როგორ დავამზადოთ "ფერადი სახლუკები“ ოთხფეხა მეგობრებისთვის - კვირის პალიტრა

როგორ დავამზადოთ "ფერადი სახლუკები“ ოთხფეხა მეგობრებისთვის

ჩვენი საზოგადოების არაერთ მწვავე პრობლემას მუდამ ემატება კიდევ ერთი - მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. მათ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით, მათ შორის გზებსა და ტრასებზე, შიმშილით გაძვალტყავებულებსა და დაავადებულებს. თუმცა არც დასახლებულ პუნქტებშია საქმე მარტივად, ყველგან შეხვდებით შიმშილისა და სიცივისგან შეწუხებულ ცხოველებს, რომელთა მატებამ საზოგადოების ნაწილში აგრესიაც წარმოშვა. არადა, გამოსავალი აგრესიაში კი არა, სწორ რეგულაციებშია, მათ შორის მათი გამრავლების საკითხშიც. თუმცა მანამდე ამ პრობლემას, ჩვენი ადამიანური საქციელის გარდა, ვერაფერი შეარბილებს. ადამიანმა თუ არ იზრუნა მინდობილ ცხოველებზე, პრობლემა კიდევ გაღრმავდება.

ზუგდიდში ისეთ რამეს აღმოაჩენთ, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ - მეორადი საბურავების სახლებს მიუსაფარი ცხოველებისთვის, თანაც სახლები ცნობილი ანიმაციების გმირებს ჰგვანან. ეს როსტო ზარანდიამ და ავთო ახალაძემ მოიფიქრეს.…მეორადი საბურავებისგან დამზადებული ეს ფერადი "სახლუკები" იმდენად შთამბეჭდავია, რომ უეჭველად მოგანდომებთ მასში ცუგოს შესახლებას. როდესაც როსტოს ვკითხე, ეს როგორ მოიფიქრეთ-მეთქი, აი, რა მიპასუხა:

- ალბათ, ცხოველების სიყვარულით. როდესაც ხედავ, რა ცუდად არიან, როგორ შიათ, ღამით თოვლსა თუ ყინულზე როგორ სძინავთ, ბუნებრივია, გებრალებიან და ფიქრობ, როგორ დაეხმარო. ცხადია, მე და ავთო ცხოველებს ყველგან ვერ დავეხმარებით, მაგრამ ვფიქრობდით, მათთვის ხის რამდენიმე ბინა აგვეშენებინა იმ ადგილებში, სადაც მიკედლებული არიან. თუმცა ეს არცთუ მარტივი საქმეა. უპირველესად, ხის მასალა მალე ლპება და ცხოველიც კვლავ უთავშესაფროდ დარჩება. სხვა მიზეზი ხის მასალის სიძვირეა. ასე მივედი მეორადი საბურავების გამოყენების იდეამდე. ეს მასალა უფასოდ შეიძლება იშოვო, თან ქალაქის დასუფთავებასაც ნაწილობრივ ეხმარები. რაც მთავარია, საბურავი გამძლეა და ცხოველს დიდი ხნით შეიფარებს.

mamul-1673968000.jpg

- რა პროფესიის ხართ? ალბათ, უკვირდათ, როდესაც მეორადი საბურავებისთვის მიადექით.

- სამართალმცოდნე ვარ, თუმცა საბურავების ნაკეთობას ნამდვილად არ სჭირდება სპეციალური პროფესია. ყველას შეუძლია საბურავებისგან ცხოველის სახლის დამზადება. ავტოშემკეთებელი სახელოსნოების თანამშრომლების შეწუხება არც მჭირდება, გადაყრილი მეორადი საბურავების შეგროვებისა და გამოყენებისთვის რატომ შემედავებოდნენ. თუმცა დახმარება მაინც აუცილებელია, რათა საქმე დაგეგმო და აკეთო. ამიტომაც ჩვენს ქალაქში ამ პროფესიის ხალხი ყველა გავიცანი. თავიდან მართლაც ეჭვით მიყურებდნენ, როგორია, მსუბუქი ავტომობილით 20 საბურავი ერთად რომ მიგაქვს, მაგრამ როდესაც დარწმუნდნენ, რისთვის მჭირდებოდა, უკვე ავტოშემკეთებლებიც და სხვებიც ძალიან მეხმარებიან.

- თქვენი საბურავებისგან გაკეთებული სახლები ცნობილ ანიმაციურ გმირებს მოგვაგონებენ.

- მეორადი საბურავები სახლებისთვის უფასოა და გამძლე. რაც შეეხება ანიმაციური გმირებისთვის დამსგავსებას, ესეც სპეციალურად მივიფიქრე. რა თქმა უნდა, შემეძლო საბურავები უბრალოდ ერთმანეთზე გადამება, სახურავადაც საბურავის რეზინი გადამეფარებინა, კარი ამომეჭრა და ძაღლიც "მიმეპატიჟებინა", მაგრამ ცხოველების სახლებიც უნდა იწვევდეს დადებით ემოციას. ამიტომ საღებავიც ვიყიდე, რეზინისგან კურდღლის ყურები თუ სხვა "მოსართავებიც" გამოვჭერი, ერთმანეთს მივამონტაჟე და სახლი-ანიმაციაც გამომივიდა. ამდენ ანიმაციურ გმირს რომ ხედავენ, რომელიც სინამდვილეში ცუგოების სახლია, ბავშვები გაოცებული და გახარებული იჭყიტებიან ჩემს ეზოში. ან როგორ არ გაიხარებენ, როდესაც თავად მიხარია, რომ ჩემი "სახლები" ანიმაციურ გმირებს ჰგვანან. ვფიქრობ, როცა ბავშვი სთხოვს მშობელს, მსგავსი "სახლუკა" მათ ქუჩაზე ან რომელიმე იმ უბანში ჩაიდგას, სადაც ძაღლია მიკედლებული, მშობელი უარს არ ეტყვის, თუნდაც იმისთვის, რომ შვილი გაახაროს.

mamul3-1673968001.jpg

- თქვენს ნახელავს ყიდით?

- არაფერსაც არ ვყიდი, ნეტავი იმდენი გამაკეთებინა, რომ ცოტათი მაინც შევეშველო მიუსაფარ ცხოველებს. ამიტომაც მინდა მეორადი საბურავებისგან მიუსაფარი ცხოველების სახლების დამზადება სხვებმაც იცოდნენ.

- იქნებ ამიხსნათ, როგორ აკეთებთ, რომ სხვამაც გაიმეოროს.

- სულაც არ არის ძნელი. სურვილისა და ზომის მიხედვით საბურავები ერთმანეთს შურუპებით უნდა გადააბათ, რისთვისაც აუცილებლად ბურღი დაგჭირდებათ. შემდეგ გადაბმულ საბურავებში კარი იმხელაზე უნდა ამოჭრათ, რომ ძაღლი თავისუფლად შეძვრეს და გამოძვრეს. ამისთვის კი "ბალგარკაა" საჭირო. საბურავის გაჭრა ადვილი არ არის, ერთი "სახლის" კარის ამოჭრისას "ბალგარკის" ერთი ფირფიტა ცვდება. რაც შეეხება სახლის ყურებს, თავსა და სხვა "მოსართავებს", რითაც ანიმაციურ გმირებს დავამსგავსე, ამისთვის ისევ ის საბურავის რეზინა უნდა გამოიყენოთ, რომელსაც საბურავის "კარში" ამოჭრით, "სახლის" მოხატვის ფერებს კი თავადაც იპოვით. ცხადია, შეღებვისთვის ფუნჯი და საღებავია საჭირო. დამიჯერეთ, ამ საქმისგან, შრომის ადრენალინთან ერთად, სიკეთის კეთების სიამოვნებასაც მიიღებთ. ვისურვებდი, ამაში ბევრმა მომბაძოს.

ეთერ ერაძე