"ექსკლუზიურად გაგანდობთ, როგორ ვგეგმავდით "მიმინო 2"-ის გადაღებას, სცენარი ახლაც ჩემთანაა" - კვირის პალიტრა

"ექსკლუზიურად გაგანდობთ, როგორ ვგეგმავდით "მიმინო 2"-ის გადაღებას, სცენარი ახლაც ჩემთანაა"

"სცენარი არსებობს, რომელზეც მეც ვმუშაობდი და ფილმი უნდა გადაგვეღო, რაც, სამწუხაროდ, ვერ შედგა და გული ძალიან მწყდება... ამ ფილმში - "მიმინო 2"-ში იმავე ისტორიის განმეორება კი არ იქნებოდა, ყველა თავის თავს ითამაშებდა. ბუბა - ბუბა კიკაბიძეს, რეზო გაბრიაძე - თავისას და ასე შემდეგ...", - ცნობილი მუსიკოსი დათო ევგენიძე პირველად "კვირის პალიტრასთან" საუბრობს, როგორ იგეგმებოდა - "მიმინო 2"-ის გადაღება... იგი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას დიდი ეპოქის დასასრულს უწოდებს...

- მე ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ბუბა კიკაბიძე გავიცანი... ჩემი ბებია - ქეთევან მაღლაფერიძე და ბუბას დედა - ნატო ბაგრატიონი სანდრო კავსაძის ანსამბლში ერთად მღეროდნენ, უახლოესი მეგობრები იყვნენ.

ბებია სულ მეუბნებოდა, რა უცნაურია, ბუბაზე დედამისი სულ ჩივის, რატომ ამღერდაო... მე გაგიჟებული ვიყავი, ბუბა იმდენად მიყვარდა და სულ მიკვირდა დედამისის ეს პოზიცია. ვერაფრით ვხსნიდი, რატომ არ იყო კმაყოფილი, ბუბა რომ მღეროდა... წლების შემდეგ ბუბას ერთ-ერთ ინტერვიუშიც მოვისმინე, დედა ყოველთვის მიშლიდა, არ იმღეროო... ნატო ბაგრატიონი ქართული ხალხური სიმღერის საოცარი შემსრულებელი იყო.

evgenidze-1651386372.jpg

შემდეგ მე მქონდა ბედნიერება, ბუბას დავახლოებოდი... ბუბა კიკაბიძის შვილთან ვმეგობრობდი, ასევე, ახლო მეგობრობა მაკავშირებდა გიორგი დანელიას შვილთან - კოლიასთან, რუსეთში, მის სახლში, ბუბა კიკაბიძეს ხშირად შევხვედრივარ.

როდესაც მოსკოვის კონსერვატორიაში ვსწავლობდი, ჩვენი სამეგობრო წრე ისეთი იყო, სადაც ბუბას ხშირად უწევდა ყოფნა და ეს, ყველაფერი ენით აღუწერელი ბედნიერება იყო.

1980-იანი წლების ბოლოს გემზე უზარმაზარი ფესტივალი ჩატარდა, სადაც ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, რეჟისორები - ელდარ შენგელაია, ოთარ იოსელიანი და ისეთი საზოგადოება შეიკრიბა, ვინც თანამედროვე ქართული კულტურა შექმნა... ჩვენც, ახალგაზრდებიც იქ ვიყავით და ამ ხალხთან მართლაც საოცრება იყო ყოფნა. ეს იყო ძალიან დიდი დღესასწაული... ფესტივალის მიმდინარეობის დროს საშინელი ღელვა დაიწყო და გემი ბათუმის პორტში ვერ შევიდა. მაშინ, საბედნიეროდ, აფხაზეთი ჩვენი იყო და იქითკენ წავედით. გემი ბიჭვინთაში გავაჩერეთ, გადმოვედით და რაც იქ სანაპიროზე ხდებოდა, მსგავსი რამ აღარსად განმეორდება -სპონტანურად ცეკვები, სიმღერები, კონცერტი... საბედნიეროდ, ფოტოც მაქვს, გემზე როგორ ვართ ჩამომსხდარნი, სადაც ჩემი ცნობა უჭირთ, ნახევრად თავგადაპარსული, ბუბას წინ ვზივარ.

ბუბა კიკაბიძეს თავის შემოქმედებით იმდენად ბევრი ადამიანი ჰყავს გაბედნიერებული, იქნებოდა ეს ფილმები თუ სიმღერები, დღეს ლექსს ვწერდი და იქაც მივუძღვენი, თბილისი დაპატარავდა, რაც თქვენ წახვედით-მეთქი...

ბუბა რომ მღეროდა, განსხვავებული ხიბლი, არტისტიზმი სულ თან ახლდა... ეს ნიჭი ჩვენმა დიდმა რეჟისორებმა დაინახეს, ცალკე საუბრის თემაა, რას ნიშნავს მისი ფილმები. ბუბა კიკაბიძის გმირები უდიდესი საჩუქარია, რადგან ისინი ყველა ოჯახში დიდი სიყვარულით "შევიდნენ". ციტატები ცხოვრებაში გადმოდიოდა. ეს არის უზარმაზარი ეპოქა და ჩვენ ბედნიერება გვქონდა, ეს პირადად მიგვეღო.

დაუვიწყარია ბუბას როლი გიორგი შენგელაიას ფილმში "ვერის უბნის მელოდიები"... ნიკუშა შენგელაია ჩემი მეგობარი გახლავთ, ბავშვობიდან ძმაკაცები ვართ და ის პროცესიც კი გვახსოვს, როდესაც ამ ფილმზე მუშაობდნენ. პატივი მქონდა, ქალბატონ სოფიკო ჭიაურელთან, ამ ბუმბერაზ ადამიანებთან ბავშვობიდან მქონოდა კონტაქტი...

- თქვენ სცენაზე, სცენის მიღმა ბუბა კიკაბიძეს ძალიან ხშირად შეხვედრიხართ...

- დიახ და ძალიან დიდი ბედნიერება იყო იმ სცენაზე გასვლა, სადაც ბუბა კიკაბიძე მღეროდა... სოლოკონცერტებს მართავდა, როცა ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები ჰქონდა და ეს საერთოდ არ ეტყობოდა. ეს ადამიანი სცენისთვის იყო დაბადებული და სცენაზე თავიდან ცოცხლდებოდა.

ჩემს გადაცემაში - "მუსიკის 12 მოციქული" სტუმრად უნდა მოსულიყო, მაგრამ იმ პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაუარესდა. ძალიან გული დამწყდა, ამ გადაცემაში ჩვენი შეხვედრა რომ ვერ შედგა, უზარმაზარი გულისწყვეტა მაქვს. ვერ მოვასწარი მას კიდევ ერთხელ მოვფერებოდი.

- თუ არ ვცდები, თქვენ ერთდროულად განაცხადეთ უარი რუსეთში მოღვაწეობაზე...

- დიახ, რუსეთიდან ერთდროულად წამოვედით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო... ბატონი ბუბას საქციელი ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო, რადგან მეც ზუსტად ისე მოვიქეცი. ეს ჩვენთვის იმდენად ჩვეულებრივი იყო, ერთმანეთს რომ ვხვდებოდით, საუბრადაც არ გვიღირდა... როდესაც შენს სამშობლოს ბომბავენ, იმ ქვეყნიდან მოდიხარ და ეს აბსოლუტურად გასაგებია! ამას გადაწყვეტილების მიღებაც არ სჭირდება. ნებისმიერი წესიერი ქართველი, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი იმავეს გააკეთებდა.

dato-evgenidze-evgenidze.jpg

საუბრის დასასრულს უმნიშვნელოვანესი რამ უნდა გაგანდოთ, რაზეც ჯერ არსად გვისაუბრია... რიმეიქი არ მიყვარს, მაგრამ ჩვენ "მიმინო ორის" გადაღებას ვგეგმავდით. ეს რეზო გაბრიაძეს, გიორგი დანელიასაც ვუთხარით. სამწუხაროდ, პანდემია მაინცდამაინც მაშინ დაემთხვა, რამაც მუშაობის პროცესი შეგვიჩერა.

მთელი ისტორია კი ასეთი იყო: ფილმიდან ყველას ახსოვს ბუბა კიკაბიძის გმირს სტიუარდესასთან რომანი რომ აქვს... ახალ სცენარში მოვიფიქრეთ, რომ ეს სტიუარდესა ცოლად ბუბა კიკაბიძის გმირს არ მიჰყვება, სადღაც ამერიკაში თხოვდება, მაგრამ ამისგან შვილი ჰყავს. შემდეგ დედა ავად ხდება და შვილს მამის შესახებ უყვება, ბუბა ვისაც თამაშობს, მის პროტოტიპზე... ის თბილისში ჩამოდის და მამის ძებნას იწყებს. ფილმის შემქმნელებთან - რეზო გაბრიაძესთან, გიორგი დანელიასთან, გია ყანჩელთან, ბუბა კიკაბიძესთან მიდის, თუ ვისი პროტოტიპი იყო ბუბა, მამა რომ იპოვოს... ბუბას მისამართი აქვს და თავის პროტოტიპთან, კახეთში აგზავნის. მას მამა გარდაცვლილი დახვდება და ეზოში ძაღლი - "ზარბაზანა" ხვდება.

ასეთი სცენარი არსებობს, მასზე მეც ვმუშაობდი და ფილმი უნდა გადაგვეღო, რაც, სამწუხაროდ, ვერ შედგა... ძალიან გული მწყდება. ამ ფილმში "მიმინო 2--ში იმავე ისტორიის განმეორება კი არ იქნებოდა, ყველა თავის თავს ითამაშებდა. ბუბა - ბუბა კიკაბიძეს, რეზო გაბრიაძე - თავის თავს და ასე შემდეგ... ფინალი ასე მთავრდებოდა, რომ ეს ამერიკელი ბიჭი გეგმავს ფილმი გადაიღოს - "მიმინო 2"...

სამწუხაროდ, იყო ფინანსური, შემდეგ - ჯანმრთელობის პრობლემები და ძალიან მალე, ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ ჩვენი ლეგენდები... ამ სცენარის არსებობაც ძალიან დიდი რამაა, რაღაცნაირად მიძღვნა დარჩა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქართული კულტურა გაამდიდრა... მე ფილმის კომპოზიტორი უნდა ვყოფილიყავი, უფლება აღებული გვქონდა გია ყანჩელისაგან, ფილმში მისი მუსიკა უნდა გამოგვეყენებინა. ამ სცენარის ბოლო ვერსია ჩემი დაწერილია და სცენარიც ჩემთან ინახება.

მინდა ორი რამ ვუთხრა ქართველ ერს: უდიდესი ტკივილია, რომ ბუბა კიკაბიძე აღარ არის და რამდენად დიდი ბედნიერებაა, ბუბა კიკაბიძე რომ გვყავს!

(სპეციალურად საიტისთვის)