ქართული ეთნო კულტურა და ხასიათი წარმოუდგენელია ეროვნული სამოსის გარეშე
სრულიად შემთხვევით მივაგენი „ისტორიის მამის“ ჰეროდოტეს (ძვ.წ.მე-5 საუკუნე) ცნობას ქართული ტრადიციული სამოსისა და მისი განვითარების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ქართული ტანსაცმლის ისტორიისთვის ეს უმნიშვნელოვანესი წყაროა: „კავკასიაში მცხოვრებნი განსაკუთრებულ ფოთლებს ახმობდნენ, ნაყავდნენ, ურევდნენ წამალს და ამით ხატავდნენ ტანსაცმელს. ეს ნახატები დროთა განმავლობაში კი არ ხუნდებოდა, არამედ ცვდებოდა სამოსთან ერთად, თითქოს თავიდანვე შიგ იყო ჩაქსოვილი...“
ჩვენი, რომელი კუთხის ტანსაცმელი აღარ გამახსენა ამ სიტყვებმა და ისტორიული პარალელის გავლების სურვილიც გამიჩინა. სანამ ქართული სამოსის ისტორიის საინტერესო დეტალებს გადავხედავთ, აქვე გეტყვით, რომ ჰეროდოტე, ასევე დიდი წარმოდგენისა იყო კოლხურ სელზე. არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება, რომ საქართველო მიჩნეულია სელის ქსოვილის წარმოების ერთ-ერთ ძველ ცენტრად. გახსოვთ, არქეოლოგების აღმოჩენა? ზემო იმერეთში მიკვლეული სელის ბოჭკოს ქსოვილის ნაშთი, რომელიც პალეოლითის ხანის, ანუ 34 000 წლის წინანდელ არქეტიპად არის მიჩნეული.
ჰეროდოტეს გარდა, არაერთი უცხოელი ავტორი შეეხო ქართველ ტომთა ჩაცმულობას, ამასთანავე, მეომრებისას, რომელთა საომარ აღჭურვილობაში ადვილი გამოსარჩევია საერო სამოსის ელემენტები. მაგალითად, ქსენოფონტეს ცნობით (ძვ.წ. მე-5 საუკუნე), ხალიბებს და მოსინიკებს მუხლამდე დაშვებული, სელისგან დამზადებული კვართები ეცვათ. ქართული ეთნო კულტურა შეუძლებელია წარმოვიდგინოთ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული და განვითარებული ეროვნული კოსტიუმის გარეშე.
მოსასხამების, კაბებისა და შარვლის სახეობები დამოწმებულია, მე-7 - მე-14 საუკუნეების ძეგლებზე... როგორც ქართული სამოსის ერთ-ერთი მკვლევარი ლუარსაბ ტოგონიძე აღნიშნავს: „სამოსის კულტურა, როგორც ადამიანის ესთეტიკური ხედვისა და მენტალობის ერთ-ერთი გამომხატველი, ხასიათდება სიახლით, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს ამ დარგში ცალკეული ეტაპების ჩამოყალიბებას. ქართველთა ცხოვრების წესი და ეს ჩაცმულობაც აისახა ჩვენს ისტორიაში. ბევრი რამ დავიწყებას მიეცა. ბევრი სახელი, რომელიც ისტორიამ შემოინახა, ჩვენთვის უცნობია...“
თურმე, ნუ იტყვით და როგორც მკვლევრები ამბობენ, გვიანი შუა საუკუნეების ქართული ჩაცმულობის შესახებ მდიდარი მასალაა დაცული ე. წ მზითვის წიგნებში. როგორც ცნობილია მზითევი ოჯახიდან ქალისთვის მიცემული ქონება იყო. ის ფორმდებოდა საბუთით, რომელსაც იურიდიული ძალა ჰქონდა და ამდენად, სანდო ისტორიული დოკუმენტია.
ქართული კაბის ქვეშ იცვამდნენ გრძელ პერანგსა და შეიდიშს (იგივე ნიფხავი, საწმერთული), რომელთაც გარე საცვალსაც უწოდებდნენ. შეიდიშის სახელი ქსოვილის სახეობიდან მომდინარეობდა. მისი ბოლოები იქარგებოდა. ქალები შეიდიშს საცვლის ზემოდან იცვამდნენ. ის ქალისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო ცხენით მგზავრობისას. მდიდრულად ნაქარგი შეიდიშის ბოლოს გამოჩენა სირცხვილად არ ითვლებოდა. მზისთვის წიგნებში მითითებული მასალიდან ირკვევა, რომ განსაკუთრებით მდიდრულად მოქარგული და შემკული შეიდიშები თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
კახეთსა და ქართლში ქორწილის დროს პატარძალს ორ ლეჩაქს ახურავდნენ. ერთი ჩიხტის სახელით არის ცნობილი, მეორე ჩიხტის ზევიდან უკან ეშვებოდა და ჩათხი ეწოდებოდა.
სვანი ქალის სამოსის კომპლექტი წარმოუდგენელია ვერცხლის სამკაულების გარეშე. მათი სრულყოფილი სახე, სადღესასწაულო სამოსში აისახებოდა. სამოსის განუყოფელი ნაწილი იყო ჩაფრასტები - გულისპირზე დაკიდებული ერთგვარი დუგმები. ვერცხლის ან ოქროში დაფერილი ქამარი.
ქართველი მამაკაცის სამოსთან დაკავშირებულ აქსესუართა შორის ერთ-ერთი საინტერესო და იშვიათია ე .წ საულვაშეები, რომელთა დანიშნულებასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს. ერთი უკავშირდება ქართველი მამაკაცის საულვაშის ფორმას. ლამაზად დაყენებული, ე. წ „აწკეპილი“ ულვაში კარგად უნდა მდგარიყო და მისი ფორმა ძილის დროს არ შეცვლილიყო. ღამე ქართველი მამაკაცი ულვაშზე საულვაშეს მოირგებდა და მის ორ ბოლოზე მიკერებულ ზონრებს კეფაზე შეიკრავდა. ეს ულვაშს ფორმას უნარჩუნებდა. მეორე მოსაზრების თანახმად, მამაკაცი ულვაშს მაშინ აიკრავდა, როცა ის ეზიარებოდა. მისი ულვაში სიწმინდეს რომ არ შეხებოდა, ამაში მას საულვაშე ეხმარებოდა.
ისტორიას რომ გადავხედოთ მე-12 საუკუნის ფრანგულ „ქრონიკაში“ მანუელ კომნენის მიერ ლუი მე-7 კარზე გაგზავნილ წერილში ტანსაცმლის აღწერისას ნახსენებია ე. წ იბერიული ყაიდის იისფერი კაბა, რომელსაც თავად იმპერატორი ატარებდა.
ბევრი საინტერესო და უცნობი სამოსია ქართულ-იბერიული წარმომავლობის, მაგრამ რაც ყველამ ვიცით ეს ქართული ჩოხაა და ცოტა ჩოხის შესახებაც ვთქვათ. მე-18 საუკუნის დასასრულისთვის ქართული სამოსის ისტორიაში მკვიდრდება კაბის სახეობა -ჩოხა, რომელმაც გულისპირზე დაკერებული ქილების წყალობით განსაკუთრებული ორიგინალობა შეიძინა და საყოველთაოდ გავრცელდა. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ჩოხის სხვადასხვა სახეობა და საბოლოოდ, ჩოხამ იმდენად მასშტაბურად დაიმკვიდრა ადგილი, რომ ქართულ კაბასთან ერთად ეროვნული სამოსის სიმბოლოდ იქცა. ჩოხაზე ატარებდნენ ვერცხლის ქამრებს, ვერცხლისავე ქარქაშიანი ხანჯლით. როგორც მკვლევრები ამბობენ, ვერცხლის ქამრებში სრულყოფილად გამოვლინდა კავკასიის ხალხთა საოქრომჭედლო კულტურა.
ტანსაცმლის ცვალებადობით გამოწვეული უკმაყოფილება, რასაც განაპირობებდა დამპყრობთა მიერ თავს მოხვეული კულტურა, ყველა ეპოქის თანმდევი იყო. მე-19 საუკუნეში კი ფაქტიურად რადიკალურად შეიცვალა, ევროპიდან შემოტანილმა მდიდრულმა ტანსაცმელმა ქართული ჩაცმულობა ჩაანაცვლა.
დიდ ქალაქებსა და დაბა-ქალაქებში სპეციალური ადგილები იყო გამოყოფილი, სადაც ამუშავებდნენ ტყავს. ამ ადგილს დაბახანა ეწოდებოდა. განთქმული იყო გოგირდის აბაზანებით. თბილისში მედაბღეთა ამქარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო...
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, კომუნისტური ეპოქის დადგომისთანავე ეროვნული ტანსაცმელი, სხვა ტრადიციებთან ერთად დრომოჭმულად გამოცხადდა... დღეს თუ ვინმე იცვამს ეროვნულ ტანისამოსს უმძაფრდება ეროვნული ღირსების განცდა და პატივისცემა წინაპრების მიმართ... და, თუ მოგენატრებათ ეროვნულ მუზეუმში ტრადიციული ტანსაცმლის მუდმივმოქმედი გამოფენა შეგიძლიათ იხილოთ.
პროფესორი დავით ლორთქიფანიძე ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნავდა: „ საქართველოს ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამოსი აღფრთოვანებას იწვევს თანამედროვე საზოგადოებაში. უცხოელებისთვის ის საინტერესოა როგორც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ეგზოტიკური ქვეყნის კულტურის ნაწილი, ქართველებისთვის კი საკუთარი იდენტიფიკაციის, ისტორიის და ტრადიციის გააზრების ერთ-ერთი საშუალება“.