"მიხეილ სააკაშვილის კახექსია დაახლოებით, 8 თვის წინ დაიწყო - ძირითადი ატროფია წვივსა და წინა მხარში მიმდინარეობდა - შესაძლოა, მან მარჯვენა თვალში მხედველობაც დაკარგოს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის კახექსია დაახლოებით, 8 თვის წინ დაიწყო - ძირითადი ატროფია წვივსა და წინა მხარში მიმდინარეობდა - შესაძლოა, მან მარჯვენა თვალში მხედველობაც დაკარგოს"

[მიხეილ სააკაშვილის] კახექსია დაწყებულია სადღაც 8 თვის წინ, ნოემბრის ბოლოს კახექსიისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმებს რამდენიმე კილოგრამი აკლდა. დღეს არ ვიცი მონაცემები, ალბათ, უკვე არის კახექსიის სტადია, - ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში, ძირითადი ატროფია კიდურებში მიმდინარეობდა, განსაკუთრებით, წვივსა და წინა მხარში.

„კახექსია არის მდგომარეობა, როდესაც ადგილი აქვს წონის კატასტროფულ კლებას, აქვს თავისი პარამეტრები. აქ არის წონის გარკვეული პროცენტის კლება გარკვეული დროის განმავლობაში, არის ასევე, სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელი, ან ერთი, ან მეორე უნდა ეთანხმებოდეს. ეს არის პირდაპირი კრიტერიუმები და არის გვერდითი კრიტერიუმებიც, ეს არის ანორექსია, უხასიათობა - სულ 10 კრიტერიუმია. ვინაიდან ნევროლოგიური გამოკვლევა ითხოვს პაციენტის გასინჯვას სრულყოფილად, ჩვენ ვაწარმოებდით მისი წონის მონიტორინგს, მისი სხეულის კიდურების გარშემოწერილობის მონიტორინგს. ცხრილი მაქვს, შემიძლია წარმოგიდგინოთ, მაგრამ ალბათ, უნდა მენდოთ, რომ დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში, ძირითადი ატროფია მიმდინარეობდა კიდურებში, განსაკუთრებით, წვივსა და წინა მხარში. გახსოვთ თქვენ სახალხო დამცველის მეოთხე დასკვნა, სადაც აღწერილია, რომ განლეულია საფეთქლის კუნთები, რაც კახექსიის პირველი ნიშანია. კახექსია დაწყებულია სადღაც 8 თვის წინ და ჩვენ როდესაც შევწყვიტეთ პაციენტის მონიტორინგი, ეს არის ნოემბრის ბოლო დღეები, იმ პერიოდში კახექსიისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმებს რამდენიმე კილოგრამი აკლდა. დღეს არ ვიცი მონაცემები, ალბათ, უკვე არის კახექსიის სტადია“, - განაცხადა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.

ამასთან, როგორც თოიძემ აღნიშნა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა მარჯვენა თვალში მხედველობაც დაკარგოს.

„სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსების პირველი სამი თვის განმავლობაში, იგი ოფთალმოლოგს, თვალის ექიმს, ორჯერ ჰყავს ნანახი და დასკვნა არის, რომ ჯანმრთელია. „ვივამედის“ კლინიკაში, მეორე გამოკვლევიდან ჩნდება ე.წ. თვალის ფსკერზე ბადურის დეგენერაციული ცვლილებები, მაკულოპათია, რაც დაემთხვა მხედველობის გაუარესებას მარჯვენა თვალში. მაკულოპათია ეს არის დეგენერაციული დაავადება, რომელიც განაგრძობს პროგრესირებას. უმძიმეს შემთხვევაში [მიხეილ სააკაშვილი], ცალი თვალით მხედველობას დაკარგავს, თუ არ გავრცელდა მეორე მხარესაც. უკანასკნელი პერიოდის ოფთალმოლოგიური დასკვნები ჩვენ არ გვაქვს, ბოლო დასკვნა თუ არ ვცდები ოქტომბერშია“, - განაცხადა თოიძემ.