"ომი გამოფიტვამდე? ამერიკელი ანალიტიკოსები ვლადიმერ პუტინის შანსების შესახებ უკრაინასთან ომში" - კვირის პალიტრა

"ომი გამოფიტვამდე? ამერიკელი ანალიტიკოსები ვლადიმერ პუტინის შანსების შესახებ უკრაინასთან ომში"

"რამდენად შეიძლება, რომ მიმდინარე წელს რუსეთ-უკრაინის ომი გაჭიანურებულ ფრედ გადაიქცეს? აქვს თუ არა რუსეთს უკრაინასთან ხანგრძლივი დაპირისპირების შესაძლებლობა და შანსი? შეიძლება თუ არა პირველი მსოფლიო ომის გამოცდილების საფუძველზე უკრაინის ომის პროგნოზის გაკეთება?

აშშ-ის რადიოსადგურის - Radio Free Europe/Radio Liberty-ის რუსულენოვან სამსახურს კორესპონდენტი იური ჟიგალკინი აშშ-ის ინდიანას შტატის უნივერსიტეტის ეკონომისტ მიხეილ ალექსეევს და ნიუ-ჯერსის შტატის სეთონ-ჰოლის უნივერსიტეტის ისტორიკოსს - ნათანიელ ნაითს ესაუბრება. ტექსტი გამოქვეყნებულია რადიოს ვებ-გვერდზე სათაურით - "ომი გამოფიტვამდე? ამერიკელი ანალიტიკოსები ვლადიმერ პუტინის შანსების შესახებ უკრაინასთან ომში".

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"გაჭიანურებული ომი უკრაინაში, მხარეთა ძალების გამოფიტვის პერსპექტივით - მოულოდნელად ასეთ სცენარზე დაიწყეს ლაპარაკი ამერიკელმა ცნობილმა ანალიტიკოსებმა, რომლებიც, ბრძოლის ველზე სიტუაციის პროგნოზირების კვალობაზე, მოუწოდებენ ვაშინგტონს, რომ უახლოეს მომავალში ომის დასრულების შესაძლებლობაზე ფსონი არ დადოს. დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან კონფლიქტის მნიშვნელოვანი დროით გაგრძელებაზე", - წერენ ჟურნალ "ფორინ პოლისში" ნატოში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ივო დადლერი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ჯეიმს ჰოლდჰეიგერი. ისინი ეჭვის ქვეშ აყენებენ დღეისათვის ამერიკელ პოლიტოლოგთა წრეებში მოარულ თეზისს, რომ ყოველი ომი მოლაპარაკებით და სამშვიდობო შეთანხმებით მთავრდება.

"რუსეთ-უკრაინის ომი", - წერენ ივო დადლერი და ჯეიმს ჰოლდჰეიგერი, შეიძლება ხანგრძლივ სამხედრო კონფლიქტად გადაიქცეს, რომელშიც ვერც ერთი მხარე გამარჯვებას ვერ მოიპოვებს. მათი შეფასებით, ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს არ შეუძლიათ, უკრაინა ისეთი დიდი რაოდენობით იარაღით მოამარაგონ, რომელიც გამარჯვებისთვისაა აუცილებელი. ნატოს "ზედმეტი" შეიარაღების ასეთი მოცულობა არ აქვს. გარდა ამისა, დასავლეთის დედაქალაქებს კონფლიქტის მკვეთრი ესკალაცია და გაჭიანურება არ აწყობთ.

მეორე მხრივ, არც მოსკოვს აქვს ადამიანური რეზერვები და იმდენი სამხედრო ტექნიკა, რომ უახლოეს მომავალში წარმატებული სამხედრო მოქმედებები განახორციელოს. ივო დადლერი და ჯეიმს ჰოლდჰეიგერი თვლიან, რომ ამერიკამ უნდა გაითვალისწინოს ობიექტური მიზეზები და გარემოებები - უკრაინას დასჭირდება ხანგრძლივი სამხედრო დახმარება და ეკონომიკურ-ფინანსური მხარდაჭერა რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, შესაბამისად, თეთრმა სახლმა, მოკავშირეებთან ერთად, მოსკოვის შეკავებისა და მისი იზოლაციის გრძელვადიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

"რუსეთი საკმაო პოტენციალს ფლობს ხანგრძლივი ომისათვის, მაგრამ მისი რესურსები მაინც არასაკმარისია უკრაინაზე გამარჯვებისათვის - კიევს დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო მზარდი ტემპით ეხმარებიან. რუსეთისათვის ამ კონფლიქტის ფასი საგრძნობლად ძვირი იქნება", - ამბობს მიხეილ ალექსეევი:

ამბობენ, რომ შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომი გაყინულ ომად გადაიქცეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდება, თუნდაც დასავლეთმა იარაღის მიწოდება გაძლიერებულად გააგრძელოს. რუსეთს, პრინციპში, ხანგრძლივი ომის გადატანა შეუძლია, თუმცა მისი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან დაზარალდება. ასეთი ომის გადასატანად რუსეთს მაინცდამაინც ბევრი რამ არ დასჭირდება - მთავარია, ენერგორესურსების ექსპორტის შესაძლებლობა ჰქონდეს და, პარალელურად, მისთვის საჭირო კომპონენტების იმპორტი განახორციელოს, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოებისათვის (რაკეტები, ტანკები, თვითმფრინავები და ა.შ.).

რუსეთი, პრინციპში, თვითკმარი ქვეყანაა: საკმაო რაოდენობით სურსათს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებს, ხალხი მშიერი არ იქნება. მოსახლეობის რესურსებიც აქვს. რუსეთი მდიდარია ენერგორესურსებითაც. ერთადერთი საკითხი - შეძლებს თუ არა მოსკოვი ახალი რაკეტებისა და თანამედროვე იარაღის წარმოებას და დაზიანებულის შეკეთებას? თუ მას ეს შეუძლია, მაშინ ომის გაგრძელებასაც შეძლებს, თუ ელიტა და მოსახლეობა წინააღმდეგი არ იქნება. იმედი მაქვს, რომ ოდესღაც დადგება დრო და ელიტა რაღაც მომენტში იტყვის: "გვეყოფა, ეს უკვე ზედმეტია და უნდა გავჩერდეთ".

- როგორ შეგიძლიათ ახსნათ რუსეთის ეკონომიკის შედარებითი მდგრადობა დასავლური მკაცრი სანქციების პირობებში? დასავლელი ექსპერტების თავდაპირველი ნეგატიური პროგნოზები არ გამართლდა. არის თუ არა დღევანდელი ეკონომიკური სიტუაცია კრემლისათვის ოპტიმიზმის საფუძველი თუ ეს მხოლოდ სტაბილიზების ყალბი შეგრძნებაა?

- რუსეთის ეკონომიკის კრახი არ მოხდა უმეტესად იმის წყალობით, რომ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კომპეტენტურად იმოქმედა. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ბანკში დიდი ოფლი არ დაუღვრიათ, ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. უბრალოდ, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ დიდი მოცულობის მქონე ეკონომიკები უეცრად არ ინგრევა. შევხედოთ ირანს, რომელიც დიდი ხანია, სანქციების ქვეშ ცხოვრობს, მაგრამ რამე საშინელება არ მომხდარა - მისი ეკონომიკა მუშაობს, სასმელ-საჭმელი აქვთ, შიმშილობა არ არის, ირანი რუსეთს იარაღითაც კი ამარაგებს (დრონებით).

რუსეთის ეკონომიკის მეტ-ნაკლებად არც თუ ისე ცუდი მდგომარეობა ორი ფაქტორით შეიძლება აიხსნას: პირველი, რომ ყველაზე სერიოზული სანქციები ჯერ კიდევ არაა ძალაში შესული და მეორე - ეკონომიკის მდგომარეობას ხშირად განსაზღვრავენ მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) მოცულობის დონით, რაც არ არის ცხოვრების დონის დაცემის ობიექტური მაჩვენებელი. მშპ - ეს ყველაფრის წარმოების საერთო მოცულობაა, მასში შედის ისიც, რაც ომისათვის არის საჭირო, თვით სამხედროების ხელფასიც. დღეს საშუალო დონის რუსი მოქალაქის შემოსავლებმა 10%-ით იკლო, მაშინ როცა მთლიანი მშპ მხოლოდ 3%-ით შემცირდა.

რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის ამსახველი მეტ-ნაკლებად ნორმალური ციფრები იმასთანაც არის დაკავშირებული, რომ შარშანდელი წლის პირველი თვეები, როგორც იტყვიან, "შოკოლადივით ტკბილი" იყო: ენერგორესურსების ფასმა ძალიან მოიმატა, კომპანიები რეკორდულ მოგებას იღებდნენ ნავთობისა და გაზის დოლარების სახით. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ მიმდინარე წელს სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება, ცხოვრების დონე დაეცემა...

დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების დაწესება რუსეთის ეკონომიკას ნამდვილად დააზარალებს. დღეს ერთი ბარელი ნავთობი 30-35 დოლარად იყიდება, რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები კი 70 დოლარზეა გათვლილი. გარდა ამისა, შეიზღუდა ექსპორტის გეოგრაფიაც - ახლა ნავთობს უფრო მეტად ინდოეთი ყიდულობს, რისთვისაც დიდი ტანკერებია აუცილებელი, დიდ ტანკერებს კი დასავლეთი არ იძლევა, მოიმატა მანძილმაც, გადაზიდვის დრომ. მოკლედ, ექსპორტის მოცულობა 10-15%-ით შემცირდება და თუ ამას ფასების გაიაფებასაც დავამატებთ, შემოსავლები, რასაკვირველია, მნიშვნელოვნად მოიკლებს.

- თქვენ და ზოგიერთი თქვენი კოლეგა ამბობთ, რომ კრემლს ხანგრძლივი ომისათვის რეზერვები აქვსო. მთავარი კითხვა: საკმარისია თუ არა ეს რეზერვები ომში გასამარჯვებლად და უკრაინის დასამარცხებლად? განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა უკრაინას თითქმის მთელი დასავლეთი ეხმარება თავისი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალით. მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი "ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ თავის კომენტარებში წერს, რომ თუ ომი გამოფიტვის მიზნით იწარმოებს, მაშინ გამარჯვების სასწორი და ბალანსი უკრაინისკენ გადაიხრებაო...

- დიახ, ბალანსი ნამდვილად იქნება უკრაინის მხარეს, თუ აშშ და ევროკავშირი დახმარებას გააგრძელებს. რუსეთი თავისი ეკონომიკური პოტენციალით ძალიან ბევრად ჩამორჩება ამერიკას და ევროპას. აშშ-ის წილი მსოფლიოს მშპ-ში 25%-ს შეადგენს, იმდენივე - ევროკავშირის, პლუს იაპონია და სამხრეთ კორეა, ანუ მთლიანობაში - 50%, რუსეთის მშპ კი მხოლოდ 2%-ია. თუმცა უკრაინა, ცხადია, დასავლეთის დახმარების გარეშე ვერაფერს შეძლებს.

რასაკვირველია, იმასაც მნიშვნელობა აქვს, რომ დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობამ პროტესტი არ გამოხატოს უკრაინისადმი ხანგრძლივი და ფართო დახმარების მიმართ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკისათვის და ევროკავშირისათვის უკრაინისადმი 50 მილიარდით დახმარება იოლად გადასატანია, რუსეთი კი გამოიფიტება და წააგებს.

- როგორ ფიქრობთ, რა შეუშლის ხელს ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელებაში? მაგალითად, სამხედრო მოსამსახურეების დანაკარგების ზრდა, "თუთიის კუბოების" მატება? ბევრს ეგონა, რომ რუსეთის მოსახლეობა პროტესტს გამოხატავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თქვენ ამბობთ, რომ კრემლს რამდენიმე წლის რეზერვები აქვს ანუ გამოდის, რომ ომს მხოლოდ რუსეთის დამარცხება შეაჩერებს?

- მე მაინცდამაინც არ მაქვს მოსახლეობის პროტესტის იმედი, რუსებზე "თუთიის კუბოები" ნაკლებად მოქმედებს. შეიძლება რაღაც შეიცვალოს, თუ ბევრი დასახიჩრდება ან დეზერტირები, ფრონტიდან გამოქცეულები მომრავლდებიან... მე უფრო იმის იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს, ელიტები მიხვდებიან, ომის გაგრძელება სარისკო ხდება და ვლადიმერ პუტინს დაამხობენ. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ჯარისკაცები საკუთარ თავს კითხვას დაუსვამენ - "რისთვის ვიბრძვით?" უფრო მეტად ისინი, ვინც ახალი მობილიზებულია. "რისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი?" - დაახლოებით, ასეთ კითხვები ჰქონდათ პირველ მსოფლიო ომშიც... არ არის ამ მხრივ გამორიცხული რუსეთის არმიაში დესტაბილიზაცია დაიწყოს და მისი გახრწნა მოხდეს. რუსი მეომრების საბრძოლო სული ისედაც დაბალია.

- კითხვა ნათანიელ ნაითს: რას გვეუბნება ისტორიული გამოცდილება - შეუძლია თუ არა რუსეთს სხვების დაუხმარებლად გაიმარჯვოს გაჭიანურებულ ომებში? როგორც ცნობილია, მე-19-მე-20 საუკუნეებში მან ყირიმისა და ავღანეთის ომები წააგო...

- არც ეგრეა საქმე. შეიძლება მაშინ ნაპოლეონის ომიც გავიხსენოთ, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი იყო და რუსეთმა გაიმარჯვა. ასევე, კავკასიური ომები, რომელიც მთელი 50 წელი გრძელდებოდა და, საბოლოოდ, იმპერიის გამარჯვებით დასრულდა - მართალია, დიდი სისხლიც დაიღვარა ორივე მხრიდან. საერთოდ, როგორც წესი, რუსეთისათვის ყველაზე ცუდია ომის პირველი ეტაპი ანუ ის პერიოდი, როცა არმია ომს ჯერ არ არის შეჩვეული და სამხედრო აღლუმების დეკორაციებით ცხოვრობს, რეალური საბრძოლო გამოცდილება მიღებული არ აქვს. ასე მოხდა პირველ მსოფლიო ომში, როცა რუსეთის არმიამ პრუსიაში კატასტროფული მარცხი განიცადა. ასე მოხდა მეორე მსოფლიო ომშიც, როცა ვერმახტი პირველ თვეებში მოსკოვამდე მივიდა. გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რუსეთის არმიის საბრძოლო გამოცდილება და ბრძოლისუნარიანობა ამაღლდება.

- თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავთ. თქვენ არაფერი გითქვამთ ყირიმის ომზე, რომლის მაგალითს დასავლელი კომენტატორები ხშირად მიმართავენ. იმ დროსაც დასავლეთი ერთიანად გამოვიდა რუსეთის წინააღმდეგ და იმპერიამ ომი წააგო...

- იმ დროს რუსეთის არმიას ლოჯისტიკაში (მომარაგების სფეროში) დიდი პრობლემები ჰქონდა. ყირიმის ომის დროს რკინიგზები ჯერ არ იყო და ქვემეხებს და ზარბაზნებს ცხენებით და ხარებით ეზიდებოდნენ, საჭურველს ურმებით.. სამხედრო ძალების კონცენტრაცია და გადასროლა, ტრანსპორტის გარეშე, ძალიან ნელა მიმდინარეობდა, ბატონყმობის არსებობაც ხელს უშლიდა მობილიზაციას... დასავლეთს კი ორთქლის გემებით სწრაფად გადაჰყავდა ჯარი და გადაჰქონდა საჭურველი, არტილერია... ასე რომ, ყირიმის ომში რუსეთის მარცხს ბევრი მიზეზი ჰქონდა. როცა ბატონყმობა გაუქმდა და ტრანსპორტიც განვითარდა, რუსეთმა ოსმალეთს 1877-78 წლების ომი მოუგო, თუმცა ოსმალეთს დასავლეთი ეხმარებოდა... ერთ-ერთი დიდი უპირატესობა, რომელიც რუსეთს აქვს, ესაა ცოცხალი ძალის პოტენციალი - კრემლი ჯარისკაცებს ხორცსაკეპში ყრის და დანაკარგებს არ ერიდება, რასაც უკრაინაში ვხედავთ.

- რამდენად შეიძლება ისტორიული პარალელები და პრეცედენტები პროგნოზების გაკეთებაში დაგვეხმაროს? გასაგებია, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მისი მოქმედებაც გარემობებითაა ნაკარნახევი...

- თუ ჩვენ მაგალითს პირველი მსოფლიო ომიდან ავიღებთ, მაშინ თებერვლის რევოლუცია რუსული ელიტის სურვილით მოხდა - მათ უნდოდათ, რომ ანტანტასთან ერთად ბოლომდე ეომათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ მოიშორებდნენ არაკომპეტენტურ მონარქიულ წყობილებას და იმპერატორს, მის გარემოცვას, მაშინ განათლებული ადამიანები ჩაუდგებოდნენ ქვეყანას სათავეში და ომიც წარმატებული იქნებოდა. თებერვლის რევოლუცია ელიტის რევოლუცია იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ელიტა უფრო არაკომპეტენტური გამოდგა ომის წარმართვის საკითხში. 1917 წლისათვის მოსახლეობა უკვე დაღლილი იყო ომით... შესაძლოა ახლაც ასე მოხდეს: ჩვენ მოწმენი ვართ, რომ რუსეთის არმიის სარდლობაში რაღაც უცნაური გადაადგილებები ხდება.. ამან საზოგადოებაში ისეთი შთაბეჭდილება გამოიწვია, რომ კადრები უნდა შეიცვალოს. შეცვალეს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის. ამ ფონზე, სავარაუდოდ, მოსახლეობაც დაიღლება...

ყველაზე მთავარი კითხვა - დარჩება თუ არა ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში? გადაიტანს თუ არა იგი ომს? გადაიტანს თუ არა სავარაუდო დამარცხებას? ჯერჯერობით ამის რამე ნიშნები არ არის, მაგრამ საკმაოდ ხშირად ასეთი ამბები მოულოდნელად ხდება ხოლმე.

ნიკოლოზ მეორის რეჟიმიც ომის დაწყების პირველ წელს საკმაოდ მტკიცედ გამოიყურებოდა, მოსახლეობის მხარდაჭერაც ჰქონდა, მაგრამ შემდეგ... რევოლუცია მოხდა.

- როგორ ფიქრობთ, უკრაინას იმედი უნდა ჰქონდეს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ომის გაჭიანურების დროსაც გაგრძელდება?

- ჯერჯერობით უნდა ჰქონდეს. რაც უფრო მეტს გავიგებთ რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ საშინელ ფაქტებზე, მით უფრო მეტი დახმარება ექნება უკრაინას. რუსეთის ხელისუფლება დღეს ფაშისტური ხელისუფლების ახალ სახეობად ითვლება. იდეა, რომ რუსეთთან და კრემლთან, ვლადიმერ პუტინთან ნორმალური მოლაპარაკება შესაძლებელია, უკვე წარმოუდგენელი და დისკრედიტირებულია. ამიტომაც, უკრაინისადმი დახმარება გაგრძელდება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ