ფიზ-რა თუ სპორტის გაკვეთილი?
განათლების სამინისტრომ გასულ სასწავლო სეზონში გაატარა რეფორმა, რომლის თანახმად სკოლებში ფიზკულტურას სპორტის გაკვეთილები ჩაენაცვლა. პირველ წელს პროექტი 50 სკოლაში განხორციელდა, მიმდინარე სასწავლო სეზონში კი სპორტის გაკვეთილი ყველა სკოლისთვის სავალდებულო გახდა.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ბევრი აღტაცებით შეხვდა. მახსოვს, ერთი მწვრთნელის სიტყვები: სწორედ ამას ვამბობდი, თუ სკოლებში სპორტის გაკვეთილები ისე არ მოვაწყვეთ, როგორც ამერიკაში, არაფერი გვეშველება-მეთქი.
სკეპტიკოსებიც გამოჩნდნენ, რომელთა მტკიცებით ნებისმიერმა ბავშვმა უნდა გაიაროს საერთო ფიზიკური მომზადება. იყო კიდევ ერთი დაბრკოლება: თითოეულ სკოლას სპორტის სამი სახეობა უნდა აერჩია, არადა, მოიძებნება არაერთი ბავშვი, რომლებსაც მეოთხისკენ აქვს მიდრეკილება. მაგალითად, ზოგ სკოლას არჩეული აქვს კალათბურთი, რაგბი და ტანვარჯიში. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ფეხბურთიც ბევრს ენდომებოდა.
ეს რაც შეეხება გადაწყვეტილებებს. ახლა დანიშნულებაზე ვთქვათ. რა მიზანს ისახავს ფიზკულტურის სპორტით ჩანაცვლება? ამბობენ, სიახლემ მოზარდთა შორის სპორტისადმი ინტერესი უნდა გაზარდოს, რაც საქმეში მათ აქტიურად ჩართვას გამოიწვევს, ეს კი პირველ რიგში, ჯანმრთელობის საწინდარიაო. ხოლო სპორტის გაკვეთილების მეორე, არანაკლებ მთავარი ამოცანა ბავშვების დიდი სპორტისთვის შემზადებაა. სწორედ სკოლებში უნდა გამოიწვრთნას ახალგაზრდა ისე, რომ მეთორმეტე კლასის დასრულების შემდეგ პროფესიულ სპორტში იოლად ჩაერთოს.
ამისთვის საჭიროა მაღალკვალიფიციური მწვრთნელი, მოწესრიგებული მოედანი და ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, რაც ქვეყნის მთელი მასშტაბით იდეალურ დონეზეა, მთავარია, მოზარდმა მოინდომოს... არ გაგიკვირდეთ, მართლა ასეა, ოღონდ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
საქართველოში? ზემოჩამოთვლილი პირობების მქონე სკოლების რაოდენობა თითებზე დაითვლება. სკოლების უმეტესობაში კი მასწავლებლები ერთსა და იმავეს გეტყვიან: გაკვეთილების სრულყოფილად ჩასატარებლად მოედნები არ გვყოფნისო. არაერთ სკოლაში სიტყვა "რემონტი" დარბაზებში იატაკის გამოცვლასა და საშხაპეების დაყენებას რომ არ გულისხმობდა, ესეც ფაქტია.
მათემატიკის მასწავლებლის დახმარება სულაც არ არის საჭირო იმის გამოსათვლელად, ამა თუ იმ სკოლას სპორტის გაკვეთილების სრულყოფილად ჩასატარებლად რამდენი მოედანი სჭირდება. ოთხიც კი არასაკმარისია, რადგან მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი გარემოება: მეხუთე-მეთორმეტე კლასებში (სპორტის გაკვეთილები სწორედ მეხუთედან იწყება. მეოთხემდე ფიზკულტურას დამრიგებელი ასწავლის, რაც რეფორმის მთავარი მიღწევაა - დაწყებითი კლასის პედაგოგი სპორტულ ფორმაში ბურთით ხელში...). გოგონებსა და ვაჟებს სპორტის გაკვეთილს ერთად ვერ ჩაუტარებ, საჭიროა მათი გაყოფა. ამიტომაც აქვს ამერიკულ სკოლებს ლოჯიებივით მიშენებული მრავალფუნქციური სპორტკომპლექსები.
ოკეანის გაღმა ბევრი ახალი მეთოდით შინ სწავლობს - სასწავლებელში არც დადის, თუმცა ასეთ შემთხვევებშიც კი სპორტის გაკვეთილებზე მაინც მიიჩქარიან. რატომ არ ივლიან, მოუნდებათ აუზში შეცურავენ, ჩოგანს მოიმარჯვებენ, ფეხბურთს ითამაშებენ. ბოლოს შხაპს მიიღებენ და მშვიდად დაბრუნდებიან შინ სწავლის გასაგრძელებლად.
სპორტული შედეგებით ამერიკას ვერასოდეს გავუტოლდებით, მაგრამ რადგან მაგალითს მისგან ვიღებთ, საფუძვლიანად უნდა მივბაძოთ: მოზარდებს პირობები შევუქმნათ, რათა სპორტის გაკვეთილი "ფიზ-რასგან" ოდნავ მაინც განსხვავდებოდეს.
სხვათა შორის, ამერიკაში სკოლებს შორის ჩემპიონატები რეგიონებიდან იწყება და შტატების მასშტაბით გრძელდება. სწორედ ესაა ნაპერწკალი, რაც ახალგაზრდობაში სპორტის ინტერესს აღვივებს. ეს საკითხი ჩვენთანაც მისახედია - სპორტული რიტმისთვის აუცილებელია სასკოლო შეჯიბრებების არა ერთ კვირაში მოთავება, არამედ მთელ სეზონზე გადანაწილება.
თუ აღნიშნული პრობლემები არ მოგვარდა, ამ სფეროს რეფორმა (ისევე როგორც ბევრ სხვა დარგში) რამდენიმე სკოლაში პრეზიდენტის, ან მინისტრების მიერ ლენტის გაჭრას არ გაცდება.
ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)