ერთი შვეულმფრენის კატასტროფამ ომში მყოფ უკრაინას მძიმე დარტყმა მიაყენა... - კვირის პალიტრა

ერთი შვეულმფრენის კატასტროფამ ომში მყოფ უკრაინას მძიმე დარტყმა მიაყენა...

თითქმის ერთწლიანი ომის განმავლობაში უკრაინის ციდან ორასამდე შვეულმფრენია ჩამოვარდნილ-ჩამოგდებული, როგორც რუსული, ისე - უკრაინული, მაგრამ 18 იანვრის დილას, კიევის სიახლოვეს, ბროვართან მომხდარმა საავიაციო კატასტროფამ ომში მყოფ უკრაინას ბევრად მეტი დარტყმა მიაყენა, ვიდრე ერთი შვეულმფრენის ჩამოვარდნა იქნებოდა.

ბროვარში საბავშვო ბაღის შესასვლელთან შვეულმფრენი დილის 8 სთ-ზე სწორედ იმ დროს დაეცა, როდესაც მშობლებს პატარები საბავშვო ბაღში დასატოვებლად მიჰყავდათ...

18 იანვრის შუადღისთვის ცნობილი იყო, რომ ამ შვეულმფრენის კატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - სამი ბავშვი, დაიჭრა და დაშავდა 26, მათ შორის - 12 ბავშვი. დღის ბოლოსთვის დაღუპულ-დაშავებულთა რიცხვი, სამწუხაროდ, შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

საავიაციო კატასტროფის ადგილიდან გავრცელებული ფოტოებიდან შეიძლება იმ წინასწარი დასკვნის გამოტანა, რომ ჩამოვარდნილი შვეულმფრენი H225 ტიპისაა და ის უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს ეკუთვნოდა. მასში 9 ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის სამი წევრი და ექვსი მგზავრი, რომლებიდანაც ყველა დაიღუპა.

მაგრამ, რაც ყველაზე მძიმე დარტყმაა უკრაინის ხელისუფლებისთვის, კატასტროფაგანცდილ შვეულმფრენში უკრაინის შსს-ს თითქმის მთელი ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის - დენის მონასტირსკის ჩათვლით, რომლებიც ფრონტის ხაზისკენ მიფრინავდნენ.

2-kat-1674041349.jpg
11-ტონიანი H225-ის, იგივე „სუპერ პუმას“ ბროვარში, საბავშვო ბაღის შესასვლელთან - ჩამოვარდნის ადგილი

მონასტირსკი პრეზიდენტ ზელენსკის მიერ იქნა დანიშნული და მისი დიდი ნდობით სარგებლობდა, ამასთან, უკრაინის შსს-ს დაქვემდებარებაშია ნაციონალური გვარდია, პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში ანუ უკრაინის შსს თავისი ყველა სტრუქტურით ამ ომში ერთგვარ მეორე არმიას წარმოადგენს უკრაინის დაცვის საქმეში და მისი მინისტრისა და კიდევ ხუთი ხელმძღვანელის ერთდროულად დაკარგვა უკრაინის ხელისუფლებისთვის დამატებით მძიმე გამოცდად იქცევა, მტერს - რუსეთს კი გაახარებს ...

საავიაციო კატასტროფიდან რამდენიმე საათში ძალიან ძნელია იმის მტკიცება თუ დანადვილებით რა გახდა ამის მიზეზი.

სტანდარტულად, ნებისმიერი საავიაციო შემთხვევისთანავე, სახელდება შემდეგი სამი ძირითადი სავარაუდო მიზეზი - ეკიპაჟის შეცდომა ანუ ადამიანური ფაქტორი, საფრენი აპარატის ტექნიკური პრობლემები და ამინდი ან აქედან ორი და - თვით სამივე მიზეზის დამთხვევაც კი...

ომში მყოფი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, ზემოხსენებულ შესაძლო მიზეზებს შეიძლება კიდევ დაემატოს - დივერსია შვეულმფრენის ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით და საზენიტო საშუალებით შვეულმფრენის დაზიანება-ჩამოგდება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს შვეულმფრენი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, ცეცხლი ეკიდა და თითქოს სამჯერ დაარტყა წრე, სანამ ჩამოვარდებოდაო...

თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და შვეულმფრენს მართლაც ეკიდა ცეცხლი, შეიძლება იმის დაშვება, რომ რამე ტექნიკური მიზეზის გამო - ან ბორტზე აფეთქების, ან საზენიტო რაკეტის მოხვედრის შემდეგ შვეულმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და ეკიპაჟმა სასწრაფოდ ავარიული დაშვება განიზრახა, დასაშვებ მოედანს არჩევდა და წრეებს იმიტომაც ურტყამდა ამ კონკრეტულ ადგილს...

თუკი კატასტროფის ეს ვერსია გამართლდება, მაშინ უკვე შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ხელიც შეიძლება ერიოს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ლიკვიდაციის საქმეში...

3-kata-1674041392.jpg
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი H225 ტიპის შვეულმფრენის სალონში (მარცხნივ), ერთ-ერთი წინა ფრენის დროს...

საგულისხმოა, რომ სწორედ მონასტირსკის წინამორბედი, უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არსენ ავაკოვი იყო იმის მოთავე, რომ 2018 წელს უკრაინის შსს-მ გრანდიოზული მასშტაბის კონტრაქტი გააფორმა საფრაგეთთან 55 შვეულმფრენის 555 მლნ ევროდ შეძენის თაობაზე.

შეძენილ ფრანგულ შვეულმფრენებს შორის იყო 24 ერთეული H125 და 10 ცალი H145 ტიპის შვეულმფრენი, ასევე - H225 ტიპის 21 შვეულმფრენი, რომელთაგან ერთ-ერთმა - H225-მა განიცადა დღეს კატასტროფა ბროვარის საბავშვო ბაღთან...

Airbus Helicopters H225 ტიპის შვეულმფრენი, ფაქტობრივად, Eurocopter EC225 Super Puma -ს წარმოადგენს (სახელი მას შემდეგ გადაარქვეს, რაც თავად ამ საავიაციო კონცერნს შეეცვალა დასახელება), სწორედ ისეთს, როგორებიც თავის დროზე საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ შეიძინა - მათგან ერთი კახეთის მთებში ჩამოგვივარდა (საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ), ერთი მარნეულში „იმტვერება“, ერთსაც კი სამ პატარა შვეულმფრენში ცვლიან, თანხის დამატებით...