ყაპყაპი - არატროპიკული ჩიტი ტროპიკული ფერებით - კვირის პალიტრა

ყაპყაპი - არატროპიკული ჩიტი ტროპიკული ფერებით

ყაპყაპი ბუნებამ იშვიათი სილამაზით დააჯილდოვა: მას მშვენიერი, შაბიამნისფერი ბუმბული და ღია ყავისფერი ფრთები აქვს. განსაკუთრებით ლამაზია, როცა დაფრინავს და ორივე ფრთა მარაოსავით აქვს გაშლილი... "ჰურიის ყვავი" - ასე მოიხსენიება ყაპყაპი სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონაში", ხოლო ცალკე ყაპი, იგივე ყაპყი, იმავე ლექსიკონში განმარტებულია, როგორც მცირე თოვლი. თუმცა ეს უკანასკნელი, ალბათ, არაფერ შუაშია ფრინველთან, რომლის შესახებ გვესაუბრება ორნითოლოგი დაჩი შოშიტაშვილი

დაჩი შოშიტაშვილი:

- ყაპყაპი მართლაც გამორჩეული ფრინველია. მისი მკვეთრი შეფერილობა და ლამაზად მოხატული ბუმბული ადამიანის ყურადღებას მაშინვე იპყრობს. ყაპყაპი ძალიან ჰგავს ტროპიკულ ფრინველებს, რომლებსაც მკვეთრი შეფერილობის ბუმბული აქვთ. ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს და ჰგონია, რომ ფერადი ბუმბული მხოლოდ ტროპიკული ქვეყნების ბინადარ ფრინველებს აქვთ. სწორედ ამის დასტურია ყაპყაპი, რომელიც მაშინვე თვალში გვხვდება განსაკუთრებული შეფერილობის გამო. ახალგაზრდა ყაპყაპის სხეული უფრო ბაცი ლურჯია, ზრდასრული ფრინველების ბუმბული კი უფრო მკვეთრი შეფერილობის ხდება.

- საცხოვრებლად როგორ ადგილებს ირჩევს ყაპყაპი?

- ეს ფრინველი, რომელიც ყაპყაპისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში ბინადრობს. მსოფლიოში სულ ყაპყაპის 17 სახეობაა ცნობილი და მათგან საქართველოში მხოლოდ ერთი - ჩვეულებრივი ყაპყაპი გვხვდება. ძირითადად, ის აღმოსავლეთ ევროპაშია გავრცელებული, დასავლეთ ევროპაში ყაპყაპები ნაკლებად ბინადრობენ. ჩვეულებრივი ყაპყაპი (ან, უბრალოდ, ყაპყაპი) აზიის კონტინენტზეც ბინადრობს. საქართველოში ის აპრილის ბოლოს ან მაისის პირველ რიცხვებში მოფრინავს. ეს სახეობა ჩვენთან მანამ რჩება, სანამ გამრავლების პერიოდი არ დასრულდება და საშემოდგომო მიგრაცია არ დაეწყება. სექტემბრის პირველი ნახევრიდან ყაპყაპები სამხრეთისკენ გადაფრენას იწყებენ.

- ამბობთ, რომ ყაპყაპი მონოგამიური ფრინველია, ეს რაში გამოიხატება?

- დიახ, მონოგამიური ფრინველია. საერთოდ, პოლიგამიის დროს ერთი მამრი რამდენიმე მდედრს უწყვილდება, ხოლო მონოგამიის შემთხვევაში ასე არ ხდება. პოლიგამიური ფრინველია, მაგალითად, ხოხობი: ერთი მამრი ხოხობი რამდენიმე მდედრს უწყვილდება და მერე წიწილების გამოზრდაში საერთოდ არ მონაწილეობს. მონოგამიის დროს კი ერთი მამრი მხოლოდ ერთ მდედრს უწყვილდება და ყაპყაპების "ოჯახური წყვილიც" არ იშლება, თუ რომელიმე მეწყვილე არ დაიღუპება. ყაპყაპები ბუდეს იშენებენ კლდის ნაპრალებში, ქვიშნარში, პატარა სოროებსა და ხვრელებში. ყაპყაპი 3-6 კვერცხს დებს, ბუდეში კრუხად რიგრიგობით ორივე მშობელი ზის. მათი ინკუბაციის პერიოდი 18-19 დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. უკვე გამოჩეკილი ბარტყების აღზრდაში მშობლები თანაბრად მონაწილეობენ, ისინი ერთნაირად ზრუნავენ ნაშიერებზე. ბარტყები სწრაფად იზრდებიან და ბუდეს რომ დატოვებენ, უკვე დამოუკიდებელი ფრინველები ხდებიან.

chiti2-1673968420.jpg

- როგორ იკვებება ყაპყაპი?

- მისი კვების სტილი ძალიან ჰგავს ყვავისა და ყვავისებრი ფრინველების კვებას. ყაპყაპი გარეგნულადაც ძალიან ჰგავს ყვავს, მათ მხოლოდ შეფერილობა განასხვავებს ერთმანეთისგან. ყაპყაპის იერი და ლამაზი ბუმბული ძალიან ეფექტურია, მაგრამ მისი ხმაც უფრო ყვავის ხმას წააგავს - გამოსცემს არცთუ სასიამოვნო ბგერას, რომელიც ყვავის ჩხავილს მოგვაგონებს და არა გალობას. ყაპყაპი, ძირითადად, ცხოველურ საკვებს მიირთმევს: მცირე ზომის მღრღნელებსა და მწერებს, მსხვილ ხოჭოებსა და კალიებს, აგრეთვე მცირე ზომის ძუძუმწოვრებს, ამფიბიებსა და ხვლიკებს. ყაპყაპის საკვები შეიძლება გახდეს ბუდიდან ჩამოვარდნილი სხვა ფრინველების ბარტყები ან თაგვები.

- ამბობენ, რომ ყაპყაპი სამეურნეო თვალსაზრისით სასარგებლო ფრინველია.

- ცნებები "სასარგებლო" თუ "უსარგებლო" არასწორია. ასე ცხოველებს საბჭოთა პერიოდში ყოფდნენ. თანამედროვე შეფასებით, გარემოში ყველაფერი სასარგებლოა და ყველა არსებას თავისი ადგილი, როლი და დანიშნულება აქვს. იმ ფრინველებსაც კი, რომლებიც ერთი შეხედვით უსარგებლოდ გვეჩვენება, თავისი ფუნქციები აქვთ. ყაპყაპიც სერიოზულ როლს ასრულებს: ის ძალიან კარგად არეგულირებს მღრღნელების რაოდენობას.

- არის თუ არა ყაპყაპი საინტერესო უცხოელი ორნითოლოგებისთვის?

- ეს სახეობა ევროპელი ორნითოლოგების სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის თითქმის არ გვხვდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ჩვენი უცხოელი სტუმრები და კოლეგები ყოველთვის ცდილობენ ყაპყაპები გადაფრენის დროს მაინც დაინახონ. იმდენად ეფექტური ფრინველია, რომ მიგრაციის დროს სულ ყურადღების ცენტრშია. დასავლეთ ევროპაში მისი ნახვა შეიძლება მხოლოდ ესპანეთში და ნაწილობრივ იტალიაში.

ჩვენთან მობუდარი ყაპყაპები, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდებიან, რადგან მათი საცხოვრებელი გარემო მშრალი, არიდული ადგილებია. ყაპყაპი გვხვდება მთიან რეგიონებშიც, ხოლო სეზონური მიგრაციის დროს შეიძლება შეგვხვდეს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. იქ ყაპყაპები გუნდ-გუნდად იკრიბებიან და თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავენ.

- როგორც ჩანს, ყაპყაპი საკმაო რაოდენობით ბინადრობს მსოფლიოში, რადგან მისი სტატუსი ასეთია "ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფი".

- დიახ, ასეა. ყაპყაპი საქართველოს "წითელ ნუსხაშიც" ასე შევიდა: "მინიმალური საფრთხის წინაშე მყოფი". ალბათ, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ყაპყაპი სანადირო ფრინველი არასდროს ყოფილა, იგი საკვებად არ გამოდგება. ახლაც ასეა: შეიძლება ვიღაცამ გასართობად ესროლოს და არა მონადირების მიზნით. ყველაფრის მიუხედავად, ყაპყაპი მაინც განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს, მით უმეტეს, როგორც უკვე ვთქვით, იმ 17 სახეობიდან, რომლებიც მთელ მსოფლიოში გვხვდება, საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობა ბინადრობს. ყაპყაპის ნებისმიერ სახეობას საცხოვრებლად მშრალი და არიდული ტერიტორია სჭირდება, რომელიც შორსაა ადამიანთა დასახლებიდან.

ყაპყაპი მეტისმეტად ფრთხილი ფრინველია და დასახლებული ადგილებიდან შორს ცხოვრებას ამჯობინებს. ამიტომ მისი შემჩნევა, ცოტა არ იყოს, რთულია: ადამიანს თვალს რომ მოჰკრავს, მაშინვე გაფრინდება და დაიმალება.

მიუხედავად ამისა, მაინც ბევრჯერ დავკვირვებივარ ამ პატარა, ლამაზ ფრინველს, რომელიც ძალიან სასიამოვნო სანახავია.

- კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ "საქართველოს წითელ ნუსხას" - ახალ ვერსიას როდის დაამტკიცებენ?

- რაც მთავარია, ახალი "წითელი ნუსხა" უკვე შედგენილია, რასაც დიდი შრომა დასჭირდა. ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. მთავარი სამუშაო უკვე შესრულებულია: ეს არის თანამედროვე, ბოლო მონაცემები საქართველოს ფლორასა და ფაუნაზე, რომელიც სპეციალისტებმა შეაგროვეს. მეამაყება, რომ ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ილიას უნივერსიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც უახლესი მონაცემების მოპოვებაზე დიდხანს მუშაობდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე