"ორნიშნა, სამნიშნა რიცხვების ერთმანეთზე გამრავლებისას პასუხი მაშინვე მზად მაქვს" - ქართველი გენიოსი, რომელსაც სამსახური არა აქვს - კვირის პალიტრა

"ორნიშნა, სამნიშნა რიცხვების ერთმანეთზე გამრავლებისას პასუხი მაშინვე მზად მაქვს" - ქართველი გენიოსი, რომელსაც სამსახური არა აქვს

57 წლის გია ნოზაძეს ზეპირი ანგარიშის განსაკუთრებული უნარი აქვს: არითმეტიკულ მოქმედებებს გონებაში კალკულატორის სისწრაფით ახორციელებს. ამის ამსახველი ვიდეოები ინტერნეტში საკმაოდ პოპულარულია. ბატონ გიას პირადად შევხვდით, მის ნიჭერებაშიც დავრწმუნდით და გადავწყვიტეთ, მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო... გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული სტატიიდან:

"ორნიშნა, სამნიშნა რიცხვების ერთმანეთზე გამრავლების შემთხვევაში გონების დაძაბვა არ მიწევს. საერთოდ, პასუხი მაშინვე მზად მაქვს - არც ვფიქრობ, მაგრამ გონებაში რიცხვი რომ იწერება, მარჯვნიდან მარცხნივ წაკითხვა ხომ უნდა, პასუხი რომ ვთქვა, არა? ტვინს დაძაბვა მხოლოდ ციფრების დაჯგუფებისას უწევს..."

"სკოლა წარჩინებით დავამთავრე. ატესტატში ხუთი "ოთხიანი" მყავს, დანარჩენი - სულ ფრიადი. შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. საბჭოთა არმიის რიგებში სამსახურიც მომიხდა... სამხედრო ცხოვრების გავლის შემდეგ, საუკეთესო ოპერატორიც გავხდი. მაგალითად, ჰაერში მიზანი რომ "დაგეჭირა", რეკორდული დრო 8 წამი იყო, მე კი მიზანს 6 წამში "ვიჭერდი", რადგან ამისთვის პატარა მათემატიკური გათვლა იყო საჭირო. მერე, ჯარში გამორჩეული სამხედრო სამსახურისთვის თავდაცვის მინისტრმა დამაჯილდოვა. კომუნისტური რეჟიმის დროს, რაც კი ჯილდო არსებობდა, მგონი, ყველა მიღებული მაქვს..."

"საქართველო-რუსეთის სავაჭრო კომპანიაშიც ვმუშაობდი - კომერციული მიმართულების დირექტორი გახლდით. შემდეგ იქაურობას რომ შევხედე, "კარგი ჰაერი" არ მოდიოდა - კორუფცია იყო, "გადაგდებაზე" იყვნენ გადასული. ასეთი რამე ჩემგან შორსაა - ვერ ავიტანდი, პატიოსანი კაცი ვარ... ამიტომ იქ მუშაობას თავი დავანებე და საქართველოში დავბრუნდი..."

"სოფელში თუ ვინმე მეტყვის, - ესა და ეს დავაგეგმაროთო, ვეხმარები. ბევრს უკითხავს, - ვერ გაგვიგია, აქ რამდენი კუბური მეტრი წყალი ჩავა, რამდენი შეშა იქნება საჭიროო? ჩემთვის მსგავსი საკითხების გადაჭრა უმარტივესია, ისინი კი ძალიან წვალობენ. ამიტომ ხალხს ვეხმარები..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი