რას შეცვლის 14 ბრიტანული ტანკი "ჩელენჯერი" უკრაინის ფრონტზე... - კვირის პალიტრა

რას შეცვლის 14 ბრიტანული ტანკი "ჩელენჯერი" უკრაინის ფრონტზე...

დღეს,16 იანვარს, ოფიციალურად უნდა გაცხადდეს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით, პირველად გადასცემს ძირითად საბრძოლო ტანკებს და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, მხოლოდ 2022 წელს, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 2,3 მლრდ ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია, რაც მოცულობით მეორეა, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების შემდეგ.

მაგრამ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც კი, რომელიც ზელენსკის კიევშიც სტუმრობდა და ყოველმხრივ მხარში ედგა, ვერ გაბედა უკრაინის არმიისთვის ტანკებით დახმარება ან არ დასცალდა, რადგან გასული წლის სექტემბრის დასაწყისში გადადგა.

სამაგიეროდ, დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ორი დღის წინ მინიშნება გააკეთა, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში მიეწოდება ბრიტანული ძირითადი საბრძოლო ტანკების - Challenger 2-ის ერთი ესკადრონი და 30-მდე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი AS90 .

ბრიტანეთის არმიაში ერთი სატანკო ესკადრონი ერთი უკრაინული სატანკო ასეულის ტოლფასია, თუმცა მის შემადგენლობაში 10-ის ნაცვლად, 14 ტანკი შედის.

რას შეცვლის 14 ბრიტანული ტანკის გამოჩენა უკრაინის არმიის არსენალში რამდენიმე კვირის შემდეგ?

ერთი შეხედვით, ბევრს ვერაფერს, უფრო სწორად, ფრონტის კონკრეტულ ვიწრო უბანზე შეტევის განხორციელებისას ბევრ რამეს, მაგრამ საერთო მასშტაბებით - დიდად არაფერს...

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბრიტანული ტანკების უკრაინისთვის გადაცემას მაინც უზარმაზრი მნიშვნელობა აქვს და, პირველ რიგში, პოლიტიკური თვალსაზრისით... ნატოელ პარტნიორებზე მორალური ზეწოლის კუთხით...

საქმე ის არის, რომ დასავლური წარმოების ტანკების გადაცემას უკრანელებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები უკვე თვეობით, განზრახ აჭიანურებენ, თითქოს იმ მოტივით, რომ ამით რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი ესკალაცია არ გამოიწვიონ...

მაგრამ რომელ ესკალაციაზეა ლაპარაკი, თუკი ამერიკული "ჰაიმარსებით" და გერმანული "მარს 2"-ებით უკრაინელი არტილერისტები რუს ოკუპანტებს ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში უკვე თვეებია, ანადგურებენ?

დასავლური ტანკების გადაცემის პროცესის დასაჩქარებლად საფრანგეთი მზადაა, "ბორბლებიანი ტანკები" გაუგზავნოს უკრაინელებს, ხოლო პოლონეთი "ლეოპარდ 2"-ების ერთი ასეულის მიწოდებას შეჰპირდა კიევს, მაგრამ ვარშავა ამას ვერ შეძლებს ბერლინის ოფიციალური დასტურის გარეშე, რადგან ეს "ლეოპარდები" გერმანიაშია წარმოებული და იქიდან - პოლონეთის არმიისთვის გადაცემული.

სამაგიეროდ, ლონდონს არავისთან სჭირდება იმის შეთანხმება, ტანკები გაუგზავნოს თუ არა უკრაინას, რადგან "ჩელენჯერები" წმინდა ბრიტანული ნაწარმია.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფრანგებიც, პოლონელებიცა და ბრიტანელებიც ცდილობენ, სინდისზე ააგდონ, პირველ რიგში, გერმანელები და ამერიკელები, რომ მათაც დაიწყონ "ლეოპარდებისა" და "აბრამსების" მიწოდება უკრაინის არმიისთვის.

მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი დასავლური წარმოების ძირითადი საბრძოლო ტანკებიდან უკრაინის არმიას გაზაფხულზე წარმატებული კონტრიერიშების წამოსაწყებად, ყველაზე მეტად მაინც გერმანული "ლეოპარდ 2"-ები გამოადგება, ვიდრე - ბრიტანული "ჩელენჯერ 2"-ები ან ამერიკული "აბრამსები".

რაც შეეხება ბრიტანულ "ჩელენჯერ 2"-ს, ის დღეს არსებული ტანკებიდან ყველაზე მძიმეა და მისი სრულად აღჭურვის მასა 75 ტონას აღწევს, მაშინ, როდესაც საბჭოთადროინდელი "ტ-72", მხოლოდ 41 ტონა თუ არის.

"ჩელენჯერის" ამხელა მასა კი გამოწვეულია იმით, რომ ის, ეტყობა, ყველაზე დაცული ტანკია მსოფლიოში - ტანკის კორპუსი "დორჩესტერის" მრავალშრიანი კომბინირებული ჯავშნისგან შედგება, რომელსაც გარედან დამატებით უყენია კუმულატიურსაწინააღმდეგო ეკრანი და ფალშბორტები, რომელშიც ჩაწყობილია დინამიკური დაცვის ელემენტები.

"ჩელენჯერ 2"-ი, ძლიერი დაცვის გარდა, გამოირჩევა ძალზე ზუსტი 120 მმ-იანი სატანკო ქვემეხით, რომელიც ნატოსა და რუსეთის ყველა სხვა ტანკის ლულისგან განსხვავებით, გლუვლულიანი კი არა, ხრახნლულიანია, რითაც მიიღწევა ჭურვის გასროლის ძალიან მაღალი სიზუსტე 3-5 კმ-ის სიშორეზეც კი.

2-chelenjeri-1673865557.png
Challenger 2-ი თავისი 120 მმ-იანი ხრახნიანი ლულიდან გასროლ ჭურვებს დიდი სიზუსტით არტყამს 3 კმ-ზე დაშორებულ სამიზნეებსაც კი...

ბრიტანეთის მიერ "ჩელენჯერების" გადაცემამ კი, წესით, უნდა უბიძგოს გერმანელებს "ლეოპარდების" უკრაინაში გაგზავნაზე, მაგრამ წმინდა პოლიტიკურის გარდა, ეს სამხედრო მნიშვნელობასაც შეიძენს, თუკი პირველ 14 "ჩელენჯერს" ბრიტანელები კიდევ ორ სატანკო ესკადრონსაც მიაყოლებენ და უკრაინის არმია ერთ სატანკო ბატალიონს მაინც შეაგროვებს - ბრიტანეთმა 1994 წლის შემდეგ 386 "ჩელენჯერ 2"-ი გამოუშვა და ეხლა მისი არმიის შეირაღებაში 225 ასეთი ტანკი მაინც რჩება, ასე რომ, ბრიტანეთის არმიისთვის ეს შეუძლებელი არ არის...

საუკეთესოდ დაცულ ბრიტანულ "ჩელენჯერ 2"-ებს, წესით, ნაკლებად უნდა "ეშინოდეთ" რუსული სატაკო ჯავშანგამტანი ჭურვების და ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი რაკეტების შუბლა ჯავშანში მოხვედრის - პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ ომში, რომელშიც "ჩელენჯერ 2"-მა 2003 წელს ერაყში მიიღო მონაწილეობა, ერთ "ჩელენჯერს" 15 საბჭოთა/რუსული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარა მოარტყეს, მაგრამ - უშედეგოდ, ხოლო ქალაქ ბასრის იერიშისას ამ ომში მონაწილე 120 "ჩელენჯერიდან" 70-ს ხელის ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარსატორცნიდან ესროლეს, მაგრამ ბრიტანული ტანკების ჯავშანმა ყველა შემთხვევას გაუძლო, ერთი "ჩელენჯერი" სხვა ბრძოლის დროს კი იმიტომ აფეთქდა, რომ "მეგობრული ცეცხლით" ახლოს მყოფი სხვა "ჩელენჯერის" ეკიპაჟის მიერ შეცდომით ნასროლმა ჭურვმა იმსხვერპლა.

მაგრამ უკრაინის ფრონტზე გამოჩენის შემთხვევაში, 75-ტონიან ბრიტანულ "ჩელენჯერ 2"-ებს რუსული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებზე მეტად შეიძლება სხვა სერიოზული პრობლემა გაუჩნდეთ, რადგან საბჭოთა დროს აშენებული ადგილობრივი მნიშვნელობის ხიდები უკრაინაში (ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის - საქართველოშიც), ძირითადად, საბჭოთა ტანკების გავლაზე იყო გათვლილი და მათი გამძლეობა 50-60 ტონის ფარგლებშია.

კიდევ ერთი პრობლემა შეიძლება წარმოიქმნეს ამ მძიმე ტანკების ფრონტის ხაზამდე მიყვანისას, რასაც შესაბამისი ტვირთამწეობის უნაგირა გამწევები სჭირდება, რაც უკრაინაში ნაკლებად მოიპოვება სამხედრო ტიპის სახით, თუმცა აქ გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს სამოქალაქო ტრალების გამოყენებით.