„ალბათ გემს გავყიდი და თანხის ნაწილს ბიზნესში ჩავდებ“ - კვირის პალიტრა

„ალბათ გემს გავყიდი და თანხის ნაწილს ბიზნესში ჩავდებ“

"ნიჭიერი ბათუმელი ახალგაზრდის საოცარი ნამუშევარი - ღოყალ ჩარიბბეან­-ის საკრუიზო ლაინერი... ალექსანდრე აბუსელიძემ­ საკრუიზო ლაინერის ზუსტი ასლი 100 000 ასანთის ღერისგან (2230 კოლოფი) შექმნა. ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს,­ როგორ დაიწყო ასანთის ღერებისგან ისეთი რამეების შექმნა, რაც დღეს მნახველს დაუჯერებლად ეჩვენება:

ასანთის ღერებისგან კონსტრუქციის აგება ორი წლის წინ დავიწყე, თვითნასწავლი ვარ.

- რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?

- საზაფხულო სახლი, რომელიც 12 000 ღერისგან არის აგებული. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა დახვეწილი აგების ტექნიკა. მეორე იყო ემფაიერ-სთეით-ბილდინგი, რისთვისაც სამი თვე და 13 000 ასანთის ღერი დამჭირდა. შემდეგ იყო ელექტრონული წისქვილი, რომელშიც პირველად გამოვიყენე ელექტრობა, დავამონტაჟე განათება და ბორბალი, რომელიც ბრუნავს. შემდეგ უფრო მასშტაბური მაკეტების გაკეთება დავიწყე: სკოლა ,,ნიკე", რომელიც დავასრულე, 41 000 ასანთის ღერისგან ავაწყვე. ყველა კლასი და გარეთა სივრცე ნამდვილის იდენტურია. ავაწყვე ბიგ-ბენის მაკეტიც, რომელიც ორიგინალის ზუსტი ასლია, რისთვისაც 8000 ღერი გამოვიყენე. რა თქმა უნდა, საათის მექანიზმი მუშაობს. ყველაზე შთამბეჭდავი და ურთულესი იყო "ვიზ ეარის" თვითმფრინავის მოდელი "ა 320" 21 000 ასანთის ღერით. ზუსტი და ანალოგიის არმქონე მაკეტია. რეკორდულად სწრაფ დროში, სამ კვირაში ავაწყვე.

საბოლოო ყველაზე მასშტაბურია "როიალ კარიბიანის" საკრუიზო ლაინერი 100 000 ასანთის ღერისგან, რომელშიც არის რესტორანი, სკვერი, მანათობელი კონსტრუქცია, ვერტმფრენი.. ამისთვის სამი თვე დამჭირდა.

xelnak2-1673805405.jpg

- რამდენად რთულია ამ კონსტრუქციებზე მუშაობა?

- ასანთისგან ფორმების დამზადება და სიმეტრიის დაცვა ურთულესია. ამ საქმეში ნებისყოფა და სიმშვიდე მთავარია.­ მომავალში შეკვეთების აღებასაც ვფიქრობ.

- წარმატებული სტუდენტი ხართ, კიდევ ბევრი სხვა საქმით დაკავებული...

- ვარ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ასევე ბათუმის მერის მრჩეველი ახალგაზრდულ საკითხებში. მეტეოროლოგია მიტაცებს, მაქვს ჩემი გვერდიც - "ამინდის პროგნოზი საქართველოში". ვიყენებ ელექტრონულ მეტეორუკას და რადარს, რის შედეგადაც ზუსტი მონაცემები მაქვს. გატაცებული ვარ კულინარიითაც - ზაფხულში ბათუმის ერთ ცნობილ რესტორანში მზარეულად ვმუშაობდი.

- ისევ თქვენს ნამუშევრებს დავუბრუნდეთ, რომელიმეს გაყიდვას თუ აპირებთ?

- ალბათ, გემს გავყიდი და თანხის ნაწილს ბიზნესში ჩავდებ. სამართალმცოდნეობის შესწავლის შემდეგ კი არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ. მინდა კარგი არქიტექტორიც გავხდე.

- გინესის რეკორდზე გიფიქრიათ?

- დაკავშირებას ვაპირებ და ნომინაციაზე ორ მაკეტს გავიტან - გემს და თვითმფრინავს.

- თქვენით დაინტერესდა უცხოური პრესა..

xelnak3-1673805405.jpg

- ახლახან Anadolu agency-ი და International Ruptly-ი აიღეს ინტერვიუ. BBC News-ზე სიუჟეტს კი უახლოეს დღეებში ვიხილავთ.

- გამოფენა თუ გქონიათ?

- 2022 წლის აგვისტოში მქონდა პირველი გამოფენა ძმები ნობელების სახელობის მუზეუმში. ხუთი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაეთვალიერებინა ჩემი ნაშრომები, რისთვისაც მადლობას ვუხდი მუზეუმის დირექტორს ქალბატონ მედეა ჩარკვიანს. ახლა კი ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გამოფენისთვის ვემზადები.

მანანა გაბრიჭიძე