეებს და ღამეებს ჩემი დაკვრით ვიხალისებდით. იმდენად გავითქვი სახელი ჯარში, რომ მუსიკალური წარმოდგენების ხელმძღვანელად ამირჩიეს.

- როდესაც შთაგონებაზე ვსაუბრობთ, ვინ გახსენდებათ?

- ზოგჯერ მსახიობი გამხდარა ჩემთვის შთაგონება. მუსიკის შექმნის პროცესი იმდენად საოცარი წუთებია, რომ შეუძლებელია ახსნა რა ან ვინ შთაგაგონებს. ბრამსი ამ პროცესს ღმერთს ეძახდა და მეც ვეთანხმები. როდესაც სიყვარულზე ვსაუბრობთ, ჩემი მეუღლე ჯუდითი მახსენდება. 63 წელი ვიცხოვრეთ ერთად.

- რას უსურვებდით თქვენს ქართველ მსმენელს?

- მიხარია, რომ ასე შორს ამერიკიდან საქართველოში იციან და იცნობენ ჩემს სიმღერებს. ბედნიერებას ვუსურვებ ქართველებს!