კრემლის გარშემო სახლების სახურავებზე საზენიტო რაკეტებს აყენებენ - რას უფრთხის პუტინი? - კვირის პალიტრა

კრემლის გარშემო სახლების სახურავებზე საზენიტო რაკეტებს აყენებენ - რას უფრთხის პუტინი?

ახალი წლის „მძიმე“ დღეებში ნაბახუსევმა მოსკოველებმა თავდაპირველად თავის თვალს არ დაუჯერეს, როდესაც კრემლის სიახლოვეს მაღალსართულიანი სახლების სახურავებზე არც მეტი და არც ნაკლები -„პანცირის“ ტიპის სარაკეტო-საქვემეხო საზენიტო დანადგარები დალანდეს და ყველაფერი ალკოჰოლს დააბრალეს...

მაგრამ შემდგომ დღეებში გამოფხიზლებისთანავე უკვე საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მათი დედაქალაქის ცენტრში სახლების სახურავებზე საჰაერო თავდაცვის სისტემებია განთავსებული და თანაც ისე, რომ კრემლისკენ მისაფრენ ყველა მიმართულებას კეტავენ...

ყველაზე სიმბოლურად იქცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი შენობის სახურავზე დაყენებული „პანცირი“, რომელიც კარგად მოჩანს ქუჩიდანაც-თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ეტყობა პერსონალური „პანცირი“-„კუს ბაკანი“ დაიყენა სამუშაო კაბინეტის თავზე...

რისი ეშინიათ ასე კრემლში, რომ პუტინმა სტალინის მეთოდი გამოიყენა, როდესაც გერმანული ავიაციის დაბომბვების მოსაგერიებლად მოსკოვის მაშინდელი მაღალსართულიანი სახლების სახურავებზე საზენიტო ტყვიამფრქვევები და ქვემეხები იყო განთავსებული?

ნუთუ პუტინის რეჟიმი უშვებს, რომ კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების ერთწლიანი დაუნდობელი დაბომბვებისთვის შურისძიება მალე თავად კრემლში ეწვევათ?

გამორიცხული არაფერია, თუკი უკრაინელებმა მოახერხეს სამჯერ მიეტანათ იერიში თითქმის 700 კმ-ით დაშორებულ ენგელსის სტრატეგიულ „ბირთული“ საჰაერო ბაზაზე, რატომ არ ეცდებიან იგივე გაიმეორონ, უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან მხოლოდ 450 კმ-ით დაშორებულ კრემლის კედლებზე..

samx2-1674292784.jpg
რუსული „პანცირების“ მიერ კრემლის დასაცავად გაშვებული საზენიტო რაკეტების ფრაგმენტები ისევ მოსკოველებს დაეყრებათ თავზე...

„პანცირის“ რამდენიმეტონიანი დანადგარის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობის სახურავზე ატანა იმას ნიშნავს, რომ ის პუტინის რეჟიმის საჰაერო თავდაცვის თითქმის ბოლო ზღუდეა (კრემლის საჰაერო თავდაცვის უკანასკნელ ზღუდეს უკვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო „იგლებით“ შეიარაღებული პუტინის პირადი დაცვის წევრები თუღა წარმოადგენენ), რადგან ოციოდე კმ-ის რადიუსში მოქმედებს და მან უნდა ჩამოაგდოს ის საფრენი აპარატები, რომლებმაც მოახერხეს მოსკოვის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის რამდენიმე ზღუდის გადალახვა.

არადა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის მსგავსი მგონი არცერთ ქვეყნის დედაქალაქს არ აქვს, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა 19 წლის გერმანელ მათიას რუსტს, რომ თავისი ერთძრავიანი „სესნა“ 1987 წლის 28 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე დაესვა...

უფრო რეალურია, რომ პუტინის გარემოცვა უშუალოდ უკრაინიდან სტარტაღებულ საფრენ აპარატებს კი არ უფრთხის,არამედ მოსკოვის შიგნით,რომელიმე საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გაშვებულ მინი კამიკაძე-დრონების შიში აქვს და ეტყობა არც თუ უსაფუძვლოდ,რადგან რუსეთისთვის ასე საამაყო საზენიტო-სარაკეტო „ს-400“ „ტრიუმფები“,რომლებიც დედაქალაქის გარშემოა განთავსებულნი,ასეთ შემთხვევაში უძლურნი იქნებიან...

მაგრამ 12 მლნ-იანი მოსკოვის ცენტრის თავზე „პანცირის“ საზენიტო რაკეტების სტარტი და მისი საზენიტო ქვემეხების ზალპი ნამდვილად კარგ დღეში არ ჩააგდებს სროლებს მიუჩვეველ მოსკოველებს,განსაკუთრებით კი ღამის საათებში და გამოიწვევს მასობრივ პანიკას,რასაც დაემატება ის ტექნიკური ფაქტორიც,რომ „პანცირის“ საზენიტო რაკეტის გაშვებისას,რაკეტის სასტარტო საფეხური იქვე მახლობლად ვარდება,ხოლო 60 კგ-იანი საზენიტო რაკეტის ჰაერში აფეთქების შემდეგ ნამსხვრევები ხომ ისევ მოსკოველების სახლებს დაეცემა...

ასე რომ, უკრაინელმა დივერსანტებმა (რომელთა შენიღბვა მრავალმილიონიანი მოსკოვის მაცხოვრებელთა შორის არც თუ ისე რთულია) რომ მოინდომონ და მოსკოვის უბნებიდან ღამით კრემლის მიმართულებით ერთდროულად მასობრივად რომ გაუშვან მინი დრონები (თუნდაც საბრძოლო ქობინების გარეშე,წმინდა სამოქალაქო დანიშნულების), წითელი მოედნის თავზე „პანცირების“ რაკეტები და ქვემეხები ისეთ ამბავს „ატეხენ“, რომ მოსკოვს დიდხანს „კარგად“ დაამახსოვრდება...