"გუშინ ღამე, გონება დავკარგე და დავეცი" - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წერილობით მიმართა - კვირის პალიტრა

"გუშინ ღამე, გონება დავკარგე და დავეცი" - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წერილობით მიმართა

ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე, გონება დავკარგე და დავეცი, - ეს სიტყვები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა "ვივამედიდან" ცნობა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მკურნალი ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიდი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემს. აღნიშნულს სააკაშვილის მინაწერიც ჰქონდა

„ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე, გონება დავკარგე და დავეცი“, - აცხადებს სააკაშვილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტებს, მათ შორის, ნევროლოგ ოთარ თოიძეს დაკითხავენ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

IPN