კადიროვი მარტოხელა დედების წინააღმდეგ - ჩეჩნეთის ლიდერმა ისინი დაადანაშაულა, რომ მათ "ნამდვილი მამაკაცების" აღზრდა არ შეუძლიათ - კვირის პალიტრა

კადიროვი მარტოხელა დედების წინააღმდეგ - ჩეჩნეთის ლიდერმა ისინი დაადანაშაულა, რომ მათ "ნამდვილი მამაკაცების" აღზრდა არ შეუძლიათ

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა 2022 წლის 29 დეკემბრის ყოველწლიური მიმართვისას, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელმაც მოსახლეობაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. როგორც კადიროვმა თქვა, არასრულფასოვან ოჯახში ბავშვებს სრულფასოვნად ვერ ზრდიან, მარტოხელა დედებს არ შეუძლიათ "ნამდვილი მამაკაცების" აღზრდა, რადგან ბავშვებს "მამაკაცური სიმამაცე მხოლოდ მამისგან გადაეცემათ".

კადიროვის აზრით, ქალს შვილისთვის მხოლოდ "დედობრივი სიყვარულის" მიცემა შეუძლია. მისი თქმით, ყოველ ბავშვს განსხვავებული "სიხშირის დიაპაზონი" აქვს, ამ სიხშირეზე მუშაობა კი მხოლოდ მამას შეუძლია, დედა ამას ვერ შეძლებს.

კადიროვის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც. მოსახლეობა რესპუბლიკის ლიდერს სთავაზობდა, შეეწყვიტა მამაკაცების უკრაინაში საომრად გაგზავნა და ამ გზით არც ბავშვი დაობლდებოდა და არც ქალი დაქვრივდებოდა.

სტერეოტიპებთან ბრძოლა

2022 წლის გაზაფხულზე ჩეჩნეთში, ვედენსკის რეგიონში მცხოვრები ლუიზას მეუღლე უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპა. ქალმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, განაცხადა, რომ მისი ქმარი ომში ძალდატანებით წაიყვანეს. ლუიზას სამი შვილი ახლა უმამოდ იზრდება.

"ჩემი ვაჟები 15, 13 და 10 წლისანი არიან. მთელი ამ წლების განმავლობაში მათ მამობრივი სიყვარული და ყურადღება აკლდათ, რადგან ის სულ მუშაობდა - სამსახურში გამთენიისას მიდიოდა და სახლში მაშინ ბრუნდებოდა, როცა ბიჭებს უკვე ეძინათ. მე არ ვმუშაობდი, 24 საათი სახლში ბავშვებთან ვიყავი. დღეს ისინი კარგად სწავლობენ, სახლშიც მეხმარებიან, ძალიან დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი ბიჭები არიან და ვთვლი, რომ ეს ჩემი დამსახურებაა", - ამბობს ლუიზა.

ჩეჩენი ქალბატონი ელიმა ტ. გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს აზრი მხოლოდ და მხოლოდ სტერეოტიპია.

"ჩვენთან ასეა მიღებული, თუ ბავშვი რამეს დააშავებს, ეს მხოლოდ დედის ბრალია, მაგრამ თუ ბავშვი რამე კარგს გააკეთებს, ეს მამის დამსახურებაა", - აღნიშნავს ის Кавказ.Реалии-სთან.

chechenidedebi-1674033801.jpg
2017 წელი, 17 სექტემბერი. ჩეჩნეთი, გროზნო. ჩეჩენი ქალების დღე

ყველა პრობლემის საფუძველი

ასეთი თავდასხმა იმ ქალების მიმართ, რომლებიც შვილებს ქმრის გარეშე ზრდიან, კადიროვის მხრიდან პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2017 წელს კადიროვის ინიციატივით ახალი კამპანია წამოიწყეს, რომლის მიხედვითაც დანგრეული ოჯახები უნდა აღედგინათ. კადიროვი მაშინ ამბობდა, რომ განქორწინებული წყვილები ისევ უნდა შეერიგებინათ, რადგან ასეთ სიტუაციაში აღზრდილი ბავშვები ადვილად მოექცევიან ექსტრემისტთა გავლენის ქვეშ. მისი აზრით, განქორწინებულ ქალებს არ შეუძლიათ "მამაკაცების გავლენის გარეშე" შვილების აღზრდა, რის გამოც ასეთი ბავშვები შესაძლოა "საზოგადოებისთვის საფრთხეს" წარმოადგენდნენ.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, არასრულწლოვანთა დანაშაულების განხილვისას, მათი 80% განქორწინების შემდეგ დედებთან იზრდებოდნენ. კადიროვმა ყოფილი ქმრებისთვის მაშინ ბრძანებაც გასცა, რომელიც ასე ჟღერდა: "დაიბრუნონ ის ქალები, რომლებიც წავიდნენ ქმრებისგან, რადგან შემდეგ დედასთან გაზრდილმა ბავშვებმა "პრობლემები არ შექმნან".

ბელგიაში მცხოვრები ჩეჩენი უფლებადამცველის - ფატიმა გაზიევას თქმით, ჩეჩნურ საზოგადოებაში უამრავი "ღირსეული მამაკაცია", რომლებიც დედებმა აღზარდეს.

"ორი ომის მიმდინარეობისას უამრავი ქალი დარჩა მარტო შვილებთან ერთად, მაგრამ ისინი არ გატყდნენ, არ მიატოვეს შვილები, ბავშვები ღირსეულად აღზარდეს. დღეს ჩეჩენმა დედებმა, რომელთაგან უამრავი მარტოხელაა, შეძლეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წასვლა და ქმრების გარეშე შვილების აღზრდა, მათ მოახერხეს, შვილებისთვის კარგი განათლება მიეცათ", - აღნიშნავს ჩეჩენი უფლებადამცველი.

აღსანიშნავია, რომ კადიროვის ბოლოდროინდელი განცხადებები მარტოხელა დედების შესახებ ეწინააღმდეგება მის სხვა განცხადებებს. 2018 წელს კადიროვი ამბობდა, რომ "სწორედ დედა ზრდის ვაჟს ისე, რომ შემდეგ ის პასუხისმგებლიანია და იდეალების მიმართ პატივისცემა აქვს. უფრო გულმოწყალეა და მცირე ასაკიდანვე აქვს სიყვარული კულტურის, რელიგიისა და სამშობლოს მიმართ".

2017 წელს კადიროვი წინასწარმეტყველ მუჰამედს ციტირებდა და აღნიშნავდა, რომ "სამოთხე დედის ფეხებთანაა", 2022 წელს კი საუბრობდა დედის როლზე მებრძოლის აღზრდისას, რომლებიც "საერთო ბოროტების წინააღმდეგ შეუჩერებელ ბრძოლას აწარმოებენ".

"ისლამურ სამყაროში ბავშვის აღზრდისა და ჩამოყალიბების საკითხში დედის როლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამის" - აღნიშნავს გამოცემასთან ერთ-ერთი თეოლოგი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

"ერთხელ წინასწარმეტყველ მუჰამედს კითხეს, ყველაზე მეტად ვინ იმსახურებს კარგ მოქცევას. წინასწარმეტყველმა უპასუხა: "დედაშენი". შემდეგ ვინ? - ჰკითხეს მას ისევ. "დედაშენი" - უპასუხა წინასწარმეტყველმა და მხოლოდ მაშინ, როცა კითხვა მეოთხეჯერ დაუსვეს, მაშინ თქვა: "მამაშენი" - მოჰყავს მაგალითი თეოლოგს გამოცემასთან საუბრისას.

"როგორც დედა აღზრდის ვაჟს, ისეთივე იქნება ის მომავალში"

ნიცაში (საფრანგეთი) არსებული მეჩეთის იმამის - რამზან მაგომედოვის თქმით, ისლამის ისტორიაში არსებობს უამრავი ქალი, რომელმაც მარტომ აღზარდა შვილები.

"მაშინაც კი, როცა ოჯახში მამაა, შვიდ წლამდე ბავშვთან უფრო მეტ დროს დედა ატარებს. დედაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, როგორც დედა აღზრდის ვაჟს, ისეთივე იქნება ის მომავალში", - აღნიშნავს მაგომედოვი. როგორც იმამმა განაცხადა, უამრავი წარმატებული მეცნიერი, სხვადასხვა მიზეზის გამო, დედამ მარტომ აღზარდა. (წყარო)