პუტინის სანაქებო "არმატას", თურმე, ჰიტლერის "სამეფო ვეფხვის" ძრავა ჰყენებია... - კვირის პალიტრა

პუტინის სანაქებო "არმატას", თურმე, ჰიტლერის "სამეფო ვეფხვის" ძრავა ჰყენებია...

დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ 19 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის გენერალიტეტი, სავარაუდოდ, აპირებს უკრაინის ფრონტზე „არმატას“ ტიპის უახლესი ძირითადი საბრძოლო ტანკების გადასროლას...

ბრიტანელი მზვერავების ამ „გულახდილობამდე“ თავად ცნობილი რუსი პროპაგანდისტებიც მიანიშნებდნენ, რომ რუსულ სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობდა „არმატას“ თანამედროვე ტანკების ეკიპაჟების მომზადება, მომავალ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად...

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საინფორმაციო წყარო ამტკიცებს „არმატების“ საბრძოლველად მომზადებას, ძალიან დიდი ეჭვი არსებობს, რუსეთის გენშტაბმა ეს გაბედოს, რამდენიმე სერიოზული მიზეზის გამო.

პირველი მიზეზი ის გახლავთ, რომ რუსეთის არმიის განკარგულებაში დღეისათვის „არმატების“ ერთი ბატალიონიც ანუ 30-მდე ტანკიც კი არ არის. 2011 წლიდან მოყოლებული, „არმატას“ ტანკები საველე გამოცდებს გადიან და დღემდე ვერ ჩააბარეს „სახელმწიფო გამოცდა“, ბევრი ტექნიკური ხარვეზის გამო.

2-arm-1674135010.png
რუსულ "არმატაში" ამ, А-85-3 ტიპის 12-ცილინდრიან, 1 800 ცხ.ძ.-ის სიმძლავრისა და 1 550 კგ მასის დიზელის ძრავას აყენებენ, რომლის წინამორბედი კონსტრუქტორმა პორშემ ჯერ კიდევ 80 წლის წინ შექმნა გერმანული „სამეფო ვეფხვებისთვის“...

მეორე - რუსული „არმატა“ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მეოთხე თაობის ერთ-ერთი პირველი ტანკია, რომელსაც დისტანციურად მართვადი კოშკურა გააჩნია და, შესაბამისად, მასში დიდი რაოდენობითაა გამოყენებული თანამედროვე ელექტრონიკა... ოღონდ, ძირითადად, დასავლური წარმოების, რაც რუსეთზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების მთელი ბუკეტის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის „არმატების“ მსხვილი სერიით წარმოების შესაძლებლობას.

მესამე და მთავარი - „არმატას“ უმთავრეს პრობლემას მისი ახალი, მაგრამ "კაპრიზიანი" ძრავა წარმოადგენს, რომელიც, თურმე, არც მეტი და არც ნაკლები - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული „სამეფო ვეფხვის“ ძრავის შთამომავალი აღმოჩნდა!

ანუ პუტინის სანაქებო „არმატაში“ ჰიტლერის ასევე სანაქებო „სამეფო ვეფხვის“ ძრავის შთამომავალი ჩადგეს, რითაც მე-20 და 21-ე საუკუნის დიქტატორები კიდევ ერთი დეტალით დაემსგავსნენ ერთმანეთს...

საერთოდ, საბჭოთა და შემდგომ პერიოდში, რუსული ტანკების ძრავები ერთ დიდ „საოცრებას“ წარმოადგენენ, რადგან რა დიზელის ძრავაც დაუყენეს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ლეგენდარულ საბჭოთა Т-34-ს, იმავე ძრავის მოდიფიცირებული ვარიანტი დგას ყველაზე თანამედროვე სერიულ რუსულ ტანკში - Т-90М-შიც...

სტალინის პერიოდში Т-34 ტანკი ხარკოვის ქარხანაში В-2 ტიპის 12-ცილინდრიანი დიზელის ძრავით აღჭურვეს, რომელიც 500 ცხ.ძ. მაქსიმალურ სიმძლავრეს იძლეოდა, ამ ძრავის ფორსირებულ მოდიფიკაციებს კი ომის შემდგომ უკვე Т-44, Т-55, Т-62, Т-72 და Т-90 ტიპის ტანკებში აყენებდნენ და, შესაბამისად, მისი სიმძლავრეც კრიტიკულ ზღვრამდე - 1 130 ცხ.ძ-მდე გაზარდეს.

მაგრამ 47-ტონიან „არმატას“ ბევრად უფრო ძლიერი, არანაკლებ 1 500 ცხ.ძ-ის სიმძლავრის დიზელის ძრავა სჭირდებოდა, როგორიც რუს ტანკმშენებლებს არ ჰქონდათ და, შესაბამისად, გამოსავლის გამოძებნა შემდეგნაირად სცადეს...

3-arm-1674134979.png
როგორც ჰიტლერს ვერ მოაგებინა მეორე მსოფლიო ომი ამ „სამეფო ვეფხვმა“, ისევე გაუცუდებს დიდ იმედებს პუტინს მისი „არმატაც“...

მათ აიღეს ნავთობისა და გაზის გადასატუმბი სადგურის ძლიერი დიზელის ძრავა, მცირედით გადააკეთეს და „არმატაში“ ჩააყენეს, თუმცა საინტერესოა, თუ როგორ მოხვდა რუს მენავთობეებთან ეს ძრავა, რომელიც შემდგომ რუს ტანკისტებს უწილადეს...

ციმბირის ჭაბურღილებიდან მილსადენებით ნავთობისა და გაზის გადასაქაჩი სადგურებისთვის საჭირო მძლავრი დიზელის ძრავის წარმოების ლიცენზია გერმანელებისგან შეიძინეს, სწორედ იმ გერმანელებისგან, რომლებიც ამ ძრავის წინამორბედ „პორშე 212“-ს ჰიტლერის საოცნებო ტანკში - „ვეფხვი-2“-ში, იგივე „სამეფო ვეფხვში“ აყენებდნენ...

მაგრამ როგორც ვერ მოიგო მეორე მსოფლიო ომი ჰიტლერმა „ვეფხვებით“, ისევე ვერ მოიგებს პუტინი უკრაინასთან ომს „არმატებით“, მით უმეტეს, თუკი მათში ოთხმოცი წლის წინ შექმნილ ძრავებს ჩაამონტაჟებენ...