"ჩემთვის, მარადონას უფრო მეტი ემოცია მოჰქონდა..." - კვირის პალიტრა

"ჩემთვის, მარადონას უფრო მეტი ემოცია მოჰქონდა..."

„არასწორი მგონია არჩევანის გაკეთება ქვეყანაზე, სადაც ყველაფერი აკრძალულია“

გასული წელი უკვე შევაჯამეთ, მაგრამ უჩვეულო დროსა და ადგილას გამართული შარშანდელი მუნდიალი, მისი ჩინებული ფინალი და მესის/არგენტინის ჩემპიონობა კიდევ კარგა ხანს იქნება სალაპარაკო თემა. გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს, მსოფლიო ფეხბურთს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა, იანვრიდან კი ევროპული ჩემპიონატები განახლდა და მოედანს ხვიჩა კვარაცხელიაც დაუბრუნდა. ამ საინტერესო საკითხებზე ვეტერან ფეხბურთელს – ვლადიმერ გუცაევს ველაპარაკეთ:

– ბატონო ვოვა, მოგეწონათ კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი?

– მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის საინტერესოა. მიმაჩნია, რომ მსგავსი მასშტაბის სხვა დღესასწაული არც არსებობს! წინათ, მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 16 ნაკრები თამაშობდა და როცა გუნდების რაოდენობა გაიზარდა, იმატა შედარებით დაბალი კლასის ნაკრებების რიცხვმაც. ამიტომ, არავის გაკვირვებია, რომ კატარშიც ვნახეთ საკმაოდ ბევრი მოსაწყენი მატჩი. საბედნიეროდ, იყო საინტერესო შეხვედრებიც. ტურნირის გვირგვინი კი ფინალური შეხვედრა გამოდგა: შედარებით ინერტული პირველი ტაიმის შემდეგ, არგენტინა-საფრანგეთის მატჩი ისე „გახურდა“, ისეთი სანახაობრივი და დრამატული თამაში ვნახეთ, რომ ბევრის აზრით, მსგავსი ფინალი აქამდე არასდროს გამართულა! არადა, ბევრი საინტერესო ფინალური შეხვედრის გახსენება შეიძლება. მაგალითად: ინგლისი-გერმანია 1966 წელს, ბრაზილია-იტალია ოთხი წლის შემდეგ, თუნდაც – გერმანია-ჰოლანდია 1974-ში და ა.შ. მე თუ მკითხავთ, იმდროინდელ ნაკრებებში უფრო ბევრი საინტერესო მოთამაშე იყო, ვიდრე ახლა. „კატარი-2022“-ის ფინალი, ფაქტობრივად, მესის და მბაპეს პერსონალური დუელი გახლდათ. და მოაწყვეს კიდეც გოლების ფოიერვერკი...

– მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ზამთარში, თანაც – კატარში გასამართი მუნდიალის მოლოდინში, პესიმისტური მოლოდინი გვქონდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, კარგი ტურნირი ვნახეთ როგორც ორგანიზების, ისე – სანახაობის მხრივ.

– გინახავთ რომელიმე მუნდიალი, რომელიც ცუდად ჩატარდა?! მოცულობითა და შინაარსით, მსოფლიო პირველობა იმხელა დღესასწაულია, რომ შეუძლებელია, მაღალი დონის არ იყოს, საინტერესო არ გამოდგეს. ოღონდ, ასეთი მასშტაბის ტურნირზე ჩასულ გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს თავისუფლებაც, ბარ-რესტორანიც, მეგობრებთან ერთად გართობის შესაძლებლობაც. არასწორი მგონია არჩევანის გაკეთება ქვეყანაზე, სადაც ყველაფერი აკრძალულია, სადაც გულშემატკივარი/ტურისტი თავის გემოზე ვერ გაიხარებს. მსოფლიო ჩემპიონატი ხომ მხოლოდ სტადიონზე ორი სააათის გატარება არ არის?! ამა თუ იმ ნაკრების მატჩებს შორის შუალედი 4-5 დღეა და უცხო ქვეყანაში ჩასულ სტუმარს საინტერესოდ ხომ უნდა შეეძლოს ამ დროის გატარება?! გასაგებია ფეხბურთის პოპულარიზაციაზე ლაპარაკი, მაგრამ ასეთ ქვეყნებში ამხელა ტურნირის გამართვა არასწორად მიმაჩნია. ფიფა სხვა სახის შეცდომებსაც ხშირად უშვებს. მაგალითად, ბოლო მუნდიალის დროს, ბოლომდე ვერასდროს ვერავინ დაადგინა, როდის იყო თამაშგარე მდგომარეობა და როდის – არა. ასეთი ექსპერიმენტები ჯერ ნაკლებად მნიშვნელოვან გათამაშებებში უნდა დანერგო და თუ გაამართლებს, მერე გადაიტანო დიდ ტურნირებზე. თორემ ახლა გამოვიდა, რომ ფეხბურთელებს, იდაყვის ან ყურის ბიბილოს „ხაზს იქით დარჩენის“ გამო დაბრალდათ თამაშგარეში ყოფნა...

– გულშემატკივართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ უსამართლობა იქნებოდა, ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე დაესრულებინა კარიერა. ეთანხმებით?

– როცა მესიზე ვლაპარაკობთ, მის მთელ კარიერას უნდა გადავხედოთ: 16-17 წელიწადია, არგენტინელი უმაღლეს დონეზე თამაშობს, რაც ფენომენური შედეგია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის! ტრავმის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, „ჩავარდნა“ ყველა მოთამაშეს ჰქონია. მესის კი, რაც თამაში დაიწყო, ფაქტობრივად, არ ჰქონია სუსტი სეზონი. ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე მისი დარჩენა მართლაც უსამართლობა იქნებოდა. იმსახურებდა კიდეც და არც ის მგონია, მსოფლიოში ვინმე ნაწყენი დარჩენილიყო მისი ჩემპიონობით. არგენტინის ნაკრები 15 წელიწადი მარადონას „ხარჯზე“ თამაშობდა, მომდევნო 15 წელია – მესის იმედად არის. ამ ორი უდიდესი მოთამაშის გარდა, ბოლო ათწლეულების არგენტინის ნაკრებში, მაღალი დონის სხვა მოთამაშეები არც მახსენდება.

324822689-912135263121545-8847917369276229286-n-1674044505.jpg

– მარადონას და მესის შედარებისას, დიეგოს ფანებისგან სულ გვესმოდა, რომ მარადონა ნაკრებისთვისაც გაცილებით მეტს აკეთებდა და 1986 წლის მუნდიალის მოგებაც, მთლიანად მისი დამსახურებაა, მესის კი, ნაკრების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ტიტული არ ჰქონდა მოგებული... თქვენ რას იტყვით: მარადონა, თუ – მესი?

– ასეთი დონის ფეხბურთელების შედარება უსამართლობა მგონია. მესი უფრო ძლიერია, თუ – მარადონა? ეს მხოლოდ გემოვნების ამბავია! ზოგს ჯინსის ფართო შარვლები მოსწონს, სხვას – ვიწრო, ამას „ფერარი“ ურჩევნია „ლამბორგინის“, იმას „მერსედესი“ – BMW-ს და ა.შ. არჩევანი კონკრეტული ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ჩემთვის, მარადონას უფრო მეტი ემოცია შემოჰქონდა მოედანზე, ვიდრე მესის ან რომელიმე სხვას. ასე რომ, მე მარადონა მირჩევნია.

– როცა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებზეა ლაპარაკი, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუც – პელე. „ფეხბურთის მეფე“, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა... ლეგენდარული ბრაზილიელის მარადონა/მესისთან შედარებას არ გთხოვთ – უბრალოდ, პელეზე ვილაპარაკოთ.

– პელეს გარდაცვალებით, ფეხბურთმა დაკარგა ერთ-ერთი მთავარი გმირი! ის მხოლოდ ბრაზილელებისთვის არ ყოფილა განსაკუთრებული ადამიანი, პელე მთელ მსოფლიოს დააკლდება! ეს იყო კაცი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც „საუკეთესოს“ ეპითეტად იქცა... სწორედ ის იყო პირველი ფეხბურთელი, ვინც „ყველაზე მაგარის“ ეტალონი გახდა. მის შემდეგაც იყვნენ უმაღლესი დონის ფეხბურთელები – კრუიფი, მარადონა, მესი და სხვები, მაგრამ შედარება დაიწყო პელედან. პელე ყოველთვის პელე იქნება!

– ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით: „სხვათა შორის, მე გარინჩასაც მადარებდნენ და ეს ძალიანაც მიხარია - საბჭოელი ფეხბურთელებიდან სხვა ვინმე შეუდარებიათ გარინჩასთვის?!“ „მანეზე“, ან მასთან მსგავსებაზე არა, მაგრამ ზოგადად, ბრაზილელებზე უნდა გკითხოთ: რა არის ბრაზილიური ფეხბურთი? თქვენი აზრით, საიდან მოდის მათი საოცარი ტექნიკა, შედეგიანობა, ფეხბურთის ფანატიკურ სიყვარული...

– იყვნენ და არიან ფეხბურთელები, რომლებსაც არტისტიზმის ელემენტები შეაქვთ საფეხბურთო მინდორზე. და ეს სწორედ ბრაზილელებმა დაიწყეს. გარინჩა რომ ვახსენეთ: შესაძლოა, მის შემდგომ, უფრო მაგარი მოთამაშეებიც იყვნენ, მაგრამ მანე გარინჩა ისეთი რაღაცებს აკეთებდა, ფეხბურთი ხელოვნებასთან მიაახლოვა! მასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პელე და მისი თანაგუნდელებიც. რამდენი თაობა ყოფილა ბრაზილიურ ფეხბურთში, მაგრამ საუკეთესოდ, დღემდე მიიჩნევა ნაკრები, რომელიც 1970 წლის მუნდიალზე გახდა მსოფლიო ჩემპიონი! იმიტომ, რომ იმ გუნდის ნაჩვენები ფეხბურთი სწორედ რომ „ხელოვნება“ იყო! პელე, ტოსტაო, გერსონი, ჟაიზინიო, რიველინო და სხვები... ისინი ყველა ბავშვის კუმირები იყვნენ. ბავშვის სიყვარული კი ყველაზე ძვირად ფასობს, ბავშვები გულწრფელები არიან და იოლად არჩევენ ნამდვილს ყალბისგან...

– ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ფეხბურთმა არაერთი სახელგანთქმული მოთამაშე მოისაკლისა (პელე, სინიშა მიხაილოვიჩი, ჯანლუკა ვიალი და სხვ.), მაგრამ ჩვენ ქართული ფეხბურთის დიდ დანაკლისზე უნდა ვთქვათ: გასული წლის 30 დეკემბერს, გარდაიცვალა ვლადიმერ ბარქაია – თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი, სსრკ-ის 1964 წლის ჩემპიონი...

– მგონი, ერთადერთი ფეხბურთელი ვარ, ვინც იმ თაობას – 1964 წლის ჩემპიონი გუნდის მოთამაშეებს ახლოდან ვიცნობდი – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! მაშინ, უკვე ვირიცხებოდი „ნორჩ დინამოელში“ და დიდი პრესტიჟი იყო, თუ აუტის მომწოდებელ ბიჭად შეგარჩევდნენ. საქმე ის არის, რომ „აუტჩიკებად“, უმეტესწილად, ირჩევდნენ საფეხბურთო სკოლების ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ მოთამაშეებს. მე ხშირად მქონდა ეს ბედნიერება და კარგად მახსოვს ის გუნდი, მახსოვს ლეგენდარული მოთამაშეები თამაშის და მოთელვის დროს, გასახდელში, საუბრისას და ა.შ. ძალიან კარგად მახსოვს ბატონი „სიომაც“ (ვლადიმერ ბარქაიას მეტსახელია – რ.შ). ის იყო კაცი, რომელიც, გულშემატკივარს ხომ ძალიან უყვარდა – მგონი, მიშა მესხზე და სლავა მეტრეველზე არანაკლებ! მაგრამ ასევე, უზომოდ უყვარდათ თანაგუნდელებსაც. სიომა ბარქაია იყო ჭკვიანი ფეხბურთელი, ნამდვილი “ინტელიგენტი“ მოთამაშე – საოცარი პასით, ტექნიკით, ბურთის მიღებით და ა.შ. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის...

– ტექნიკური ფეხბურთი და ხალხის სიყვარული ვახსენეთ და... აუცილებლად უნდა გკითხოთ ხვიჩა კვარაცხელიაზეც – ტრავმის და პაუზის შემდეგ, კვარას კრიტიკოსები მოუმრავლდნენ, თუმცა „იუვენტუსთან“ მატჩით, ხვიჩამ დაამტკიცა, რომ ყველაფერი რიგზეა!

– პანდემიამდე, ხვიჩა რუსულ კლუბშიც ძალიან მაგრად თამაშობდა, მაგრამ კორონავირუსმა და ტრავმამ მაშინაც იმოქმედა... რიტმიდან ამოვარდნის შემდეგ, დაკარგული ფორმის აღდგენა ურთულესი პროცესია. მით უმეტეს, ისეთ ჩემპიონატში, როგორიც არის იტალიის სერია „ა“. თანაც, უკვე იტალიელებმაც მეტი შეიტყვეს კვარაცხელიაზე, მის უნარებზე, თამაშის სტილზე, რომელმაც, პირველ თვეებში, ასე ძალიან განაცვიფრა მთელი საფეხბურთო სამყარო. როცა აქტიური ფეხბურთელი ვიყავი, მაშინ, ყველა ცდილობდა, „ესწავლა“, როგორ ეთამაშათ ვოვას წინააღმდეგ, ბლოხინის, ყიფიანის გასანეიტრალებლად. ხვიჩას შესაჩერებლად უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, სრული მობილიზებით არიან მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც. არ დაგვავიწყდეს მისი ტრავმაც: შესაძლოა, ბოლომდე არც იყო განკურნებული წელის ტკივილისგან, მაგრამ არ ამხელდა, რადგან თამაში სწყუროდა, შესაძლოა, სხვა მიზეზებიც იყოს, რომლებიც ჩვენ არ ვიცით... ფეხბურთი წარმოუდგენელია მცირედი „ჩავარდნების“ გარეშე. თანაც, მასავით ახალგაზრდა ფეხბურთელს კი არა, თვით პელეს ჰქონდა ჩავარდნა 1966 წლის მუნდიალზე! გავიხსენოთ მარადონა 1982 წელს, საფრანგეთის ნაკრებიდან „იუვენტუსში“ დაბრუნებული პლატინი და სხვ. მცირე ჩავარდნაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ტრავმის ბოლომდე მოსაშუშებლად, ფორმის დასაბრუნებლად ხვიჩას გარკვეული დრო სჭირდებოდა და - დაბრუნდა კიდეც!

– თქვენ რა მოგწონთ კვარაცხელიას თვისებებიდან, მისი თამაშის სტილიდან...

– მომწონს, თავის თავზე რომ იღებს თამაშს, მუდმივად მეტოქის საჯარიმოზეა დაგეშილი... არიან თავდამსხმელები, რომლებსაც მთელი თამაშის განმავლობაში, ერთხელაც ვერ დაინახავ მოწინააღმდეგის საჯარიმოში: გარს უვლიან, პასს აკეთებენ, კარში ურტყამენ, მაგრამ საჯარიმოში არ შედიან. ხვიჩა სხვანაირი ტიპია: შედის, ატყუებს, ცდილობს, დაძაბულობა შეიტანოს მეტოქე გუნდის დაცვაში... ეს არის ყველაზე მთავარი და ეს არ უნდა დაკარგოს. იმიტომ მოსწონს ყველას, იმიტომ გიჟდებიან კვარაზე, რომ თავის თავზე იღებს თამაშს მაშინ, როცა საჭიროა. არის თუ არა მწვრთნელის დავალება, ბოლო დროს, ხვიჩა უფრო მეტ პასს უკან რომ აკეთებს? ფეხბურთელი ისედაც უნდა ცდილობდეს, რომ ბურთი არ დაკარგოს. ამიტომაც, მგონია, რომ სპალეტი არაფერ შუაშია. ყველაფერი ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა. ნუ შევქმნით ზედმეტ აჟიოტაჟს, მთავარია, ფეხბურთელმა გამოიყენოს მისი მთავარი კოზირები. ხვიჩას კოზირია პირდაპირ კარიკენ სწრაფვა, მოკლე გზის ძიება მოწინააღმდეგის კარისკენ! ასეც უნდა გააგრძელოს. რაც შეეხება კვარაცხელიას მომავალს, ვფიქრობ, `ნაპოლიში~ უნდა დარჩეს იმ მომენტამდე, სანამ სტაბილურ მოთამაშედ არ ჩამოყალიბდება. როცა კითხვები აღარ გაჩნდება – მწვრთნელის დავალებას უკავშირდება მისი თამაშის სტილის ცვლილება, თუ – არასასურველი კონდიციას. როცა დარწმუნებული იქნება, რომ შეუძლია ითამაშოს მადრიდის „რეალში“, „ლივერპულში“, მანჩესტერის რომელიმე კლუბში, შეუძლია იყოს წამყვანი ფეხბურთელი. აი, მაშინ უნდა დატოვოს ნეაპოლი.

– გიორგი მამარდაშვილსაც შთამბეჭდავი კარიერული ნახტომი აქვს. ფაქტია, რომ მას და ხვიჩას დიდი წვლილი აქვთ ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციის საქმეში...

– ყველა ვხედავთ, რომ გიორგი ჩვენს თვალწინ ყალიბდება ძალიან ძლიერ მეკარედ. ხვიჩას სტილის ფეხბურთელი უფრო ხშირად ექცევა ყურადღების ქვეშ, უფრო ხშირად გამოდის წინა პლანზე... მაგრამ ნიჭით, მონაცემებით მამარდაშვილი არაფრით ჩამოუვარდება კვარაცხელიას. ამ ორმა ფეხბურთელმა თავისი თამაშით მოკლე პერიოდში მოახერხა, რომ უკვე სხვანაირად უყურებენ ჩვენს ქვეყანას, გაცილებით დიდი ინტერესია როგორც ქართველი ფეხბურთელების, ისე – მთლიანად ქვეყნის მიმართ.

რატი შელეგია (სპეციალურად საიტისთვის)