მებაღე პოლკოვნიკი: "ბროწეულს მაინც გავახარებ ტაბახმელაში" - კვირის პალიტრა

მებაღე პოლკოვნიკი: "ბროწეულს მაინც გავახარებ ტაბახმელაში"

აკია ბარბაქაძე სამხედრო ექსპერტია, თადარიგის პოლკოვნიკი, ტელეეთერში ხშირად საუბრობს სამხედრო, ომისა და პოლიტიკის საკითხებზე, იმავდროულად კი ბუნების მოყვარული და გულშემატკივარი, გამრჯე მეურნე და დეკორატიული მებაღეობის მიმდევარია. სოფელ ტაბახმელაში აგარაკზე ოჯახთან ერთად უვლის თავის ბაღსა და ეზოს.

აკია ბარბაქაძე:

- აგარაკის ეზო 1790 კვადრატული მეტრია. ნაწილი ხეხილს უკავია და ოჯახის სამყოფი ხეხილი სულ გვაქვს, ნაწილზე კი დეკორატიული ბაღია ყვავილებით, მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარეებით. ტერიტორია ხევს ესაზღვრება, რეკრეაციული ზონებია, რომლებიც კოჯრის ტყეს უერთდება. აქ არის ენდემური კულტურები: მუხა, კუნელი (შავი და წითელი), იფანი, ნეკერჩხალი. იქაურობის დასუფთავებაც მიწევს. ხევში ძალიან ბევრი ფრინველი ბუდობს და ეს ადგილი მათი საზრდოობისთვის ერთადერთი საშუალებაა. მოგეხსენებათ, ტაბახმელა მცენარეებით ღარიბი ადგილია, რადგან საუკუნეების განმავლობაში საძოვრებად იყო ქცეული, წყალიც ჭირს. ამიტომ მიწევს ნიადაგის გამდიდრება. ქარელში ვარ გაზრდილი, სამეურნეო საქმე ბავშვობიდან ვიცი, გამოცდილება მაქვს და ეს დიდად მეხმარება. ტაბახმელაში კლიმატი ცივია, მაგრამ მოვახერხე და ყურძენიც გავახარე.

- წყლის პრობლემას როგორ აგვარებთ? ტექნიკური წყალიც არ არის?

- არის, მაგრამ "ღარიბია". ამიტომ ჭის წყლით სარგებლობა მიწევს. ზოგ მცენარეს მჟავე ნიადაგი უხდება, ზოგსაც ტუტე. თუ დეკორატიულ მებაღეობას მიჰყვები, მოგიწევს ნიადაგის გაკონტროლება და ნიადაგის სხვადასხვა საშუალებით გამდიდრება.

- ორგანული საშუალებებით?

- სადაც ხეხილია და საკვებთან მაქვს საქმე, ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობა მაქვს. მხოლოდ ბორდოს ხსნარს ვიყენებ. ხევიდან მწერები და მატლები საფრთხეს მიქმნიან და მათთან ბრძოლაში ჩემი მოკავშირეები ფრინველებია - ჩხიკვები, შაშვები, კაჭკაჭები. ხევში ციყვები და კვერნებიც ბინადრობენ.

akia3-1673968698.jpg

- მოკლედ, ხევს თავისი ფლორა და ფაუნა აქვს...

- დიახ, და წყალიც მოედინება, ოღონდ გვალვაში შრება, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი, წვიმის სეზონზე, საკმარისად წყალუხვია. სპეციფიკური ხევია, ხშირად გასუფთავება სჭირდება, რომ არ გაიჭედოს და მეც ვასუფთავებ.

- როგორც ვატყობ, ეს თქვენი გატაცებაც არის და საქმედაც იქცა.

- ოჯახში მე და ჩემი მეუღლე ვუძღვებით ყველაფერს, შემობარვა იქნება თუ ნიადაგში სასუქის შეტანა ყოველ გაზაფხულზე. ნიადაგის გამამდიდრებელ მინერალებს საერთაშორისო ინტერნეტმაღაზიიდან ვიწერ. ბაღისთვის აუცილებელია მცენარეების გასხვლაც, სარეველების მოცილება. ზედმეტი მორწყვა არ არის საჭირო, რადგან ერთმანეთთან ახლოს არის დარგული ანტაგონისტური მცენარეები.

ეზოში მაქვს როგორც ტერასული სისტემა, ხვიარა, მცოცავი მცენარეები, ასევე ტრადიციული, ამ ზონისთვის დამახასიათებელი მცენარეები. მათაც სჭირდება გასხვლა, მაგალითად, ვარდს - ფორმირება, შეწამვლა, ნიადაგის დამუშავება.

akia4-1673968698.jpg

- ვისაც არა აქვს საამისო ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ საქმიანობის დაწყება უნდა, რითი უნდა დაიწყოს?

- დღეს ადვილია რამის შესწავლა. შეგიძლია დაგუგლო. ყველაფერს ისწავლი, თუ მოინდომე. ამასთან, არიან ამ საქმის მცოდნეებიც. როცა რაიონში ვცხოვრობდი, მეურნეობა მქონდა, ბიოლოგიურ ასოციაციაშიც ვიყავი გაწევრებული. მერე უარი ვთქვი, აქედან რაიონში ვერ მივხედავდი და გავყიდე. ასოციაციაში საინტერესო ხალხი მუშაობს, მათგან კარგი კონსულტაციების მიღება შეიძლება.

- ტაბახმელაში ყველანაირი ხეხილი ხარობს?

- ყველანაირი, კურკოვანი, კენკროვანი... ზღვის დონიდან მაღლა ვართ და მხოლოდ კარალიოკი, ლეღვი და ბროწეული ვერ გავახარე. ნაყოფამდე ვერც ერთი ვერ მიდის. თუმცა არ გადამიწურავს იმედი და ყინვაგამძლე ბროწეულს ვეძებ. ეგ მცენარე ძალიან მიყვარს, გარდა ნაყოფისა, მომწონს მისი ყვავილი, ვარჯი. ამიტომ არ ვეშვები, უნდა გავახარო. ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა.

საჭმელი წაბლის გახარებაც შევძელი. გამიჭირდა, მაგრამ შედეგი მაინც მივიღე, ცხენის წაბლი კი უფრო ადვილად შეეგუა ტაბახმელის გარემოს.

ვარდების კარგი კოლექცია გვაქვს, ყველანაირი ფერისა და ჯიშის. გავახარეთ გლიცინიებიც, ჰოლანდიიდან ჩამოტანილი ლამაზი ტიტები. რამდენიმე ფერის იასამანია: თეთრი, ჩინური - ღია-მოთეთრო-მოვარდისფრო, ასევე მუქი. ძალიან მიყვარს იასამანი. მოკლედ, ყველა სეზონისთვის გვაქვს ეზოში რომელიმე მოყვავილე მცენარე.

დეკორატიულ მებაღეობაში დაახლოებით 40% მაინც წიწვოვანი მცენარე უნდა გქონდეს, რათა ზამთარში ბაღი არ გაშიშვლდეს, გასათვალისწინებელია ჩრდილის და მზის მოყვარული მცენარეებისთვის შესაფერისი ადგილის მოძებნა. ნიადაგის კონტროლისას გიწევს მცენარეების მზის სხივით განათებაზე ზრუნვაც. მნიშვნელობა აქვს მიმართულებასაც - ზოგიერთ მცენარეს ქარი არ უყვარს. ეს ნიუანსები უნდა გაითვალისწინო და ცხადია, ლანდშაფტიც.

ვინაიდან ტერასული სისტემა მაქვს, ეს ლანდშაფტის გაფორმების შესაძლებლობას იძლევა. გვაქვს ასევე ორი იუდას ხე. ჩვენს ზონაში ადვილად ხარობს და გაზაფხულზე ვარდისფრად ყვავის. ბაღში წიწვოვანების კარგი კოლექციაა. მაგალითად, დეკორატიული სეკვოია გამოვიწერეთ და გავახარეთ. ნეკერჩხლის კოლექციაც გვაქვს.

akia2-1673968698.jpg

- ეს სამხედრო პირი როგორი მებაღე ყოფილხართ. როგორც ჩანს, ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

- არა, მშვენივრად ვუთავსებ.

- ჰო, მაგრამ ყველა სამხედრო ხომ არ არის მებაღე?

- ყველაზე დიდი პაციფისტები სამხედროები ვართ. ჩვენი მოწოდება ნგრევა კი არა, შენებაა. სამხედროობა იმაში გვჭირდება, რომ ნაშენები არავინ დაგვინგრიოს. სამხედრო შენიღბვის ხელოვნებაც მჭიდროდაა დაკავშირებული მცენარეებთან, ტყესთან შეხამებასთან. ასე რომ, ჩვენგან ეს საქმე მაინცდამაინც შორს არ არის. სამხედრო თავის ცხოვრების დიდ ნაწილს ველზე, ტყესა და ბუნებაში ატარებს. ბუნება დადებითად მოქმედებს ჩემს გაწყობაზეც, მიყვარს ყოველდღიური ფუსფუსი, ბალახის გაკრეჭა, გათიბვა, მცენარის გასხვლა, ნასხლავების გატანა.

- შვილები არ არიან ჩართული ამ საქმეში?

- ქალ-ვაჟი მყავს. ჩემი ქალიშვილი მხატვარია და ამ სილამაზის მომხმარებელიც არის და შემქმნელიც, რადგან დაგეგმვაში გვეხმარება. ჩემი მეუღლე კი ამ საქმიანობის ინიციატორია, იმიტომ, რომ მამაკაცი ბუნებით ცოტა ზარმაცია. ის მეტის კეთებას გვაიძულებს, ბუნებით მაქსიმალისტია.

- ანუ ეს ყველაფერი თქვენთვის დასვენებაცაა და სასიამოვნო საქმეც.

- რა თქმა უნდა. ახლა ზამთარია და ამ დროს ერთ-ერთი მთავარი მცენარეების დაბერტყვაა, ტოტები რომ არ დაუზიანდეს. შარშან დიდი თოვლი მოვიდა და ძალიან დაგვიზიანა ბაღი, დიდ მცენარეებს ტოტები დაატეხა. ერთი თვის წინ ოთხ დღეს წვიმდა, მერე მოყინა, მცენარეებს ყინულის გარსი გაუკეთა, რასაც უხვი სველი თოვლიც დაემატა და დიდი მუხები გააფუჭა. მთელი კოჯრის ტყე ძალიან დაზიანდა. საცოდაობაა, 200-წლიანი მუხებია შუაზე გახლეჩილი. მთელი ტყე ამ დღეში ჩააგდო.

- ასეთ დროს საშველი რა არის?

- არაფერი, შემდეგ უნდა ეცადო, რომ ავადმყოფობა არ გაუჩნდეს. ამიტომ ფორმირება უნდა, დამტვრეული ტოტები დამრეცად, კარგად უნდა მოიჭრას, რომ ზედ წყალი არ გაჩერდეს. მერე აუცილებლად სპეციალური საღებავით უნდა დამუშავდეს, სიდამპლე რომ არ გაუჩნდეს. ასე თავს აღიდგენს.

ჩემ წინ უშველებელი, 11 ჰექტარი მინდორია და მასაც მე ვასუფთავებ. ძალიან ყურადღებით ვარ, ზაფხულში, როცა ძლიერი გვალვაა და ხანძრის გაჩენის საფრთხე არსებობს, პოლიციაც ამიყვანია, რომ პატარა ცეცხლის კერები ჩაექროთ.

გასხვლა აუცილებელი ოპერაციაა, რათა მცენარეს მომხმარი ტოტები ჩამოსცილდეს. დასანანია, რომ საქართველოში ბუნებას არ უვლიან. ეს ქალაქის ვალდებულებაა, რომელსაც ტაბახმელაც ეკუთვნის. სამხედრო განათლება გერმანიაში მაქვს მიღებული და მაშინ ვნახე, გარემოს მოვლის რამხელა კულტურა აქვთ. სხვათა შორის, თავის დროზე მოსახლეობას იძულების წესით დაავალეს, რომ სახლის წინ ყველას ყვავილები ჰქონოდა, წლების განმავლობაში კი კანონისმიერი იძულება ჩვეულებად და ტრადიციად იქცა.