"კარგს თუ ვერაფერს იტყვი, უნდა გაჩუმდე მაინც" - კიკაბიძის ფოტო და ორად გაყოფილი აფხაზები: რას წერენ მომღერლის შესახებ?
ქართველი კინომსახიობის, საესტრადო მომღერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც ეხმაურებიან. ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა თემურ ყუბანოვმა ცნობილი მსახიობის სტეპან ბანდერას ძეგლის ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ირონიული მინაწერით - "წავიდა თავის მეგობართან!".
ადგილობრივების ერთმა ნაწილმა გაიხსენა მომღერლის ფრაზა აფხაზებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "ბუბას ეს ხალხი არ უყვარდა". ასევე იხსენებენ მომღერლის შარშანდელ ინტერვიუს, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით:
"მისი 2022 წლის ინტერვიუდან ამონარიდს წაგიკითხავთ, რომელშიც ამბობს, 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, აუცილებლად ვიომებდი უკრაინაში, კარგად ვისვრიო. ცნობიერებით უკრაინელი ვარო!.. ალბათ არ მჭირდება იმის ახსნა, რომ იქ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ხალხი იბრძვის... 1992 წელს დასრულდა ჩემთვის მისი შემოქმედება!" - წერს პასუხად ირინა კარხალა.
არაერთმა აფხაზმა დაწერა, რომ როდესაც იმ ადამიანზეა ლაპარაკი, რომელმაც ეპოქა შექმნა, ყველაფერში პოლიტიკა არ უნდა გაერიოს.
"კარგს თუ ვერაფერს იტყვი, უნდა გაჩუმდე მაინც, რათა შენს გაუნათლებლობას არ გაუსვა ხაზი" - წერს ელენა ადლეიბა.
"ვინც არ უნდა იყოს ის, მე მის ფილმებზე გავიზარდე და ვაღიარებ მის შემოქმედებას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკა და იქნებ მიხვდეთ, რომ ვერაფერი მოგიტანათ ასეთმა საუბრებმა.
ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, ომი მეც გამოვიარე. ერთი ძმა დამეღუპა, მეორე - მოსკოვშია, მკურნალობს, მაგრამ ის, რომ კიკაბიძე ქართველია, სულაც არ მიშლის ხელს მიყვარდეს, ნიჭს ეროვნება არ აქვს. ვინც ამას ვერ აცნობიერებს, მასთან კამათიც არ ღირს", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი. გააგრძელე კითხვა