პოსტკონფლიქტური სინდრომი საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გამხდარიყო...
20 იანვრის გამთენიისას საგარეჯოს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა - მეზობელმა მეზობლებსა და ქუჩაში გამვლელებს აივნებიდან ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა ხუთი (მათ შორის, ერთი პოლიციელი) და დაიჭრა ხუთი უდანაშაულო ადამიანი, მსროლელმა კი თავი მოიკლა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი მის გასაუვნებელყოფად ბინაში შევიდა...
მსროლელი 49 წლის ნოდარ ათუაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც 15 წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში უმსახურია და ყოფილი სამხედრო გახლდათ.
დაკავშირებულია თუ არა მსროლელის ყოფილი პროფესია იმ ტრაგედიასთან, რაც საგარეჯოში მოხდა?
რა თქმა უნდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის 2006 წლიდან 2021 წლამდე მსახურობდა არმიაში და, შესაბამისად, კარგად უნდა დაუფლებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, რაც კიდეც გამოჩნდა ტრაგედიის მომენტში, როდესაც მან თავისი ბინის ორივე აივნიდან დამიზნებითი სროლით ათი ადამიანი დააზიანა, მათ შორის, ხუთი - სასიკვდილოდ.
მეორე და მთავარი კავშირი კი ის არის, რომ ამ პერიოდში, სამხედრო სამსახურის დროს, ნოდარ ათუაშვილმა, სავარაუდოდ, გაიარა შეიარაღებული კონფლიქტის ზონა - აგვისტოს ომში მისი მონაწილეობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ის, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ავღანეთში, ქართული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში...
პოსტკონფლიქტური სინდრომი ბევრ ყოფილ და მოქმედ სამხედროს აწუხებს და - არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში და მათ მრავალმილიონიან სიას დღესაც ემატებიან უკრაინაში ორივე მხრიდან ასი ათასობით მებრძოლიც.
ეს სინდრომი შეიარაღებული კონფლიქტების ყოფილ მონაწილეებში (საბედნიეროდ, არა ყველაში) იწვევს იმის შეგრძნებას, რომ პრობლემის გადაწყვეტა ან მოხსნა ისევე "მარტივად" შეიძლება, როგორც ფრონტის ხაზზე... ავტომატის ჯერის მიშვებითა თუ ხელყუმბარების გადაგდებით...
სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებულ ყოფილ სამხედროს ხშირად უჭირს ახალ რეალობასთან ადაპტაცია, განსაკუთრებით, როდესაც პრობლემა პრობლემას ემატება - უმუშევრობა, უფულობა, საოჯახო კონფლიქტი...
და ეს, ყველაფერი, ყოფილი სამხედროს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც შეიძლება აისახოს, აფექტის მდგომარეობა კი ალკოჰოლმა ან ნარკოტიკებმა გააძლიეროს და ტრაგიკული შედეგიც დგება - ყოფილი სამხედრო პრობლემების ერთიანად გადაჭრას, ძლიერი აფექტის მდგომარეობაში, სწორედ იმ ხერხებითა და საშუალებებით ცდილობს, როგორც ამას ფრონტის ხაზზე, გაცხარებული ბრძოლის დროს აკეთებდა - სროლა ყველა მოძრავი და უძრავი მიზნისკენ, რომლებიც მის აფექტურ მდგომარეობაში მყოფ გონებაში იმ წამს ყველა სახიფათო მტრად აღიქმება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაანადგუროს...
ასეთ აფექტურ მდგომარეობაში შეიძლება ძალიან ბევრს უფიქრია (არაა აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ყოფილ სამხედროს) - ერთი ავტომატი მომცა ახლა, ხომ ყველას გადავცხრილავდიო! საბედნიეროდ, იმ მომენტში არც ავტომატი და არც სხვა იარაღი არ ჰქონიათ, აფექტურ მდგომარეობასაც რამდენიმე წამში გადაუვლია და შემდეგ შეიძლება სირცხვილით თავის თავსაც ვეღარ უტყდებოდნენ, ასეთი სიგიჟე რამ მაფიქრებინაო...
მაგრამ რა ტრაგედია შეიძლება დატრიალდეს, თუკი აფექტში მყოფს ხელი ცეცხლსასროლ და თანაც - ავტომატურ იარაღზე მიუწვდება, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით საგარეჯოს ტრაგედიის მაგალითზე...
ამ ბლოგის ავტორი თავისი ათწლიანი სამხედრო სამსახურის პერიოდში, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე - შინაგანი ჯარების რიგებში, რამდენჯერმე გახდა მასობრივი დახვრეტის საშინელი ფაქტების მომსწრე, როდესაც ჯარისკაცებმა ავტომატების ჯერებით თანამოსამსახურეები გადაცხრილეს.
მათგან ორი განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
შინაგანი ჯარების სავალდებულო სამხედრო სამსახურის ორმა ჯარისკაცმა საგარეჯოს რაიონში, მინდორში მდგომ ვაგონში (რომელშიც ის ჯარისკაცები მორიგეობდნენ, ვინც ნავთობჭაბურღილებს იცავდნენ) ავტომატების ჯერებით რამდენიმე სხვა ჯარისკაცი მოკლა...
ისევ შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში, ე.წ. მე-8 პოლკში, ყაზარმის წინ (იქ, სადაც ახლა აეროპორტის გზაზე, შსს-ს შუშებიანი შენობა დგას), ორმა ჯარისკაცმა ყველას თვალწინ ავტომატების ჯერი მიუშვა ოფიცრებზე...
ეს ჯარისკაცები, ვინც ასეთი საშინელი რამ ჩაიდინეს, არც ომგამოვლილები ყოფილან და არც კონტუზიები მიუღიათ დაბომბვების დროს, რომ პოსტკონფლიქტური სინდრომი აღძროდათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი ეტყობა თავს დაჩაგრულად „ღამის ყაზარმული“ გარჩევებისა და „დედოვშჩინის“ გამო გრძნობდნენ და აფექტის მომენტში, რასაც მათ ხელში ავტომატების აღმოჩენაც დაემთხვა, ასეთი საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს (თუმცა ერთ შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ აფექტური მდგომარეობა არაფერ შუაში იყო - ორმა ჯარისკაცმა წინასწარ დაგეგმა და მოსახერხებელ მომენტში დაცხრილა თანამოსამსახურეები).
საგარეჯოს ტრაგედიიდან ჯერ მხოლოდ საათებია გასული, გამოძიება იმედია, გაარკვევს, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ნოდარ ათუაშვილის მიერ ასეთი საშინელი დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზი თუ მიზეზები.
ისიც აუცილებლად გასარკვევია, კონკრეტულად თუ რა სახის ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა მან და თუ ის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი იყო, მაშინ საიდან ჰქონდა მას.
დასადგენია, იყო თუ არა მსროლელის ბინაში ასაფეთქებელი მოწყობილობები, როგორც თვითნაკეთი, ისე - ქარხნული წარმოების საბრძოლო ხელყუმბარები.
თავდაცვის სამინისტროს კი იმის გამოკვლევა მოუწევს, შეიარაღებულ ძალებში 2006 წლიდან 2021 წლამდე ნამსახურებ ნოდარ ათუაშვილს ხომ არ ახასიათებდა აფექტის მდგომარეობაში იარაღის გამოყენების მცდელობები...
კითხვა ბევრია, პასუხი კი ერთი - მოხდა საშინელი ტრაგედია - ადამიანმა, რომელიც ქვეყანამ გარეშე მტრის მოსაგერიებლად გაწვრთნა და ასწავლა დამიზნებით სროლით მტრის განადგურება, ეს ცოდნა-უნარები უდანაშაულო თანამოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა...
თუმცა ყველა ტრაგედიას ჰყავს თავისი დამნაშავე და თავის გმირიც - თუკი ერთი ისტორიაში დარჩება საშინელი დანაშაულის ჩამდენად, მეორე - კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, 42 წლის ოთარ ღვინაშვილი გმირად იქცა, როდესაც მოქალაქეს გადაეფარა და ის ტყვიისგან დაიცვა… საკუთარი სიცოცხლის ფასად!