„ცოლს ამწარებდა, გაშველების დროს მეც ძალიან ბევრჯერ თოფით დამმუქრებია“ - რას ამბობს ადგილობრივი ყოფილ სამხედროზე?
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება თავდამსხმელის შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა.
საგარეჯოში მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივი თავდამსხმელის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ კაცს კარგი ურთიერთობა არც ცოლ-შვილთან ჰქონია.
ადგილობრივის თქმით, თავდამსხმელი ნოდარ ათუაშვილი მეუღლესთან კონფლიქტისას გაშველების დროს, თოფით მასაც დამუქრებია.
„თავიდანვე არასერიოზულ საქციელებს სჩადიოდა. ცოლ-შვილთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ცოლს ძალიან ამწარებდა და ბევრჯერ ვარ ამათი შემთხვევის მოწმე და გამშველებელი. გაშველების დროს ძალიან ბევრჯერ დამმუქრებია მეც თოფით. ჯანმრთელი და ნორმალური ადამიანი, მეუღლეს ასე არ სცემს და ასე სადისტურად არ მოექცევა. საწყალ გოგოს ეშინოდა სიკვდილის და ყველაფერს მალავდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „ტვ პირველთან“ საუბარში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 იანვარს, გვიან ღამით, საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, საიდანაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა ცეცხლი გახსნა.