"ნაციონალური მოძრაობა" თუ ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ თუ გააკეთეს არჩევანი, რა თქმა უნდა, აბსოლუტური პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" თუ ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ თუ გააკეთეს არჩევანი, რა თქმა უნდა, აბსოლუტური პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება"

ხომ ვიცით, რომ არაფერი ეშველება ამ 12 რეკომენდაციას? - რამდენი ხანი აპირებს კიდევ ოპოზიცია ამ თამაშების გაგრძელებას? - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციაში თუ ვინმე ილუზიებშია, მაშინ ან კომპეტენცია არ ყოფნით ან უბრალოდ თავს იტყუებენ.

"ხომ ვიცით, რომ არაფერი ეშველება ამ თორმეტ რეკომენდაციას? მე ამიტომ ვთქვი, რომ ერთადერთი იმედი მაქვს, ჩვენი ევროპელი კოლეგები გაითვალისწინებენ არსებულ რეალობას და დახუჭავენ ყველაფერზე თვალს და მაინც მოგვანიჭებენ სტატუსს. ერთი წელი გავიდა რაც თუნდაც შარლ მიშელის დოკუმენტი გაფორმდა, რომელი ერთი პუნქტი იქნა შესრულებული და რომელი ნაბიჯი იქნა გადადგმული? თუ ვინმე ილუზიებშია ჩემი კოლეგებიდან ოპოზიციაში, ან კომპეტენცია არ ყოფნით ან უბრალოდ თავს იტყუებენ, ცდილობენ გაამართლონ გნებავთ პარლამენტში ყოფნა, გნებავთ პროცესში ჩართულობა? მე მაინტერესებს რამდენი ხანი აპირებს კიდევ ოპოზიცია ამ თამაშების გაგრძელებას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა“ არჩევანს ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილზე გააკეთებს, მაშინ ეს აბსოლუტური პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება.

"ნებსით თუ უნებლიედ რაც ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში“, მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. როცა ამხელა პარტიის შიგნით არის განხეთქილება, დაპირისპირება და განსჯა, რომელიც საჯაროდ გამოვიდა. საჯაროდ არ უნდა გამოსულიყო თორემ შეიძლება ეს ყველაფერი შიგნით ყოფილიყო და მოგვარებულიყო. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დაშლა და გაყოფა მოხდეს ამ პარტიის.

"ნაციონალური მოძრაობა“ მიდის თუ არა პოლიტიკური დასასრულისკენ ეს არის დამოკიდებული იმაზე, "ნაციონალური მოძრაობა“ რა არჩევანს გააკეთებს და ვის სასარგებლოდ. ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ თუ გააკეთეს არჩევანი, რა თქმა უნდა, აბსოლუტური პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. ნიკა მელიას აქვს ერთი დიდი უპირატესობა, ის აბსოლუტურად არ არის დასვრილი და დამძიმებული იმ მძიმე ლაქებისგან და დანაშაულებისგან, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და ეს იყო განახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე გადაცემაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მიხედვითაც, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის, ხოლო ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს“.

ნინო ბურჯანაძის თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე ხმას არ იღებს, ხოლო კომპლიმენტები კი უხარია, ეს კაპიტულაციას ნიშნავს.

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყო, ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებ თუ ის იქნება ფრთხილად, მაგრამ არ უნდა იყო შეშინებული, არ უნდა იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ ყველას აქვს შენი კაპიტულაციის განცდა. არავის სჭირდება კომპლიმენტები არცერთი ქვეყნისგან და მით უმეტეს რუსეთისგან, როცა დღეს კომპლიმენტს მეუბნები და ხვალ შეიძლება ე.წ. საზღვარი გადმომიტანო ისევ. აგერ დე ფაქტო საზღვარი გადმოდის და შენ ხმას არ იღებ იმაზე და კომპლიმენტს რომ გეუბნებიან, მოგწონს, ესაა კაპიტულაცია აბა რა არის სხვა?“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"