ამერიკელი პროფესორის, ჯეიმს კობის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, მათ შორის კისერზე - კვირის პალიტრა

ამერიკელი პროფესორის, ჯეიმს კობის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, მათ შორის კისერზე

ამერიკელი პროფესორის, ჯეიმს კობის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, მათ შორის კისერზე. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდა, მიხეილ სააკაშვილი სიარულს ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ ჯეიმს კობიმ, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დისტანციურად მოწმის სახით იკითხება.

„მას სერიოზული პრობლემა აქვს. ვფიქრობ, რომ კისრის პრობლემა და მარცხენა მხრის სახსრის პრობლემა არის ყველაზე სერიოზული და მტკივნეული. კისერზე მას ქირურგიული ოპერაცია სჭირდება, ასევე ქირურგიული ოპერაცია მარცხენა მხრის სახსარზე, ასევე სავარაუდო ქირურგიული ოპერაცია მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარზე.

თუ ეს ოპერაციები დროულად არ ჩატარდა, ყოველდღიურად რამდენადაც მას მოძრაობა მკვეთრად აქვს გართულებული მხრის სახსრის მიდამოსა და მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოში, იმდენად ეს კიდევ უფრო გართულდება და ის პრაქტიკულად სიარულს, მოძრაობას ვერ შეძლებს", - აცხადებს ჯეიმს კობი.