"საგარეჯოში მომხდარი ტრაგედია თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემურ ჩავარდნაზე მიუთითებს" - კვირის პალიტრა

"საგარეჯოში მომხდარი ტრაგედია თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემურ ჩავარდნაზე მიუთითებს"

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედია თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემურ ჩავარდნაზე მიუთითებს. ის დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.„ძალიან, ძალიან, ცუდი ამბავი მოხდა საგარეჯოში. ამ ტიპის მასობრივი ძალადობის პირველი შემთხვევაა ჩვენთან ეს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას.

ორმხრივი ჩავარდნა გვაქვს:

1. თავდაცვის სამინისტროში 2013 წლიდან მუშაობდა ფსიქოლოგიური მიმართულება, რომელმაც შემოიღო ფსიქიკური ჯანმრთელობის მთელი რიგი პროგრამები. ჩვენ დროს ის გაიზარდა, გაძლიერდა, დეპარტამენტი გახდა. მთელი კამპანია გვქონდა, მათ შორის „მხარიმხარს“. მისი ხელმძღვანელი იყო გუგა სიხარულიძე და გუგამ უამრავი პროცედურა და სიახლე დანერგა. ძალიან მაგარ და აუცილებელ საქმეს ვაკეთებდით. რა მოუვიდა ამ დეპარტამენტს და ამ აუცილებელ პროცესებს ჩვენს მერე აღარ ვიცი.

2. საზოგადოებაში მოსახლეობის პულსზე ხელი უნდა ედოს სოციალურ სამსახურს. სამსახური არ გვყავს, ყველაზე ხშირად ეგენი იფიცებიან, არ აქვს დაფინანსება და ხელშეწყობა“, - აღნიშნავს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

IPN