კა-გე-ბე ქართველ დისიდენტებს "კატა–თაგვობანას" ეთამაშებოდა: რატომ არ აპატიმრებდნენ ზ.გამსახურდიასა და მ.კოსტავას? - კვირის პალიტრა

კა-გე-ბე ქართველ დისიდენტებს "კატა–თაგვობანას" ეთამაშებოდა: რატომ არ აპატიმრებდნენ ზ.გამსახურდიასა და მ.კოსტავას?

საბჭოთა დისიდენტების წინააღმდეგ რეპრესიები ძირითადად 1972 წლიდან, პ.იაკირისა და ვ. კრასინის დაპატიმრებით დაიწყო და თანდათან კა–გე–ბეს მე–5 სამმართველოს მუშაობის მთავარ მიმართულებად იქცა. საბჭოთა პოლიტიკური პოლიციის შეფი იური ანდროპოვი „მთავარ ინსტანციას“ (ანუ სკკპ პოლიტბიუროს) საიდუმლო მოხსენებებით „ბომბავდა“: ათეულ ათასობით დისიდენტი საბჭოთა კავშირის დანგრევას ცდილობსო. ამაზეა ნათქვამი: „ბუზი სპილოდ აქციესო“. მთელ საბჭოთა იმპერიაში რეალურად რამდენიმე ასეული დისიდენტი და კიდევ იმდენივე ფარული მხარდამჭერი თუ მოიძებნებოდა! თუმცა „შინაური მტრის“ და „კონტრევოლუციონერების“ გარეშე სოციალისტური დიქტატურა როგორ იარსებებდა? ეს „თეორია“ ჯერ კიდევ „პირველმა ილიჩმა“ დაიბარა ანდერძად, „ხალხთა მამამ“ უფრო განავითარა – ის ყველა ბუჩქის უკან მტერს ხედავდა, ცოტა „ნიკიტა დურაჩოკმა“ (ასე ეძახდა „მოფერებით“ სტალინი ნიკიტა ხრუშჩოვს) მიუშვა „ოჟები“ და „დემოკრატობანას“ თამაში მოინდომა. 1965 წლიდან კი ყველაფერი თავიდან დაიწყო. ლეონიდ ილიჩს ეს „თეორია“ დიდად არ ეხატებოდა გულზე, ის სამი სიამის ტრფიალი იყო: ღვინო, ქალები და . . . ავტომობილები. თუმცა „ავი ტურები“ მიხეილ სუსლოვის მეთაურობით, ყურადღებით აკვირდებოდნენ ახალ გენერალურ მდივანს და მცირე „იდეოლოგიური სისუსტის“ გამოჩენისთანავე ბრეჟნევსაც ნიკიტას გზას გაუყენებდნენ.

brejnevi2-1674196593.jpg

ალექსი ინაური და ლეონიდ ბრეჟნევი. თბილისი 1966.

ზოგადად გულჩვილი „მეორე ილიჩიც“ იძულებული იყო საბჭოთა იმპერიის „შინაური იდეოლოგიური მტრები“ ცეცხლითა და მახვილით გაენადგურებინა. 1970 იანი წლების დასაწყისიდან პარადოქსული მდგომარეობა შეიქმნა: საბჭოთა რეჟიმისთვის „საგარეო ფრონტზე“ სიტუაცია სულ უფრო და უფრო უმჯობესდებოდა (გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულებები მთავარ მოწინააღმდეგეებთან – აშშ–თან და დასავლეთ გერმანიასთან), თუმცა საბჭოთა მოქალაქეებს ეკონომიკურ პრობლემებზე ნაკლები რომ ეფიქრათ და მათი „სიფხიზლე“ არ მოდუნებულიყო, კა–გე–ბემ ახალი „იდეოლოგიური მტერი“ – დისიდენტები, რომლებიც „დასავლეთიდან იმართებოდნენ“, სწრაფად „აღმოაჩინა“ და ცდილობდა ყურადღების მათკენ გადატანას. ამაზე მეტყველებს ეს საიდუმლო დოკუმენტიც. 1976 წლის 15 ნოემბერს კა-გე-ბეს თავმჯდომარე იური ანდროპოვი საიდუმლო მოხსენებას № 2577-А აგზავნის საბჭოთა კავშირის მთავარ ინსტანციაში – კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში:

“. . . ეგრეთ წოდებული “საბჭოთა კავშირის მიერ ჰელსინკის შეთანხმების შესრულების ხელშემწყობის ჯგუფის” მტრული საქმიანობის შესახებ”

უკანასკნელ წლებში მოწინააღმდეგის სპეცსამსახურები და პროპაგანდის ორგანოები ცდილობენ შექმნან სურათი საბჭოთა კავშირში “შიდა ოპოზიციის” არსებობის შესახებ, რისთვისაც მხარდაჭერას უწევენ ანტისაზოგადოებრივ მოქმედებების ინსპირატორებს და სხვადასხვა მიმართულების ანტისაბჭოთა ჯგუფებს”.

ანდროპოვის პათოსი გასაგებია, 1976 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის მთავარი პრობლემა, როგორც ყოველთვის, თურმე კვლავ გარე ძალების მტრული მოქმედებები ყოფილა და “საზიზღარი იმპერიალისტები” “ბედნიერ და წარმატებულ” ქვეყანას ათასნაირ ხრიკებს უწყობდნენ. საიდუმლო მოხსენების შემდეგ ნაწილში ანდროპოვი, ფაქტობრივად, საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოკლე ისტორიას გადმოსცემს, რაც ორმხრივად საინტერესოა.

ჯერ ერთი, ესაა საბჭოთა სპეცსამსახურის მიერ მრავალწლიანი, ღია და ფარული “ოპერატიული კომბინაციების” შედეგად დადგენილი გარემოებები (რომლებიც ბუნებრივია კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს). მეორეს მხრივ კი ირკვევა რომ კა-გე-ბე დისიდენტური მოძრაობის დასაწყისიდანვე იქ მიმდინარე პროცესების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობდა, რაც აგენტურული შეღწევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ყოველთვის არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დისიდენტურ ორგანიზაციებში თავიდანვე მრავლად იყო კა-გე-ბეს აგენტურა, ხოლო ზოგიერთ „ფარულ“ ორგანიზაციას თავად სუკ–ი ქმნიდა. ამას ადასტურებს თუნდაც ის დაწვრილებითი ინფორმაცია რასაც კა–გე–ბე ფლობდა. გავეცნოთ კიდევ ერთ ამონარიდს ანდროპოვის ზემოაღნიშნული მოხსენებიდან:

“1969 წელს ანტისაბჭოთა ელემენტებმა, იაკირისა და კრასინის მეთაურობით, ე.წ. “მოძრაობა დემოკრატიისთვის” წევრების გასაერთიანებლად შექმნეს “საინიციატივო ჯგუფი”.

1970 წ. ანტისაზოგადოებრივი საქმიანობის აქტივიზაციისათვის ჭალიძემ შექმნა ე.წ. “ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი”, სადაც მის გარდა შევიდნენ: აკადემიკოსი სახაროვი და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი შაფარევიჩი.

1973 წ. ანტისაბჭოურად განწყობილ პირთა ორგანიზაციების გაერთიანების ფუნქცია თავის თავზე აიღო ე.წ. “საერთაშორისო ამნისტიის” რუსულმა სექციამ”, ტურჩინისა და ტვერდოხლებოვის ხელმძღვანელობით. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები ამყარებდნენ კონტაქტებს საზღვარგარეთის ზოგიერთ ანტისაბჭოთა ცენტრებთან და საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის დისკრედიტაციის მიზნით ახორციელებდნენ ცილისმწამებლური მასალების შეგროვებასა და გავრცელებას. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მ იერ გატარებული ღონისძიების შედეგად “საინიციატივო ჯგუფი” და “ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი” სრულად კომპრომეტირებული იყვნენ და პრაქტიკულად არსებობა შეწყვიტეს, ხოლო “რუსული სექციის” საქმიანობა ლოკალიზებული იყო.

საბჭოთა კავშირში “შიდა ოპოზიციის” შექმნის წარუმატებლობის მიუხედავად, მოწინააღმდეგემ უარი მაინც არ თქვა ამ იდეაზე.. მიმდინარე წლის 12 მაისს სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ი.ორლოვის . . ინიციატივით, ანტისაზოგადოებრივმა ელემენტებმა გამოაცხადეს “საბჭოთა კავშირის მიერ ჰელსინკის შეთანხმების შესრულების ხელშემწყობის ჯგუფის” შექმნის შესახებ”. შემდეგ ანდროპოვი ამ ჯგუფის წევრების მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებზე ამახვილებს ყურადღებას: კრიმინალი; არაერთხელ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში; გადასახლებული იყო; მტრული აქციების მონაწილე; უმუშევარი – ამგვარი „ეპითეტებით“ ამკობს საბჭოთა პოლიტიკური პოლიციის შეფი ახლად შექმნილი “მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის” წევრებს. იური ანდროპოვი ამგვარად ასრულებს საიდუმლო მოხსენებას: “სუკ იღებს ზომებს “ჯგუფის” წევრების კომპრომეტირებისა და მტრული საქმიანობის შეწყვეტისათვის”. მართლაც სუკ-ი სხვადასხვა ოპერატიული მეთოდებითა და ხერხებით ცდილობდა “ჯგუფის წევრების”: დისკრედიტაციას; ზოგის - იძულებით ემიგრაციაში გაგზავნას; ხოლო ზოგიერთის “ანტისაბჭოთა საქმიანობისა და პროპაგანდის” მუხლით გასამართლებისთვის მტკიცებულებების შექმნას და სასამართლოს სხდომების მომზადებას.

მკითხველს შევახსენებ, რომ საბჭოთა დისიდენტების ამ ჯგუფში შედიოდნენ: გინზბურგი, გრიგორენკო, მარჩენკო, რუბინი, შჩარანსკი, სლეპაკი, ბონერი, ბერნშტამი, ლანდა, ალექსეევა და კორჩაკი. “მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის” წევრები აგროვებდნენ ინფორმაციას საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ, რის საფუძველზეც ადგენდნენ ‘საინფორმაციო ბიულეტენებს” და უგზავნიდნენ ჰელსინკის ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების მთავრობებს, ძირითადად მოსკოვში განლაგებული საელჩოების საშუალებით. სულ მოესწრო 195 ერთეული "საინფორმაციო ბიულეტენის” გამოშვება. “მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის” ანალოგიურად სხვა საბჭოთა რესპუბლიკებშიც (უკრაინა, საქართველო, ლიტვა და სომხეთი) 1976-1977 წლებში შეიქმნა “ჰელსინკის ჯგუფები” . ამის შესახებ სუკ–ს სრული ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა დისიდენტების მაქსიმალური კომპრომეტირებისთვის კა–გე–ბე ოპერატიულ კომბინაციებს გეგმავდა და ახორციელებდა, ამიტომაც არ ჩქარობდა მათ დაპატიმრებას. საჭირო იყო ჯერ საზოგადოებრივი აზრის მომზადება.

უკვე 1976 წლის ნოემბრიდან სუკ-ის ორგანიზებით საბჭოთა პრესაში დაიწყო “ჰელსინკის ჯგუფების” საწინააღმდეგო პროპაგანდისტული კამპანია, ხოლო 1977 წლის თებერვლიდან “ჯგუფების” წევრების დაპატიმრებები. ეს პროცესი მოსკოვიდან, კა-გე-ბეს მთავარი შტაბიდან – “ლუბიანკიდან” იმართებოდა და მას მე–5 სამმართველოს უფროსი ფილიპ ბობკოვი ხელმძღვანელობდა.

brej3-1674196593.jpg

ფილიპ ბობკოვი

ბობკოვის ხელმძღვანელობით კა-გე-ბეს ოპერები “ავერბოვკებდნენ” საბჭოთა მწერლებსა და ჟურნალისტებს, მსახიობებსა და სპორტსმენებს, ექიმებსა და მეცნიერებს, მღვდლებსა და ათეისტებს, დისიდენტებსა და კომკავშირელებს, პროფესორებსა და სტუდენტებს. არ დარჩენილა სფერო, სადაც მათ აგენტები, სანდო პირები და ინფორმატორები არ ჰყოლოდათ.

ფილიპ ბობკოვის ( 1925 –2019), როგორც საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე ავი და დაუნდობელი მოდარაჯე “ნაგაზის”, სახელი ყველასთვის კარგადაა ცნობილია, სწორედ მან, იური ანდროპოვის დავალებით, შექმნა გასული საუკუნის 60 იანი წლების ბოლოს სუკ-ის მე–5 სამმართველო, რომელსაც შემოკლებით “იდეოლოგიურსაც” უწოდებდნენ. ფილიპ ბობკოვი ამ მიმართულებას გასული საუკუნის 1991 წლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი არმიის გენერლის ჩინით პენსიაზე გაუშვეს. თუმცა დომინოს თამაში დიდხანს არ მოუწია. საბჭოთა კავშირის დაშლისა და კერძო ბიზნესის განვითარების გარიჟრაჟზე, 1992 წელს, ბობკოვი მიიწვიეს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმერ გუსინსკის ფინანსური იმპერიის “მოსტ”-ჯგუფში, უსაფრთხოებისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსად. სადაც მხოლოდ ხელფასის სახით თვეში 10 000 დოლარს უხდიდნენ. 2001 წელს გუსინსკის რუსეთიდან გაქცევის შემდეგ ბობკოვი საქმიანობდა სხვადასხვა საკონსულტაციო ორგანიზაციებში. გარდაიცვალა 2019 წელს მოსკოვში.

ფილიპ ბობკოვი 1995 წელს მოსკოვში გამოცემულ მოგონებებში ერთ, ჩვენთვის ძალზე საინტერესო ფაქტს იხსენებს:

“. . ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში თბილისში ჩავფრინდი და შევარდნაძეს შევხვდი. მან გამსახურდიას დაპატიმრების საკითხი დასვა. მე წინააღმდეგი ვიყავი, რასაც იმით ვასაბუთებდი, რომ საქართველოს საზოგადოებამ ჯერ სათანადოდ არ იცის ამ პიროვნების დანაშაულებრივი ქმედებები. მას მხოლოდ იცნობენ, როგორც ახლახან გარდაცვლილი ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ვაჟს” .

კონსტანტინე გამსახურდია 1975 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა და ამის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ბობკოვისა და შევარდნაძის საუბარი 1975 წლის მეორე ნახევარში შედგა. ყურადღება მიაქციეთ ბობკოვის სიტყვებს: „საქართველოს საზოგადოებამ ჯერ სათანადოდ არ იცის ამ პიროვნების დანაშაულებრივი ქმედებები“. კა–გე–ბეს ერთ–ერთი ხელმძღვანელს მიაჩნდა, რომ ქართველი დისიდენტების მაქსიმალური კომპრომეტირებისთვის ჯერ მზად არ იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი ყველა „გაფაჩუნება“ კარგად იცოდნენ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაპატიმრებას მაინც არ ჩქარობდნენ!

ქართველი დისიდენტები ოპერატიული დამუშავების ობიექტები სულ მცირე 1970 წლიდან იყვნენ და მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები მეთოდურად გროვდებოდა, თუმცა მოსკოვში “ლუბიანკაზე” მიაჩნდათ, რომ საზოგადოებრივი აზრი ჯერ სათანადოდ არ იყო მომზადებული დისიდენტთა ამ ჯგუფის წინააღმდეგ და მათ დაპატიმრებასა და სასამართლო პროცესს შესაძლოა უკუ რეაქცია გამოეწვია: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვები უფრო პოპულარულები გამხდარიყვნენ. ამიტომ კა-გე-ბე ეძებდა მათი კომპრომეტირების ისეთ ფორმას, რომელიც უპირობოდ “გააშავებდა” მათ ქართული საზოგადოების თვალში და არ იქნებოდა მათდამი შეცოდების გრძნობა.

(მესამე ნაწილის დასასრული)