"სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე" - რას აცხადებს ნევროლოგი? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე" - რას აცხადებს ნევროლოგი?

ნევროლოგ ოთარ თოიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ეს ასე დარჩება, სანამ მას ადეკვატური მკურნალობის საშუალება არ მიეცემა.

როგორც თოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზია შიმშილობა და შემდგომ მკურნალობის არათანმიმდევრული პროცესი.

„დღეს საუბარი იქნება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსზე, მის დინამიკაზე, მიმდინარე მკურნალობაზე, სიმპტომთა ევოლუციაზე და იმ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს გვაქვს. დიაგნოზები მრავლად არის. ალბათ, პროცესის შემდეგ მოგახსენებთ. ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანი წვლილი იქნება შეტანილი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საქმეში. ძირითადი დიაგნოზი არის ტრავმული რეგენერაციული ცვლილებები, რომელსაც მისი ცენტრალური ნერვული სისტემა განიცდის. წარმოშობის მიზეზად ვასახელებთ შიმშილობას და შემდგომ მკურნალობის არათანმიმდევრულ პროცესს“, - განაცხადა თოიძემ.

მისი განმარტებით, პაციენტთან ბოლო ვიზიტი 2 თვის წინ განხორციელდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

„მისი მდგომარეობა არის მძიმე, პროგნოზული გამოსავალი არის ძალიან პესიმისტური მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით. ეს მდგომარეობა ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება მძიმე, სანამ ადეკვატური მკურნალობის საშუალებას არ მიიღებს“, - განაცხადა თოიძემ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი ამ წუთებში ტარდება.

IPN