"ის ქართველ ხალხთან დარჩა - 2008 წლის შემდეგ რუსეთში არც ერთხელ არ ყოფილა, არ მოსწონდა ჩვენი ხელისუფლება" - როგორ ეხმაურება რუსული მედია ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას - კვირის პალიტრა

"ის ქართველ ხალხთან დარჩა - 2008 წლის შემდეგ რუსეთში არც ერთხელ არ ყოფილა, არ მოსწონდა ჩვენი ხელისუფლება" - როგორ ეხმაურება რუსული მედია ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას

ქართველი მსახიობის, მომღერლისა და რეჟისორის - ვახტან კიკაბიძის გარდაცვალების ფაქტი საკმაოდ ფართოდ გაშუქდა უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში - კომენტარები და ნეკროლოგები გამოქვეყნდა ბრიტანული, გერმანული, ფრანგული ტელერადიოკომპანიების (BBC news, Deutsche Welle, RFI – Radio France Internationale…) ვებგვერდებზე, ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტები და ა.შ.

როგორც ფრანგული Radio France Internationale-ს პუბლიკაციაში სათაურით - "საქართველოში საბჭოთა კინოსა და ესტრადის ლეგენდა ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა" კორესპონდენტი რეჟის ჟენტე აღნიშნავს, "ვახტანგ კიკაბიძე, მეტსახელად "ბუბა", საბჭოთა კინემატოგრაფიისა და ქართული საბჭოთა კინოს წმინდანად იყო აღიარებული. იგი, ასევე, ჰიტად ქცეული მრავალი სიმღერის ავტორიც გახლდათ. ბუბას სტატუსი დადასტურდა 1999 წელს მოსკოვში, "ვარსკვლავთა მოედანზე" მისი ვარსკვლავის გახსნით. ამის მიუხედავად, მან დაგმო ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა და 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გადაწყვიტა, რუსეთში აღარ დაბრუნებულიყო. ვახტანგ კიკაბიძემ, ასევე, გააკრიტიკა რუსეთი უკრაინის ომთან დაკავშირებითაც", - ნათქვამია პუბლიკაციაში. წყარო

და მაინც, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების ფაქტს განსაკუთრებით გამოეხმაურა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების - რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მასმედია, მათგან კი გამორჩეულად - რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

გავეცნოთ რამდენიმე მათგანს:

გაზეთმა "კომერსანტმა" («КоммерсантЪ») გამოაქვეყნა სტატია-ნეკროლოგი სათაურით - "მიმინოს პრინციპი - ვახტანგ კიკაბიძე როგორც საბჭოთა კინოს არქეტიპი" (ავტორი - მიხეილ ტროფიმენკოვი), რომელშიც ვკითხულობთ: "კოლორიტული და ფაქტურული მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე ყოველთვის მოთხოვნადი იყო - გიორგი დანელიას ფილმების გარდა, იგი სხვადასხვა ფილმში იყო გადაღებული. და მაინც, მისი კარიერა მკვეთრად თავისებურია... მოდი, ობიექტურები ვიყოთ: ვახტანგ კიკაბიძე არ იყო გამოჩენილი დრამატული მსახიობი და, კაცმა რომ თქვას, მას არც ჰქონდა ამის პრეტენზია. ნეგატიურად ნუ გაიგებთ, მაგრამ იგი განწირული იყო ფაქტურული ანუ მკვეთრად გამოხატული თვისებებით, რომლებიც მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრდება.

ვახტან კიკაბიძე გადაღებული იყო როგორც საბჭოთა სათავგადასავლო ფილმებში ("მე გამომძიებელი" – 1972 წ., "დაკარგული ექსპედიცია" – 1975 წ., "ტაასი" უფლებამოსილია განაცხადოს" – 1984 წ.), ასევე უნგრულშიც - "ფსევდონიმი: ლუკაჩი" (1976 წელს), სადაც იგი ესპანეთში 1936 წელს მოქმედი მოხალისე-ინტერნაციონალისტურ-ანარქისტული რაზმის მეთაურის, გენერალ ბონავენტურა დურუტის როლშია, რომელიც მადრიდის მისადგომებთან იღუპება. სხვათა შორის, ეს ფილმი დაუმსახურებლად არის დავიწყებული.

რაც შეეხება ბუბას საესტრადო დიდების გამოყენებას, მისი სავიზიტო ბარათია "ვერის უბნის მელოდიები" (1974 წ.), რომელიც რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ გადაიღო. ფილმ-მიუზიკლში ვახტანგ კიკაბიძემ შთამბეჭდავად შეასრულა მედროგე პავლეს როლი.

კიდევ ერთხელ: ბუბა არ იყო დრამატული მსახობი, მაგრამ მან შეძლო უფრო დიდი მსახიობი გამხდარიყო - მითი, არქეტიპი, სიმბოლო, საბჭოთა კინოს სახე. და ეს მოხდა მისი შეხვედრით გიორგი დანელიასთან: ტრაგიკომედიამ "არ დაიდარდო (1969 წ.) ვახტანგ კიკაბიძე სწრაფად გადააქცია მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილ ადამიანად.

გიორგი დანელიამ და ვახტანგ კიკაბიძემ ერთად ოთხ ფილმზე იმუშავეს, მაგრამ ყველა გაფერმკრთალდა მას შემდეგ, რაც ბუბამ "მიმინოში" (1977 წ.) ვალიკო მიზანდარის როლი შეასრულა.

ვალიკო გახდა საბჭოთა ინტერნაციონალიზმის განსახიერება და ეროვნული განსაკუთრებულობის სიმბოლო. ვალიკომ საკუთარ თავში გააერთიანა, როგორც ეროვნული თავმოყვარეობა, ასევე - ეროვნული თვითკრიტიკა და ქართველი ხალხის მსოფლიო დონის გულშემატკივრობა. იგი ნიდერლანდურ გაყინულ ქათმებს ეზიდებოდა ვერტმფრენით და თეთრ ავიალაინერებზე ოცნებობდა... დადგა დრო, როცა მან თავისი ქუდი ("კეპი-აეროდრომი") საერთაშორისო პილოტის ელეგანტურ უნიფორმაზე გადაცვალა. მას ძალიან სურდა ლარისა ივანოვნას ნახვა და ამისათვის მოსკოვურ ცივ საღამოს საზაფხულო შტიბლეტებში იყინებოდა... ამაყად მიაბიჯებდა "მწვანე კროკოდილით" ხელში უცხოურ აეროპორტში და ტელეფონით თელ-ავივში მყოფ უცნობ, მაგრამ მაინც თანამემამულე ებრაელთან ქართულად მღეროდა... მას არ უყვარდა ცუდი ადამიანები იმდენად, რომ მათ დანახვაზე "ჭამაც არ შეეძლო" და როცა ერთხელ "ცუდ პიროვნებასთან შეხვედრას თავი აარიდა, შემთხვევით ჭაღი გატეხა"...

და აქტუალურ კითხვაზე - "მაინც რა იყო ასეთი საბჭოთა კავშირი?" - მიუხედავად იმისა, რასაც ბუბა ამბობდა ყოფილ სახელმწიფოზე სიცოცხლის ბოლო წლებში, შეიძლება ასეთი პასუხი გაეცეს: "ეს იყო მიმინო". წყარო

გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი" (Московский комсомолец») რამდენიმე მასალას აქვეყნებს ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებასა და მის შემოქმედებაზე:

ა) ინტერვიუ თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორთან - ნიკოლაი სვენტიცკისთან სათაურით - "ბუბას თბილისელის მაღალი წოდება ჰქონდა, ეს კასტას ნიშნავს" (ესაუბრება ჟურნალისტი მარინა რაიკინა):

"რასაც ვახტანგ კიკაბიძის შესახებ ამბობენ და მას პოლიტიკას უკავშირებენ, ყველაფერი თითიდან გამოწოვილი ტყუილია - მაგალითად, რუსეთის მიმართ მისი ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ. მას საყვედურობდნენ, რომ რუსეთით ისარგებლა, მაგრამ ეს მართალი არ არის. იგი უფასოდაც ხშირად მღეროდა. რუს ხალხს არასოდეს ლანძღავდა, უყვარდა რუსები და არ ყოფილა ისეთი კონცერტი, მას რუსულ ენაზეც რომ არ ემღერა. მაგრამ მას ხშირად უხერხულ სიტუაციაშიც აყენებდნენ. მაგალითად, ხუთი წლის წინ ბათუმში ბუბას იუბილე აღინიშნა, იგი გამოვიდა სცენაზე და თქვა, რომ რადგანაც დარბაზში ბევრი რუსია, რუსულადაც ვილაპარაკებ და ვიმღერებო". მართლაც, რუსულადაც იმღერა და ქართულადაც.. ამ დროს გამოვარდა დიმიტრი გორდონი და დაიწყო ყვირილი უკრაინის შესახებ. ბუბა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა - მისი იუბილეა და ამ დროს - პოლიტიკა... იგი თბილისელი კაცი იყო, ინტელიგენტი, თბილისელები კი აპრიორულად არავის ლანძღავენ. თბილისელობა - ეს კასტაა და ასეთ წოდებას ყველა არ იმსახურებს", - ამბობს ნიკოლაი სვენტიცკი ინტერვიუში. წყარო

ბ) ინტერვიუ რუს პროდიუსერ იოსებ პრიგოჟინთან სათაურით - "რა განსხვავებაა ვახტანგ კიკაბიძესა და მაქსიმ გალკინს შორის: "ბუბას პოზიცია ჩემთვის გასაგებია" (ესაუბრება ირინა ბობროვა).

ინტერვიუში პრიგოჟინი ამბობს, რომ ვახტანგ კიკაბიძესთან არა მარტო მრავალწლიანი მეგობრობა, არამედ - ნათესაობა აკავშირებს, იგი მისი ქალიშვილის - დანაის ნათლიაც არის: "ჩვენ ბუბა უსაზღვროდ გვიყვარდა, მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და უთანხმოების მიუხედავად.

- თქვენი ურთიერთობა არ გართულებულა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო?

- რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში ურთიერთობის აწყობა რთულია... მე ჩემი პოლიტიკური ხედვა მაქვს, იმას კი თავისი ჰქონდა, თუმცა ეს ხელს არ გვიშლიდა... ვთვლი, რომ ჩვენ, ყველა, ცივილიზებულ ადამიანებად უნდა დავრჩეთ და ძველი კავშირები არ უნდა გავწყვიტოთ. მე მას ყოველთვის დიდი პატივისცემით ვუყურებდი... ზოგჯერ ვდაობდით კიდეც, მაგრამ ჩარჩოები არ დაგვირღვევია. მე ჩემს პოზიციას ვიცავდი, ის კი - თავისას. ზოგჯერ ჩემი არგუმენტები უფრო ძლიერი იყო, ზოგჯერ კი - მისი. ვახტანგ კიკაბიძე ჭკვიანი ადამიანი იყო და მე არ შემეძლო ჩემი ხედვა მისთვის თავს მომეხვია.

ვახტანგ კიკაბიძე საქართველოს მოქალაქე იყო. მას დღევანდელი რუსეთისაგან, ზოგიერთებისაგან განსხვავებით, არაფერი მიუღია. იგი არ სარგებლობდა სახელმწიფო დოტაციებით, არ მუშაობდა რუსეთის ფედერალურ ტელეარხებში, არ გამოდიოდა მათი ეთერით. მან გააკეთა თავისი არჩევანი და ქართველ ხალხთან დარჩა - 2008 წლის შემდეგ რუსეთში არც ერთხელ არ ყოფილა. მას არ მოსწონდა ის, რაც ჩვენთან, რუსეთში ხდებოდა, არ მოსწონდა ჩვენი ხელისუფლება. მას რომ ცინიკურად ეთვალთმაქცა - ჩამოსულიყო რუსეთში, ფული აეღო კონცერტებში, შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულიყო და [რუსეთი ელანძღა]... არა, ის რუსეთში [ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში] არ ჩამოდიოდა. ამიტომ ვახტან კიკაბიძე ამ მხრივ სხვებისაგან განსხვავდება, მაგალითად, მაქსიმ გალკინისაგან, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო და "პირველ არხზე" მუშაობდა. ვახტანგი რუსეთში არ ცხოვრობდა, მას აქ ბინაც არ ჰქონდა, ის არ სარგებლობდა დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების წყალობით.

მე არ მსურს ადამიანების შეძულება და მათი ერთმანეთთან წაკიდება. ჩემთვის ვახტანგ კიკაბიძის პოზიცია გასაგებია, რომელსაც პატივს ვცემ. როგორიც არის, არის. მე მას ასე ვუთხარი: "არ მინდა და არც არასოდეს მოვისურვებ ჩვენს დაშორებას". ვახტანგ კიკაბიძეს ცხოვრებაში ბევრი რამ ჰქონდა გამოცდილი და ნანახი. მას ჰქონდა იმის უფლება, რომ თავისი თვალსაზრისი წარმოეჩინა. აი, დღეს, ყველა რუსული ფედერალური ტელეარხი მასზე ლაპარაკობს და მისი ფილმების კადრებს აჩვენებს, იმიტომ, რომ იგი დიდი პიროვნებაა. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენს წარსულს ხაზი გადავუსვათ, ჩვენს ისტორიას". წყარო

ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა "ნეზავისიმაია გაზეტაში" (Независимая газета) სათაურით - "მიმინომ რუსეთთან კავშირები გაწყვიტა, მაგრამ რუსების ხსოვნაში დარჩა", "როსიისკაია გაზეტაში" (Российская газета) – "მისი წლები: ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნა" და სხვა გამოცემებში".

მოამზადა სიმონ კილაძემ