"ოთხი წელია ჩვენი ოჯახი ამ მარაზმში ცხოვრობს - ამაზე მეტი რა პატიმრობა უნდა ჰქონდეს 72 წლის ადამიანს?!" - კვირის პალიტრა

"ოთხი წელია ჩვენი ოჯახი ამ მარაზმში ცხოვრობს - ამაზე მეტი რა პატიმრობა უნდა ჰქონდეს 72 წლის ადამიანს?!"

ოთხი წელია ჩვენი ოჯახი ამ მარაზმში ცხოვრობს. ამაზე მეტი რა პატიმრობა უნდა ჰქონდეს 72 წლის ადამიანს?! - ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ავთანდილ წერეთლის შვილმა, ვატო წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ავთანდილ წერეთელი დღევანდელ პროცესს ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.

"ჩვენი ოჯახისთვის განაჩენი უკვე დიდი ხანია გამოტანილია. იცით, რამდენი გულის პრობლემა და ოპერაცია ჰქონდა ავთო წერეთელს. მამა დღესაც ვერ დაესწრო პროცესს, რადგან ჯანმრთელობა გაუარესებული აქვს.

ვფიქრობ, რომ ეს მარაზმი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ამისთვის მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. ოთხი წელია ჩემი ოჯახი ამ მარაზმში ცხოვრობს.

ამაზე მეტი რა პატიმრობა უნდა ჰქონდეს ადამიანს? ოთხი წელია სასამართლოებსა და საავადმყოფოებში დავდივართ. 72 წლის ადამიანს ამაზე მეტი რა პატიმრობა უნდა დაეკისროს?!", - განაცხადა ავთო წერეთელმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვის ბოლო, დასკვნითი სხდომა გაიმართა. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა, თუმცა უცნობია, დაზუსტებით როდის გამოცხადდება საბოლოო განაჩენი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

IPN