"მთელი უბედურება ის კი არ არის, რომ ლავროვი გვაქებს, არამედ ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - „ჩვენში“ „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ" - კვირის პალიტრა

"მთელი უბედურება ის კი არ არის, რომ ლავროვი გვაქებს, არამედ ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - „ჩვენში“ „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ"

ლავროვის განცხადება საქართველოზე დაახლოებით ისეა, მონათმფლობელი მონებში საუკეთესო მონას რომ შეაქებს - „შენ ყველაზე კარგი ხარ და დანარჩენებმა მიბაძეთ მას“, - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის და ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებენ“.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ეს წინასწარ გამზადებულ კითხვაზე წინასწარ გამზადებული პასუხი იყო.

„ლავროვი მომზადებული იყო, რადგან ის ციფრები, რაც მან დაასახელა ხომ არ ესიზმრება? მას მილიონი სხვა საქმე აქვს უკრაინასთან მიმართებით. მან სხაპასხუპით, დაზეპირებულად უპასუხა - წინასწარ გამზადებულ კითხვაზე იყო წინასწარ გამზადებული პასუხი. ეს ყველაფერი დაემთხვა დავოსს, რადგან დავოსში ლაპარაკია რუსეთზე და სხვა არაფერზე. უცებ, არა სიმონიანი, არა ვინმე სოლოვიოვი, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მკაფიოდ და ცალსახად საუბრობს საქართველოზე, როგორც კარგ და სანიმუშო ქვეყანაზე. ეს დაახლოებით ისეა, მონათმფლობელი მონებში საუკეთესო მონას რომ შეაქებს - „შენ ყველაზე კარგი ხარ და დანარჩენებმა მიბაძეთ მას“. მთელი უბედურება ის კი არ არის, რომ ლავროვი გვაქებს, არამედ ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - „ჩვენში“ „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ.

ჩვენი ქვეყნის სხეულის პოლიტიკური ქცევა მეტყველებს იმაზე, რომ იმას, რაც ხდება უკრაინაში, არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და მსოფლიოსთან - რომ ეს არის რუსეთ-უკრაინის პრობლემა. არადა, ის რაც ხდება უკრაინაში, მოხდა საქართველოში 2008 წელს. მე რომ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკოსი, ისეთი არავინ იყო და ნურავინ შემეჯიბრება ამაში მაშინაც და დღესაც, მაგრამ დღეს ამის დრო არაა. დღეს რუსეთის დამარცხების დროა.

„ქართული ოცნება“ უკვე გამოშიგნულია. ბოლო ადამიანი, რომელიც წამოვიდა და შუქი გამორთო, ეს არის გახარია. იქ აღარავის შესწევს იმის უნარი, რომ კრიტიკულად შეაფასოს სიტუაცია. დღეს თუ „ქართული ოცნება“ ცდილობს რაღაც ღირებულებების გარშემო ჩამოყალიბდეს, ეს არის სოზარ სუბარის ჯგუფის შეხედულებები. ისინი კი არსად წასულან, პირიქით, გამოეყვნენ ისე, როგორც რძიდან ყველი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

IPN