"ისეთი "პოლიტიკური შენობა" გვაქვს, რომელიც რეკონსტრუქციას აღარ ექვემდებარება, მთლიანად უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს" - კვირის პალიტრა

"ისეთი "პოლიტიკური შენობა" გვაქვს, რომელიც რეკონსტრუქციას აღარ ექვემდებარება, მთლიანად უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს"

"ვის აბოლებ?!", "ჩმორი ხარ!", "რამდენიც მითქვამს, იმდენი მოგხვდა...", "გცემ!" - ეს სიტყვები ქუჩაში ნათქვამ-გაგონილი არ გეგონოთ, ამ სიტყვებით ჩვენი ქვეყნის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ მიმართა ოპოზიციური პარტიის, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს, პოლიტიკურ ტოქ-შოუში. რატომ მეტყველებენ მსგავსი ფრაზებით ქვეყნის მმართველები, რა გავლენას ახდენს მათი მენტალობა პოლიტიკურ პროცესზე და რა გამოწვევის წინაშე აყენებს ქვეყანას, ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი და პოლიტიკური მეცნიერების მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე გვესაუბრებიან.

გია ხუხაშვილი:

- ე.ი. უკვე პოლარიზაციაზე აღარ არ არის საუბარი, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის. დაპირისპირებას თავი დავანებოთ, როდესაც ხელისუფლებაში ისეთი მანერებისა და ლექსიკის მქონე ადამიანები არიან, როგორიც ირაკლი ზარქუაა, სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი დგება დღის წესრიგში. ასეთი მენტალობის, აღზრდისა და განათლების მქონე ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა ქვეყანას აყენებს ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე, ე.ი. ჩვენ არაადეკვატური ხელისუფლება გვყავს. ეს არაადეკვატური ადამიანები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, ისინი არიან პასუხისმგებლები თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების და შვილიშვილების აწმყოსა და მომავალზე. წარმოგიდგენიათ რა დღეში ვართ?!

- ერთია, მანერები და მეტყველება, მაგრამ რას ნიშნავს, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ოპოზიციონერ ლიდერს ცემით ემუქრება, ზოგადად, პოლიტიკური პროცესი ხომ არ კარგავს აზრს და, საერთოდაც, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშეც ხომ არ ვდგებით?

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან საშიში პროცესია. პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს. პოლიტიკური პროცესი ჰქვია სიტუაციას, როდესაც პოლიტიკური ელიტა ფიქრობს, დავობს, მსჯელობს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების და ამოცანების გადაწყვეტაზე, განვითარებაზე. ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება. ჩვენ მხოლოდ ჩხუბსა და კინკლაობას ვხედავთ. პოლიტიკა პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებებს კი არ ნიშნავს, ეს არის პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის ხელოვნება, ზრუნვა ქვეყნის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით არც ხელისუფლება აკეთებს რამეს და არც ოპოზიცია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არის მკვდარი, დეგრადირებული. ჩვენ ახლა ისეთი "პოლიტიკური შენობა" გვაქვს, რომელიც რეკონსტრუქციას აღარ ექვემდებარება, მთლიანად უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს.

თენგიზ ფხალაძე:

- ირაკლი ზარქუასა და გიორგი ვაშაძის დაპირისპირება პოლიტიკურ ტოქ-შოუში არ მინახავს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ ქვეყანაში რთული ვითარებაა. პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთის შეურაცხყოფა ძალიან დამაზიანებელია, როგორც საკუთრივ მათთვის, ასევე - პოლიტიკური პროცესისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის. როდესაც ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს, შედეგიც არ დგება კარგი. იზრდება პოლარიზაცია, მოდის ემოცია და იკარგება რაციონალიზმი. თანამედროვე ცივილურ სამყაროში საჯარო პოლიტიკა მოითხოვს

ინკლუზიურობას - პროცესში სხვადასხვა აქტორის ჩართვას. სხვათა შორის, დიდი ხანია, ამერიკელი პარტნიორები და ევროკავშირის წარმომადგენლები ამისკენ მოუწოდებენ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები დასავლელი კოლეგების რჩევებს არ ითვალისწინებენ. შესაბამისად, ქვეყანაში გვაქვს მოცემულობა, როდესაც პროცესი მიდის არა თანამედროვე პოლიტიკის, არამედ ქუჩის პოლიტიკის წესებით. შედეგიც შესაბამისია, საქართველოში დღეს პრობლემები არ წყდება.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე