შოიგუ-გერასიმოვის დუეტმა პრიგოჟინ-სუროვიკინის წყვილს ერთი "ბრძოლა" მოუგო, მაგრამ დიდი "ომი " ჯერ კიდევ წინ არის... - კვირის პალიტრა

შოიგუ-გერასიმოვის დუეტმა პრიგოჟინ-სუროვიკინის წყვილს ერთი "ბრძოლა" მოუგო, მაგრამ დიდი "ომი " ჯერ კიდევ წინ არის...

რუსეთ-უკრაინის თითქმის ერთწლიანი სისხლისმღვრელი ომის პარალელურად, პატარ-პატარა, უხილავი "შიდაომებიც" მიმდინარეობს, ამ ქვეყნების პოლიტიკურ ოლიმპზე მთავარი ადგილის დასაკავებლად...

რუსეთის პროპაგანდამ რამდენჯერმე სცადა ხელოვნურად წამოეწია თემა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ გენერალ ზალუჟნის შორის დაწყებულ კონფლიქტზე, ასევე, ზალუჟნისა და უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალ გენერალ სირსკს შორის, თუმცა ამ მხრივ დიდ შედეგს ვერ მიაღწია.

სამაგიეროდ, იგივე რუსი პროპაგანდისტებიც კი ვეღარ მალავენ, რომ სერიოზული დაპირისპირება თავად რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს შტოებში, მათ შორის - რუსეთის შეიარაღებულ ძალებშია დაწყებული...

11 იანვარს ჩემს ბლოგში გამოვაქვეყნე სტატია - "ვაგნერის" მიერ სოლედარის დაპყრობის შემთხვევაში "პუტინის მზარეული" შოიგუს სავარძელს დაუმიზნებს...", რომელშიც სწორედ რუსეთის უმაღლეს სამხედრო წრეებში არსებულ დაპირისპირებაზე ვლაპარაკობდი და, რაღაცნაირად, ისე საინტერესოდ დაემთხვა, რომ სწორედ 11 იანვრის საღამოს გახდა ცნობილი - რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" (კრემლი ასე სამარცხვინოდ ცდილობს ნამდვილ ომს ომი არ დაუძახოს და "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" შენიღბოს) ხელმძღვანელობა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალ გერასიმოვს ჩააბარა, ხოლო, ასევე, არმიის გენერალი სუროვიკინი, რომელიც ამ თანამდებობაზე მანამდე, 2022 წლის 8 ოქტომბერს იყო დანიშნული, გერასიმოვის მოადგილემდე "ჩამოალაბორანტა"...

ნებისმიერი ქვეყნის არმიაში გენშტაბის უფროსობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სამხედრო თანამდებობაა, თუმცა გერასიმოვისთვის პარალელურად "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ხელმძღვანელობის ჩაბარება არ ნიშნავს იმას, რომ ის პუტინმა დააქვეითა, არამედ - მოხდა რუსეთის შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენშტაბის უფროსის - გერასიმოვის დუეტის დროებითი გამარჯვება "ვაგნერის" კერძო არმიის მფლობელ პრიგოჟინისა და მის პროტეჟე გენერალ სუროვიკინის წყვილზე...

პუტინის ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დააჩქარა პრიგოჟინის "ვაგნერის" მოიერიშე ჯგუფების საბრძოლო წარმატებამ უკრაინის პატარა ქალაქ სოლედარის დაპყრობისას, რამაც პრიგოჟინის სამხედრო-პოლიტიკური ამბიციები უსაშველოდ გაზარდა, ისევე, როგორც გაიზარდა თავად პრიგოჟინის იმიჯი რუსეთის ურაპატრიოტების მასაში... მილიარდერ პრიგოჟინს "ვაგნერის" საკუთარი კერძო არმიის გარდა, თავისივე მძლავრი საინფორმაციო რესურსი გააჩნია არა ერთი მედია-ჰოლდინგის სახით, რაც მას აძლევს იმის ბიძგს, რომ რუსეთის პოლიტიკის ოლიმპზე "აირბინოს", მით უმეტეს - უკრაინის ფრონტზე ერთი პატარა ქალაქის დაპყრობის შემდეგ, როგორი გამარჯვებაც რუს ოკუპანტებს ამ ომში ბოლო ნახევარი წელი არ ღირსებიათ...

რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ განსაკუთრებით "აღრენილია" პრიგოჟინზე და მას არ დაუვიწყებს იმ შეურაცხყოფებს, რაც პრიგოჟინის მებრძოლებმა ინტერნეტით ფართოდ გავრცელებულ ვიდეოებში პირადად მას და გენშტაბის უფროს გერასიმოვს მიაყენეს, პრიგოჟინმა კი არათუ დაგმო, არამედ - დემონსტრაციულად ჩამოართვა ხელი მათ მგინებელ "ვაგნერის" მებრძოლებს"... დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც გენშტაბის უფროს გერასიმოვს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ხემძღვანელობა ჩააბარეს და გენერალი სუროვიკინიც მას დაუმორჩილეს, თავდაცვის მინისტრი შოიგუ შეეცდება პრიგოჟინის "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის დამორჩილებასა და დაშლას, მისი სხვა კერძო სამხედრო კომპანიის - "პატრიოტის" (რომლის ფარულ შემქნელად სწორედ შოიგუ-გერასიმოვის წყვილი მოიაზრება) ქვეშ მოქცევას, შეიარაღებისა და აღჭურვილობის ჩამორთმევის გზით.

ბევრ რამეს გადაწყვეტს გაზაფხულის ბრძოლები, რადგან გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, პუტინმა გერასიმოვს დაავალა, რომ მარტამდე რუსეთის არმიამ უნდა მოახერხოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა ბახმუტის, კრამატორსკისა და სლოვიანსკის დაპყრობით გზით. თუკი გერასიმოვის გუნდმა ეს მართლაც შეძლო, მაშინ პრიგოჟინის უდიდესი პოლიტიკური ამბიციები ჯერ თავდაცვის მინისტრის სავარძლის მოსინჯვისა და შემდგომ თვით რუსეთის პრეზიდენტის კაბინეტის დაპატრონებით, განუხორციელებელი დარჩება... ნებისმიერი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში მიმდინარე სახელისუფლო ინტრიგები აუცილებლად აისახება ამ სახელმწიფოს ქმედებებში, განსაკუთრებით, თუკი ის ომის მდგომარეობაშია, იმ ომის, რომლის მალე და მით უმეტეს - გამარჯვებით დამთავრების პერსპექტივაც არ მოჩანს... რამდენად ისარგებლებენ უკრაინა და მისი მხარდამჭერი ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში მიმდინარე შიდადაპირისპირებით, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს...