„სადღესასწაულო დღეების შემდეგ გვაშინებს სასწორის დანახვაც კი, არათუ მასზე დადგომა“ - კვირის პალიტრა

„სადღესასწაულო დღეების შემდეგ გვაშინებს სასწორის დანახვაც კი, არათუ მასზე დადგომა“

ახალი წლის შემდგომ უკვე ის პერიოდი დადგა, როცა ათასნაირ მიზეზს ვიგონებთ, რათა ზედმეტი კილოგრამები გავამართლოთ, ან მაკიაჟითა და სამოსით შევნიღბოთ. რა ვიღონოთ, რომ რაც შეიძლება მალე ჩავდგეთ ფორმაში? ამ და კვებასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ვესაუბრეთ.

- ეს პერიოდი ნამდვილად ისეთია, გვაშინებს სასწორის დანახვაც კი, არათუ მასზე დადგომა. უკვე ჩაიარა ახალმა წელმა,­ დაგვრჩა სხვადასხვა პრობლემა, ზოგიერთს ზედმეტი კილოგრამი, ზოგიერთს შეშუპება და ზოგსაც დისკომფორტი მუცლის ღრუს არეში, რასაც აუცილებლად სჭირდება მიხედვა. მოკლედ, კალორიული, ნიგვზიანი, ცხიმიანი საკვებისგან დაცლის შემდგომ მაცივარი უნდა შევავსოთ ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ჩვენს გუნება-განწყობასაც გააუმჯობესებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტსაც და რომლის მეშვეობითაც დავადგებით ჯანსაღი ცხოვრების გზას. ეს კი გულისხმობს 3 ძირითად კომპონენტს: ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი­ ძილი. განტვირთვის დღეებისთვის მაცივარი­ უნდა შევავსოთ ხილით, ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებით, რომლებიც კარგ გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე, განსაკუთრებით საზეიმო მენიუების შემდეგ. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ცილებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის გამართულად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ შიმშილის შეგრძნება არ განვითარდეს, შეგვიძლია საკვებ რაციონში მოხარშული ხორცი ჩავრთოთ, რაც ასევე მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, სხვადასხვა მინერალით, მათ შორის რკინით, თუთიით... არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს სუფთა წყლის სმა, რათა მოვხსნათ ორგანიზმში ქსოვილ­ოვანი შეშუპება და საბოლოოდ განვიტვირთოთ ზედმეტი საკვებისგან.

- რამდენი წყალი უნდა დავლიოთ დღეში?­

- ეს დამოკიდებულია ადამიანის აღნაგობაზე. ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 0,033-ზე და მიღებული ციფრი იქნება ის რაოდენობა წყლისა, რაც უნდა მივიღოთ დღე-ღამის განმავლობაში. დღე-ღამის განმავლობაში 6-8 ჭიქა წყალი, ანუ 1,5-2 ლიტრი გამოდის.

- აუცილებლად წყალი უნდა ვსვათ თუ მინერალური წყალიც შეიძლება?

- მინერალურ წყალში მარილებია და შეშუპებას ვერ მოხსნის.

- ამ პერიოდში მწვანე ჩაის ეტანებიან.

- ჩაის და ყავის სმა დიდი პრობლემა არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე კოფეინის შემცველობით გამოირჩევა და შარდმდენი ეფექტი აქვთ.

- მაგრამ წყლის რაოდენობას არ ემატება ჩაისა და ყავის მიღება, ხომ?

- არა, რა თქმა უნდა, ჩაი და ყავა ცალკე დანამატია.

- სასმელზე გავიგეთ, რა უნდა ვჭამოთ?

- რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული. ამით უნდა შედგებოდეს ჩვენი რაც­იონი დღის განმავლობაში, ოღონდ ეს პროდუქტები არ უნდა აღემატებოდეს 2 კილოგრამს დღეში. ყველაფერი უნდა ჭამოთ უშაქროდ, უმარილოდ და უცხიმოდ.

- ზოგი ჰიმალაის მარილს მოიხმარს...

- ჰიმალაის მარილი ჩვეულებრივ დღეებში დასაშვებია, მაგრამ განტვირთვის დღეებში არ არის რეკომენდებული.

- ისეთებიც ვიცი, სადღესასწაულო სუფრაზე მოლხენის შემდეგ საფაღარათო საშუალებებს რომ ხმარობენ.

- საფაღარათო საშუალებების მიღება არასამკურნალო მიზნით დაუშვებელია. ის აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მიკროფლორას და კიდევ ბევრ გართულებას იწვევს ორგანიზმში. იგივე ითქმის შარდმდენ პრეპარატებზეც!

- დიაბეტიანების შაქრის შემცვლელსაც ხშირად მოიხმარენ. ეს გამართლებულია?

- არავითარი შაქრის შემცვლელი არ არსებობს დიაბეტიანებისთვის, არსებობს მხოლოდ უშაქრო და უმარილო, დანარჩენი სხვა ყველაფერი მარკეტინგული ხრიკია. ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც მოიხმარს შაქრის შემცვლელს, სინამდვილეში მოიხმარს შაქარს და ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ დაბალკალორიულ საკვებს იღებს.

- ყოველდღიურად რამდენი პური უნდა ვჭამოთ?

- ეს დამოკიდებულია ადამიანის სიმაღლეზე, წონაზე, სამუშაოზეც კი - ფიზიკურად მუშაობს თუ გონებრივად. დღე-ღამის განმავლობაში 80-დან 150 გრამამდე პური შეიძლება.

- განტვირთვის დღეები რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს?

- დაახლოებით 3-5 დღეს.

- ამის შემდეგ დაკლებული წონა რომ შევინარჩუნოთ, როგორ ვიქცევით?

- ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ კვებას, ოღონდ ზომიერად.