რატომ უჩივიან Paramount Pictures-ს რომეო და ჯულიეტა - კვირის პალიტრა

რატომ უჩივიან Paramount Pictures-ს რომეო და ჯულიეტა

3 იანვარს ფრანკო ძეფირელის ფილმ "რომეო და ჯულიეტას" მთავარი როლის შემსრულებლებმა კომპანია Paramount Pictures-ს უჩივლეს. ოლივია ჰასი და ლეონარდ უაითინგი 500 მილიონ დოლარზე მეტს ითხოვენ ფილმში სასიყვარულო სცენის გამო, სადაც ისინი მოზარდობის ასაკში არიან. საჩივრის თანახმად, ისინი კინოკომპანიას სექსუალურ ძალადობაში, სექსუალურ ზეწოლასა და თაღლითობაში სდებენ ბრალს. 1968 წელს ფილმის გადაღებისას ჯულიეტას­ როლის შემსრულებელი 15 წლის, ხოლო რომეოსი 16 წლის იყო. როგორც მსახიობები აცხადებენ, ფილმის რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა, მათ უთხრა, რომ საძინებელში გადაღებულ სცენაში მსახიობებს კანის ფერის საცვლები ეცმებოდათ. გადაღებისას გეგმა შეიცვალა და რეჟისორმა მათ განუცხადა, რომ სიშიშვლე უნდა განესახიერებინათ, სხვა შემთხვევაში ფილმი "ჩავარდებოდა". სცენაში წამიერად ჩანს უაითინგის უკანალი და ჰასის მკერდი. ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ მედიის ყურადღება არ ნელდება. ოლივია ჰასის გამომწერების ნაწილი მას მხარს უჭერს, ნაწილი კი საჩივარმა გაანაწყენა.

2020 წელს "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ოლივია ჰასი ასე იხსენებს "რომეო და ჯულიეტას" სასიყვარულო სცენის გადაღების ეპიზოდს: "ყველაზე რთული სასიყვარულო სცენა იყო - უნდა გავშიშვლებულიყავი ამდენი ადამიანის წინაშე, მეკოცნა ლეონარდისთვის და ამის ძალიან მრცხვენოდა, ამიტომ ფრანკომ ეს სცენა ბოლოსთვის მოიტოვა. ლეონარდი ჯერ კედელზე უნდა ამოცოცებულიყო და მერე იწყებოდა სასიყვარულო სცენა. ძალიან ბევრი დუბლი ჩავწერეთ. საწყალი ლეონარდი ჯერ ცოცავდა, მერე სიყვარულის სცენას თამაშობდა, ძალიან დაიტანჯა. ფრანკოს ცოტა მეტი უნდოდა, მე ეს ვიცოდი, თუმცა არასდროს ჩავუყენებივარ უხერხულ მდგომარეობაში, მე თვითონ ვთხოვდი მეტს საკუთარ თავს, მინდოდა ეს სცენა სრულყოფილი ყოფილიყო. ბოლოს ვთხოვე,­ კიდევ ერთი დუბლი ჩაგვეწერა. წინაღამეს ლეონარდის "ფიატით" წავედით სასეირნოდ, დავლიეთ, სანაპიროზე ვისეირნეთ და უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, მეორე დღეს კი ეს სცენა გადავიღეთ, რომელიც ბოლო დუბლი აღმოჩნდა".

romeo2-1673801080.jpg

ფრანკო ძეფირელიზე ოლივია ჰასს არაერთ მედიასაშუალებასთან უსაუბრია და საყვედური არასოდეს უთქვამს: "ვერც წარმოვიდგენდი, ჯულიეტას როლმა ისე შეცვალა ჩემი ცხოვრება. ლონდონში, დინის­ ქუჩაზე შევხვდი გენიალურ ადამიანს, რომელიც ჩემთვის განძი და ძალიან ძვირფასი­ მეგობარი გახდა - ფრანკო ძეფირელის. სიტყვები, რომ ის უნიჭიერესია, ძალიან ცოტაა მის დასახასიათებლად. დღემდე ჩამესმის ყურში მისი სიტყვები: "მოდი, ოლივია, ძვირფასო, მოდი, უკეთ გააკეთე. შენ გამოგივა, შენ ეს შეგიძლია".

რომეო და ჯულიეტას საჩივარმა მათი თაყვანისმცემლები გააბრაზა, მათ შორის ფრანკო ძეფირელის ვაჟი პიპო: "სასიყვარულო სცენა ფილმში "რომეო და ჯულიეტა" ძალიან შორსაა პორნოგრაფიისგან. ფრანკო ყოველთვის პორნოგრაფიის წინააღმდეგი იყო. ეს სცენა სილამაზის განსახიერებაა, შეუძლებელია სხვა გრძნობა გაგიჩინოს ნანახმა, შემაშფოთებელია, რომ ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან 55 წლის შემდეგ ორმა ზრდასრულმა მსახიობმა, რომლებიც პოპულარობას სწორედ ამ ფილმს უნდა უმადლოდნენ, "გაიღვიძეს" და გამოაცხადეს, რომ ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდნენ განსახიერებული სასიყვარულო სცენის გამო".

ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლოს-ანჯელესის სასამართლო. ამ საკითხზე იურისტების აზრიც სხვადასხვაა. ზოგიერთის თქმით, ასეთ საქმეს­ ხელს არ მოჰკიდებს ხანდაზმულობიდან გამომდინარე,­ ზოგი კი ამბობს:­ "დიახ, ფილმში არ უნდა იყოს მოზარდის­ შიშველი­ სხეული გადაღებული. შესაძლებელი­ იყო ამ სცენაში დუბლიორები გადაეღოთ".

საქმის მსვლელობას მსოფლიო მედია ადევნებს თვალს. რომეომ და ჯულიეტამ კი კიდევ ერთხელ შეახსენეს თავი მაყურებელს.