საბჭოთა დისიდენტების გულუბრყვილო მცდელობები საბჭოთა რეჟიმის "გასაუმჯობესებლად"
საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ისტორიის სიღრმისეული ანალიზი არ არის ჩვენი საუბრის მთავარი თემა და ეს მძიმე საქმე ისტორიკოსებს დავუტოვოთ. ფაქტია, რომ გასული საუკუნის 60-80-იანი წლების მოვლენების შეფასება ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ძალზე გართულებულია. ამ პრობლემაში "წვლილი" მიუძღვის, როგორც კა-გე-ბეს (რომელიც ყველანაირად ცდილობდა ობიექტური სურათის შეცვლას) ასევე თავად დისიდენტებსაც (რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეების გამო ძირითადად სუბიექტურად აფასებდნენ მოვლენებს და საკუთარ ადგილს დისიდენტურ მოძრაობაში). ამიტომ, ზამოაღნიშნული გარემოება უნდა გავითვალისწინოთ, როგორც კა-გე-ბეს "სრულიად საიდუმლო" გრიფის დოკუმენტების, ასევე საბჭოთა და ქართველი დისიდენტების (ლ. ალექსეევას, ვ. ბუკოვსკის, ზ. გამსახურდიას, ვ. რცხილაძის და სხვ.) მოგონებების ციტირებისას.
როგორ შეიქმნა საბჭოთა დისიდენტური მოძრაობა და რა ძირითადი მიზნები ჰქონდა მას?
მიჩნეულია, რომ საბჭოთა მწერლების ანდრეი სინიავსკისა და იული დანიელის სასამართლო პროცესი ( რომელიც 1966 წლის თებერვალში დასრულდა და მათ შესაბამისად 7 და 5 წელი მისაჯათ რსფსრ სს კოდექსის 70 მუხლით: "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა". მათი მთავარი "დანაშაული" ის იყო. რომ საკუთარ ნაწარმოებებს საზღვარგარეთ აქვეყნებდნენ ) იყო ის ათვლის წერტილი, რომელმაც ბიძგი მისცა საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის დაწყებას.

ა. სინიავსკი და ი. დანიელი
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სტიქიურ საპროტესტო გამოსვლებში, რაც საბჭოთა კავშირისთვის სრულიად უჩვეულო იყო, ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო მსჯავრდებულების დასაცავ წერილებს ცნობილი საბჭოთა და უცხოელი მეცნიერები და მწერლები აწერდნენ ხელს.
საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი ლუდმილა ალექსეევა ათწლეულების შემდეგ ამგვარად იხსენებდა იმ პერიოდს:
"1968 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა წლად გამოცხადდა. . . . მომავალი ადამიანის უფლებათა მოძრაობის ყველაზე გამოჩენილი და აქტიური მოღვაწეები შეიკრიბნენ პეტრე გრიგორენკოს ნათესავის აგარაკზე. იქ იყვნენ თავად გრიგორენკო, ნატაშა გორბანევსკაია, ლარისა ბოგორაზი და ვიქტორ კრასინი. სწორედ იქ გადაწყდა, რომ გაეროს მიერ გამოცხადებული ადამიანის უფლებათა წელი საბჭოთა კავშირში ბიულეტენის გამოცემით აღინიშნულიყო, რომელიც ყოველ ორ თვეში ერთხელ გამოიცემოდა. ნატაშა გორბანევსკაიამ... მოიფიქრა სახელი "მიმდინარე მოვლენათა ქრონიკა". . . პირველი ბიულეტენი გამოვიდა 1968 წლის 30 აპრილს და იყო 18 მანქანაზე ნაბეჭდი გვერდი. იყო ახალი ამბები მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, ინფორმაცია ყირიმელი თათრების შესახებ და საპატიმრო ბანაკებიდან. არავინ იცოდა ვინ გამოსცემდა ბიულეტენს, რადგანაც მითითებული არ იყო ავტორები".

ნატალია გორბანევსკაია
პირველი დისიდენტური ბიულეტენი ფარულად მრავლდებოდა: ტექსტს საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდნენ რამდენიმე ცალად და შემდეგ მეგობრებში ავრცელებდნენ. ასე გადადიოდა ხელიდან ხელში საბჭოთა კავშირში პირველი არასამთავრობო საინფორმაციო ბიულეტენი.
რა ინფორმაცია იყო ქრონიკაში? განსხვავებული აზრის გამო დევნის ფაქტები, დაპატიმრებები, სასამართლო პროცესები, სასამართლო ანგარიშები, სიახლეები საპატიმროებსა და სასჯელაღსრულებით ბანაკებში მყოფთა შესახებ (ვინ გახდა ავად, ვინ ჩასვეს კარცერში, ვინ გაათავისუფლეს, ვინ შიმშილობდა) . "ბიულეტენში" ასევე იყო ინფორმაცია მორწმუნეთა დევნაზე,
ეროვნული მოძრაობების მონაწილეების დაპატიმრებებზე , "დეპორტირებული ხალხების" ბრძოლაზე სამშობლოში დასაბრუნებლად (ყირიმელი თათრები, მესხები, გერმანელები) და ა.შ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წელს დაწერილ "ავტობიოგრაფიაში" იხსენებდა: "როდესაც პირველად ვნახე მოსკოვის არალეგალური ჟურნალი "მიმდინარე მოვლენათა ქრონიკა", სრულიად ახალი პრობლემის წინაშე დავდექი : როგორ შევუთანხმო ცხოვრებისადმი ის დამოკიდებულება, რაც აქამდე მქონდა, ყველაფერ იმასთან, რაც სსრკ-ში ხდება? . . . .გადაწყვეტილება მიიღებულ იქნა: ვალდებული ვარ ახლოს გავეცნო ყველაფერს, რაც ხდება. ამ მიზნით სწრაფად გავიცანი ადამიანის უფლებადამცველი მოძრაობის წამყვანი მოღვაწეები, თანდათან გავეცანი "სამიზდატის" გამოცემებს და ინტენსიურად დავიწყე დასავლური რადიოსადგურების მოსმენა."
"მიმდინარე მოვლენათა ქრონიკის" ბოლო ბიულეტენი 1982 წელს დაიბეჭდა. ამ პერიოდის მნძილზე იყო ერთი დიდი შეფერხება, როდესაც 1972 წლის ზაფხულში კა-გე-ბემ ცნობილი დისიდენტები პეტრე იაკირი და ვიქტორ კრასინი დააპატიმრა. "ჩეკისტებმა" იაკირის საშუალებით დისიდენტებს შეუთვალეს: რამდენ ბიულეტენსაც კიდევ დაბეჭდავთ, იმდენ წელს დავუმატებთ ორივესო. საინტერსო ფაქტია, რომ კა-გე-ბეში დაკითხვების დროს იაკირმა და კრასინმა, დანაშაული მოინანიეს, ორასზე მეტი საბჭოთა დისიდენტი გასცეს და მათ წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს. 1974 წელს სამმა ცნობილმა დისიდენტმა: სერგეი კოვალიოვმა, ტატიანა ველიკანოვამ და ტატიანა ხოდოროვიჩმა აიღეს პასუხისმგებლობა "ქრონიკის" გამოცემაზე. ამის შემდეგ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაიწყო კა-გე-ბეს ფართო შეტევა "ბიულეტენის" ავტორთა და გამავრცელებელთა წინააღმდეგ. როგორც უკვე ითქვა "მიმდინარე მოვლენათა ქრონიკის" ბიულეტენები ძირითადად საინფორმაციო ხასიათს ატარებდა.

ცნობილი დისიდენტი გენერალი გრიგორენკო.
საბჭოთა კავშირში პირველი დისიდენტური ორგანიზაცია 1969 წლის მაისში შეიქმნა. ეს იყო "სსრკ-ში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი", რომელმაც 1976 წლამდე იარსება. 1976 წლის 12 მაისს დისიდენტმა იური ორლოვის ინიციატივით "მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის" შეიქმნა. სადაც გაერთიანდნენ: იური ორლოვი, ლუდმილა ალექსეევა, მიხაილ ბერნშტამი, ელენა ბონერი, ალექსანდრე გინზბურგი, პეტრე გრიგორენკო, ალექსანდრე კორჩაკი, მალვა ლანდა, ანატოლი მარჩენკო, ვიტალი რუბინი, ანატოლი შარანსკი. 1976-1977 წლებში ჰელსინკის ჯგუფები შეიქმნა უკრაინაში (1976 წლის 9 ნოემბერი), ლიტვაში (1976 წლის 26 ნოემბერი), საქართველოში (1977 წლის იანვარი) და სომხეთში (1977 წლის აპრილი) .
"ჰელსინკის ჯგუფების" მთავარი მიზანი იყო საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ჰელსინკის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების მთავრობებისთვის მიწოდება.
საბჭოთა დისიდენტური მოძრაობა მიზნად ისახავდა საბჭოთა სისტემის არა შეცვლას, არამედ არსებული კონსტიტუციისა და კანონების ფარგლებში გაუმჯობესებას. დისდიენტები ხშირად ხუმრობდნენ: საბჭოთა კონსტიტუცია სულაც არაა ცუდი. იქ პირდაპირ წერია მიტინგებისა და შეკრებების თავისუფლებაზე. თუმცა რაც შეეხება თავისუფლებას შეკრების შემდეგ, ამაზე არაფერი წერიაო. დისიდენტები არასოდეს მიისწრაფოდნენ პოლიტიკური საქმიანობისკენ. ვლადიმირ ბუკოვსკი წერდა: " ჩვენ ვიყავით არა პოლიტიკური, არამედ მორალური მოძრაობა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო არა რუსეთის შეცვლა, არამედ გვინდოდა არ ვყოფილიყავით დანაშაულის მონაწილე და რეჟიმის ნაწილი". საბჭოთა დისიდენტები , ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური მოძრაობებისგან განსხვავებით, არ ცდილობდნენ ბრძოლას საბჭოთა რეჟიმისა და მარქსისტული იდეოლოგიის შესაცვლელად. ამის მიუხედავად საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა დისიდენტების დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების აგენტებად წარმოჩენას. ამიტომაც იყო, რომ 1974 წელს კა-გე-ბეს მე-5 სამმართველოში შეიქმნა მე-9 განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანა სადაზვერვო და ოპერატიული ღონისძიებების განხორციელებით ანტისაბჭოთა საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირების (ანუ დისიდენტების) მტრული საქმიანობის გამოვლენა იყო. სწორედ ამ დანაყოფის "დამსახურებაა" საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ფაქტიური ლიკვიდაცია.
(მეორე ნაწილის დასასრული)