"ქართული ოცნების“ ჩამოშორებაზე კონკრეტული გეგმა გვაქვს, დაელოდეთ" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების“ ჩამოშორებაზე კონკრეტული გეგმა გვაქვს, დაელოდეთ"

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით "ხალხის ძალის“ დღევანდელი განცხადება რეალურად „ქართული ოცნების“ პოზიციაა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება ფაქტობრივად, მუქარაც არის: „თუ რამე, მზად ვართ, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურება დავაჩქაროთ“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ რუსული სპეცსამსახურის დამახასიათებელი მექანიზმებით მოქმედებს.

„ჩვენ ხომ გვესმის, ეს უსახელო და უგვარო დეპუტატები რომ გამოვიდნენ, რეალურად კობახიძის დაწერილი განცხადებაა, ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია. ფაქტობრივად, მუქარაც არის: თუ რამე, მზად ვართ, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურება დავაჩქაროთ. ეს ყველაფერი ამას ნიშნავდა. ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ გაკეთებული განცხადება სხვას არაფერს არ ნიშნავს. თვითონ აკონტროლებენ პენიტენციურ სისტემას, ციხეს და ყველაფერს.

ეს არის ალიბის შექმნა იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ რომ დასჭირდეთ, ეს განცხადება გამოიყენონ. ეს არის ალიბის შექმნა.

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი ამოწურა. ეს არის ძალით ხელისუფლებაში მყოფი არალეგიტიმური, პოლიტიკური დაჯგუფება, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, უარი უთხრას ევროკავშირის გზას, მიებას რუსეთს, აქედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების კონკრეტული გეგმა აქვს, რომელსაც მიმდინარე კვირას გააჟღერებენ.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა. თუ ჩვენ გვინდა, რომ გადავრჩეთ, ვიცხოვროთ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, არ ვიყოთ მაჩანჩალა და დავიბრუნოთ დემოკრატიის და რეფორმების ჩემპიონის სტატუსი, ერთადერთი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი - „ქართული ოცნების“ მმართველობიდან ჩამოშორება. ამაზე, ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს. ამ კვირაში ბევრ სიახლეს გაიგებთ. ამ კვირაში და მომდევნო დღეებში ბევრ სიახლეს ნახავთ. დაელოდეთ. თვე ნახევარი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბევრ ადამიანთან გვესაუბრა. სანამ საცივის ჭამით იყო ბევრი ადამიანი დაკავებული, ჩვენ ვმუშაობდით (ამ პრეტენზიას „ქართულ ოცნებას“ ვუყენებ). ქვეყანაში 5 - დღიანი დასვენება გამოაცხადეს, გეგონება აწყობილი იყოს ყველაფერი. ვიძახით, გვშია, ეკონომიკა ასაშენებელია, საქმე გასაკეთებელია და დასასვენებლად წავიდნენ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა“.

"ინტერპრესნიუსი"