"არესტოვიჩის ფენომენი" - მას ერთდროულად "წინასწარმეტყველადაც" თვლიან და შარლატანადაც; მას აღმერთებენ და სძულთ - რატომ გადადგა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი - კვირის პალიტრა

"არესტოვიჩის ფენომენი" - მას ერთდროულად "წინასწარმეტყველადაც" თვლიან და შარლატანადაც; მას აღმერთებენ და სძულთ - რატომ გადადგა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სი ნიუსი" (BBC news) თავის რუსულენოვან ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით - "არესტოვიჩის ფენომენი: რატომ გადადგა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი თანამდებობიდან".

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა: "მინდა, რომ სხვებს ცივილიზებული ქცევის მაგალითი ვაჩვენო: დაუშვი პრინციპული შეცდომა? ეს ნიშნავს, რომ თანამდებობიდან უნდა გადადგე", - ასე განმარტავს თავის ნაბიჯს ალექსი არესტოვიჩი.

უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, ალექსი არესტოვიჩის თხოვნა დაკმაყოფილებულია და იგი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მრჩევლის გადადგომა წინა დღით, 15 იანვარს მომხდარმა სკანდალმა განაპირობა - ქალაქ დნეპრში (ყოფილ დნეპროპეტროვსკში) რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის დანგრევასთან და მოსახლეობის მსხვერპლთან დაკავშირებით ტელეეთერში ალექსი არესტოვიჩმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "რაკეტა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ ჩამოაგდო, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და აფეთქდაო".

არესტოვიჩის ნათქვამი უცბად აიტაცა რუსულმა მასმედიამ: რუსული პროპაგანდის თანახმად, კორპუსის დანგრევასა და მოსახლეობის მსხვერპლში უკრაინელები არიან დამნაშავენი, მათ ის რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც საცხოვრებელ სახლზე კი არა, სხვა ობიექტზე იყო დამიზნებულიო. თვით ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც ისარგებლა ალექსი არესტოვიჩის ნათქვამით.

რასაკვირველია, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სარდლობამ სწრაფად უარყო ალექსი არესტოვიჩის ნათქვამი და განაცხადა, რომ Х-22 ტიპის რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებელობა მათ არ ჰქონდათ, რაც სამხედრო ექსპერტებმაც დაადასტურეს ანუ რაკეტა უშუალოდ საცხოვრებელ სახლზე იყო დამიზნებული, არ ჩამოგდებულა, კორპუსს მოხვდა და აფეთქდა (ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 45 ადამიანი).

ალექსი არესტოვიჩის ნათქვამმა სოციალურ ქსელებში გაღიზიანება გამოიწვია და მისი სიტყვები დაგმეს. ბევრმა პრეზიდენტს მიმართა მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

სხვათა შორის, თვითონ ალექსი არესტოვიჩმაც აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ეს დაღლილობითა და გამოუძინებლობით ახსნა, დროის არქონით, რომ ფაქტი გადაემოწმებინა. მოგვიანებით, 16 იანვარს, მან ისიც განაცხადა, რომ მის ნათქვამს ინტერნეტის ბოტებმა და ტროლებმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს. მრჩეველმა ხაზი გაუსვა, რომ მისი თანამდებობა უმნიშვნელოა და ტელეეთერში შემთხვევით ნათქვამს დიდი წონა არ აქვს. მან კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში ქალაქ დნეპრში დაღუპულების ახლობელთა წინაშე თავისი არასწორი ნათქვამის გამო.

როგორც "ბიბისის" კიეველი კორესპონდენტი სვიატოსლავ ხომენკო წერს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს გამოვლენილი ე.წ. არესტოვიჩის ფენომენი მკვლევრების მიერ შესწავლას ელოდება.

"ძნელია ფრონტის ორივე მხარეს ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც ასეთ ძლიერ და ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს იწვევდეს. მას ერთდროულად "წინასწარმეტყველადაც" თვლიან და შარლატანადაც. მას აღმერთებენ და სძულთ, მას პატივისცემითაც უსმენენ და იმავდროულად - მის გვარს "ყველა ბრუნვაში" მოიხსენიებენ, არასასიამოვნო კონტექსტით.

და იქნებ მართლაც არის ალექსი არესტოვიჩში ერთდროულად ყველაფერი გაერთიანებული?

იგი უკრაინის პრეზიდენტის - ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიან შეჭრისთანავე მივიდა. ჩემი წყაროების მეშვეობით ვიცი, რომ იმ მომენტში ოფისში განწყობა ძალიან ნერვიული იყო, ხოლო მის გარეთ - თითქმის პანიკური: სირენების ხმა ქუჩებში, "საცობები" ქალაქის გარეთ გასასვლელებთან, დიდი რიგები სუპერმარკეტებთან... თუმცა იმავე დღეს გასაგები გახდა, რომ უკრაინელი ხალხი თავდამსხმელებს ყვავილებით არ ხვდება და გრძელი რიგები არა მარტო ბანკომატებთან დადგა, არამედ - ჯარში გაწვევის პუნქტებთან და სამხედრო კომისარიატებთან.

ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტის გუნდს სჭირდებოდა ისეთი ხმა, რომელიც პრეზიდენტის ხელისუფლების სახელით ოფისიდან ქვეყნის მრავალმილიონიან მოსახლეობას უბრალო და გასაგებ მესიჯებს მიაწვდიდა: "პანიკაში ნუ ჩავარდებით, ხელისუფლება ადგილზეა. რუსები იტყუებიან, მათ არავითარი ფენომენალური წარმატება არ აქვთ, ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გავიმარჯვებთ".

ერთ-ერთ ინტერვიუში ალექსი არესტოვიჩმა აღიარა, რომ ომის პირველ დღეებში თვითონაც არ სჯეროდა იმ თავისივე სიტყვებისა, რასაც ტელეეკრანზე ამბობდა. კაცმა რომ თქვას, უკრაინის მოსახლეობას, რომელიც ასეთი მასშტაბის ომისათვის მზად არ იყო, მართლაც სჭირებოდა დამამშვიდებელი სიტყვების გაგონება. ალექსი არესტოვიჩმა ეს ფუნქცია მოხერხებულად და უნარიანად შეასრულა. ამით მან უკრაინის "საომარ მითოლოგიაში" თავისი ადგილი მტკიცედ დაიკავა: მისი სურათები გაჩნდა ლუდის ქილებზე, მის გვარი გაჟღერდა სამხედრო სიმღერებში, იგი პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში. გამოკითხვები ადასტურებდა, რომ ალექსი არესტოვიჩი საზოგადოების ნდობის მხრივ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მრჩეველი დიდების შარავანდედით იყო მოსილი.

მაგრამ რაც დრო გადიოდა, ალექსი არესტოვიჩის დამამშვიდებელი სიტყვების "მომხმარებელთა" რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - ომი ღრმად შევიდა მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში, საომარ მდგომარეობას ადამიანები ნელ-ნელა მიეჩვივნენ. შეიცვალა ხელისუფლების კომუნიკაციური მოთხოვნილებაც: უკრაინის არმიამ უკვე თვითონ შეიმუშავა ინფორმაციის გავრცელების სისტემა ფრონტიდან - მართალია, ისეთი დამამაშვიდებელი სტილით არა, მაგრამ მაინც.

თუმცა ალექსი არესტოვიჩი ამ სიტუაციაშიც ჰორიზონტიდან არ გამქრალა: შეიძლება ითქვას, იგი "თავისუფალი ცურვის რეჟიმში გადავიდა". მისი ყოველდღიური გამოსვლები მარკ ფეიგინის ტელეარხის ეთერში დღემდე მილიონ-ნახევარ ნახვას ითვლის.

საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის, რომელიც მზადაა მხოლოდ სასიამოვნო ფრონტული ახალი ამბები მოისმინოს, ალექსი არესტოვიჩის ლაპარაკი გულზე მალამოდ ედებოდა. მისი საუბარი ერთგვარ ნარკოტიკად იქცა.

როგორც ჩანს, ალექსი არესტოვიჩი განსაზღვრული იარაღის როლს ასრულებდა კიევის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომში, რუსეთის წინააღმდეგ: იგი ეთერში თავისი გამოსვლების დიდ ნაწილს რუსულ ენაზე წარმართავდა და, შესაბამისად, უკრაინაში ძნელად მოიძებნებოდა ისეთი მოწოდება, რომელიც რუსი ახალგაზრდების ომში წასვლის დემოტივაციას ახდენდა.

მაგრამ დადგა მომენტი, როცა ალექსი არესტოვიჩის გამოსვლების მიმართ, შინაარსობრივი თვალსაზრისით, პრეტენზიებმა მნიშვნელოვნად იმატა. მას საყვედურობდნენ, რომ არავითარი ექსკლუზიური მასალები არ აქვს ფრონტიდან, იგი მხოლოდ თავისებურად, შემოქმედებითი სტილით გადმოცემდა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილ ფაქტებს და მეტი არაფერი. მისი ცნობილი ფრაზა ომის სავარაუდო დასრულების თაობაზე - "ორი კვირა, მაქსიმუმ სამი", შარშან წარმოთქმული, არაკეთილმსურველებმა იმისთვის გამოიყენეს, რომ არესტოვიჩის არკომპეტენტურობა დაემტკიცებინათ.

ალექსი არესტოვიჩს წაუყენეს პრეტენზიებიც არასაკმარის პატრიოტობაზეც - ერთ-ერთი ტელეგამოსვლის დროს იგი "კარგი რუსების" დამცველად გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინაში სამომავლოდ რუსული ენა უნდა შენარჩუნდეს. დაადანაშაულეს ამბიციებშიც: დიმიტრი გორდონის გადაცემაში ალექსი არესტოვიჩმა არ გამორიცხა, რომ შეიძლებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო.

შემდეგ კი დნეპრში კორპუსის აფეთქებასთან დაკავშირებული სკანდალი მოხდა. მისი ფრაზა, რომ შეიძლება სახლს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მიერ ჩამოგდებული რაკეტა დაეცაო (რომელიც რუსულმა პროპაგანდამ უზომოდ გაბერა), ისეთ დროს ითქვა, როცა ნანგრევებიდან გვამებს იღებდნენ. ამის გამო მისი მხარდამჭერებიც კი გაბრაზდნენ.

არეულ-დარეული და უხერხული გამოდგა ალექსი არესტოვიჩის თავის მართლებაც - "ღამეები არ მძინავს და შემთხვევით შემეშალაო". მას უპასუხეს, რომ "ვინც მართლაც იღლება და ვისაც ღამეები არ სძინავს, უკრაინელი ჯარისკაცები არიან და კარგი იქნება დაფიქრდე, რას ლაპარაკობო".

ალექსი არესტოვიჩის "სისხლს" იმდენად ხმამაღლა ითხოვდნენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდს მისი გადარჩენა უკვე აღარ შეეძლო და რომც დაეტოვებინათ, პრეზიდენტის იმიჯისათვის საზიანო და ტოქსიკური იქნებოდა. ალბათ, ამით შეიძლება აიხსნას მისი განცხადება გადადგომის თაობაზე.

სხვათა შორის, როგორც ამბობენ, ალექსი არესტოვიჩისათვის გადადგომა, პრაქტიკულად, არაფერს შეცვლის. იგი გააგრძელებს ეთერში საკუთარი პროექტების პროპაგანდას. დარჩება ბევრისთვის კერპად და ბევრისთვის - ავანტიურისტად. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ