"ქართულ ოცნებას" კომპასი დაუზიანდა და სრულიად გაურკვეველია, რა მიმართულებით ან სად მიდიან..." - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" კომპასი დაუზიანდა და სრულიად გაურკვეველია, რა მიმართულებით ან სად მიდიან..."

როგორია ქვეყნის საგარეო კურსი და როგორი წარმოდგენა აქვს საზოგადოებას

ბოლო ერთი წელია, საქართველოში ქვეყნის საგარეო კურსსა და ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე მხოლოდ ეჭვებს გამოხატავდნენ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, ახლა ცალსახად აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ჩვენს ქვეყანაში კრემლის ინტერესებს ატარებს. სახელმწიფო პოლიტიკური პირების შეცვლილი ან ფორმირებული ქცევები და რიტორიკა არც საზოგადოების დარჩენია შეუმჩნეველი. ეს საკითხი ბოლო დროს განსაკუთრებულად ხშირად ხდება განსჯისა და დავის საგანი. ჟურნალმა "გზამ" სხვადასხვა პოზიციისა და შეხედულების ადამიანებს დაუსვა შეკითხვა: როგორია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი?

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

იაგო ხვიჩია, პოლიტიკოსი:

"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი "პროქოცურია". ზოგადად, "ქოცობა" ნიშნავს "ბიძინისტობას". ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ "ქართული ოცნება" პროდასავლური ან პრორუსულია; "ქართული ოცნების" საგარეო და საშინაო კურსი, ორივე "ბიძინისტურია"...

კახა გოგიძე, მსახიობი:

"ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთთან შეგვარიგონ, ვითომ იმის შიშით, რომ სხვა შემთხვევაში ომს დაგვიწყებენ. რუსს გინდა მოეფერე, გინდა არა, თუ დასჭირდა, ომს მაინც დაგიწყებს, ხოლო თუ არ შეეწინააღმდეგები და ფეხქვეშ გაეგები, გადაგთელავს დიდოელის ნაბადივით..."

ირმა სოხაძე, მომღერალი:

"მომწონს, რომ თბილისი მშენებლობის ქალაქია. ვიღაც ცდილობს, სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, თითქოს უკრაინელებს ნიშნი მივუგეთ, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ უკრაინას სოლიდარობა გამოვუცხადეთ, რითაც შეგვეძლო, დავეხმარეთ. თუ გვიხარია, რომ ომი არ გვაქვს და ჩვენი შვილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამაში დასაძრახი რა არის?!."

მამუკა ლომაშვილი, შოუმენი:

"დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს პროდასავლური საგარეო კურსი აქვს, მაგრამ ხალხი ბრმა არ არის, ყველაფერს კარგად ხედავს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ "ქართულ ოცნებას" კომპასი დაუზიანდა და სრულიად გაურკვეველია, რა მიმართულებით ან სად მიდიან..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე