გოგონა ხერხით - კვირის პალიტრა

გოგონა ხერხით

მარანში მოწყობილი სახელოსნო, ხის ნაჭრები, ტოტები, ხერხი, ნაჯახი... სოფო გრიშიკაშვილმა გატაცება ხელობად აქცია და ხის ნაჭრების, თხილის ტოტების, გირჩების, პურის თავთავებისა თუ ბუნებისგან მომადლებული სხვა სიკეთისგან პატარ-პატარა ნაკეთობებს“ ქმნის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სოფომ საქმეში შვილებიც ჩართო და მუშაობას მეტი ხალისი შესძინა:

- პროფესიით ბიოლოგი ვარ. მეგონა, სპეციალობად ის საქმე ავირჩიე, რომელიც მაინტერესებდა, თავისუფალ დროს კი ხატვით ვიქცევდი თავს. ამასთან, შინ თუ რამე გაფუჭდებოდა, ვცდილობდი გამეახლებინა. ეს, ალბათ, გენეტიკურია, დედის მხრიდან ბიძები, ძმა ხეზე მუშაობენ. ჩემი პაპიდა მარო კარ-ფანჯარას, ავეჯს ამზადებს, სახლიც კი საკუთარი ხელით აქვს აშენებული. რომ გათხოვილა, პატარა სახლი დახვედრია. მეუღლისთვის უთქვამს, დიდი სახლი მე და შენ ავაშენოთო. მაშინ სხვა პერიოდი იყო, ხელოსნობას ქალისთვის შეუფერებელ საქმედ მიიჩნევდნენ. ამიტომ ჩემი პაპიდა მეუღლის ტანსაცმელს იცვამდა, ქუდს იხურავდა და ისე აშენებდა საკუთარ ბუდეს. კარ-ფანჯრები და ავეჯი ისე მოაჩუქურთმა, უკეთესს ვერ ნახავთ. როგორც ჩანს, გენებმა ჩემშიც იმძლავრა. ბავშვი ვიყავი, ბიძაჩემის სახელოსნოში რომ შევედი და პატარ-პატარა კოვზები, გიტარები, ჩონგურები და სხვადასხვა ნივთი ვნახე. მაშინვე მომინდა მეც გამეკეთებინა მსგავსი საგნები.

- სახლის აშენებაზე თქვენც ხომ არ გიფიქრიათ?

- არა, სახლი აშენებული დამხვდა, ერთადერთი, რაც არ მომეწონა, ეზოსა და ბაღის გამყოფი რკინის ღობე იყო. ერთ დღეს მოვკიდე ხელი ხელსაწყოებს და მივადექი ღობეს. მამამთილმა რომ დამინახა, სირბილით გამოიქცა, თან ყვიროდა, რას შვრები, შვილო, რამე არ მოიჭრა, არ დაგვღუპოო. კი შეშინდა, მაგრამ დასრულებული საქმე რომ ნახა, მოეწონა, მართლა რა ლამაზად გამოჩნდა ეზოო. ეს ჯერ არ არის ლამაზი-მეთქი, და ახლა საძირკველში დარჩენილ ბეტონს მივადექი. მამამთილმა ერთი კი თქვა, ვაიმეო, მერე ხელი ჩაიქნია და თავის საქმეზე წავიდა. საბოლოოდ დედამთილი დამეხმარა და ორმა ქალმა მოვანგრიეთ მთელი საძირკველი.

ახლა ერთი გეგმა მაქვს, სასიმინდე ატრაქციონად უნდა გადავაკეთო. წინანდალში, ჩვენს უბანში, ბავშვებს სკვერი არა აქვთ, ამიტომ მე გავაკეთებ ჩემს ეზოში.

- ხეზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- პანდემიის დროს მეგობარმა მთხოვა, რომ მისი ოჯახის მეკვლე ვყოფილიყავი. "კოვიდის" გამო რეგულაციები იყო დაწესებული, საჩუქრებისთვის მაღაზიებში ვერ ვივლიდი, ვერც ხელცარიელი მივიდოდი. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩემი ხელით გამეკეთებინა რაიმე. ჭავჭავაძეების ეზოდან ბავშვებისთვის ხშირად მომქონდა გირჩები. მოვაგროვე, გავედი ეზოში, დავამტვრიე თხილის ტოტები და პატარა სახლი ავაწყვე. მასპინძლებს ისე მოეწონათ, მთელ სოფელს მოსდეს ჩემი ხელოსნობის ამბავი. ამის მერე, თუ ვინმეს ორიგინალური საჩუქარი უნდოდა, მე მომმართავდა. ბოლოს ვიფიქრე, რომ ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც მექცია, მერე თანდათანობით მოვიდა იდეები, გამოცდილება და დღეს ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს. მეუღლემ პირველი, რაც მითხრა, ის იყო, შენ აღარ ხუმრობო. ეშინოდა, ხერხით ხელები არ დამეჭრა. მე კიდევ როგორც შთაგონება მოვა, მაშინვე ვიწყებ მუშაობას.

xelnak5-1673805406.jpg

- უმთავრესად რა მასალით მუშაობთ?

- მთავარია ხე, გირჩი და ხავსი, მერე იმის მიხედვით, რას ვაკეთებ, რით ვაფორმებ, მუშაობაში გამოჩნდება ხოლმე.

- პატარა დეკორატიული სახლები ქვებით გაქვთ გაკეთებული?

- არა, კვერცხის ჩასაწყობ ყუთებს ვჭრი და შემდეგ ვღებავ. საღებავი ეკოლოგიურად სუფთაა.

- თქვენს ეზოში საბავშვო სახლიც ვნახე.

- ჩემი შვილებისთვის გავაკეთე. ხე მე დავამუშავე, მეუღლემ განათება გაიყვანა, მე და ბავშვებმა კი შევღებეთ. ბავშვებმა სათამაშო სკამები, მაგიდები და საწოლი დადგეს, ჭურჭელიც შეიტანეს. ასე რომ, ეს სახლი ოჯახის ერთობლივი ნამუშევარია. უფროსი გოგონა ხუთი წლის არის, კარგად ხატავს, ამიტომ თუ რამე დასახატია, მას ვასაქმებ. ზოგჯერ რაღაცები არ მომწონს, მაგრამ ისე ვცვლი, რომ ვერ დაინახოს. სულ პატარას ისე ვაძლევ ხელში ფუნჯებს, ფურცლებს, გირჩებს... ჰქონდეს განცდა, რომ მუშაობს. წამოიზრდება და მასაც ჩავრთავ საქმეში.

საიტი გავაკეთე და ვცდილობ ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო. მიხარია, ვინმე რჩევას რომ მეკითხება, მეტი სტიმული მეძლევა. რაც ნაკლებად შემოვიტანთ უცხოეთიდან გაურკვეველი წარმოშობისა და შემადგენლობის ნივთებს უკეთესი იქნება.

ხათუნა ბახტურიძე