როდის მოხდება დიდი გარდატეხა რუსეთ-უკრაინის ომში?! - კვირის პალიტრა

როდის მოხდება დიდი გარდატეხა რუსეთ-უკრაინის ომში?!

გასულ კვირას განხილვის მთავარ თემად იქცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებები. 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა საქართველოს მთავრობისთვის. „მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას, და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს", - განაცხადა მან პრორუსული ტელეარხის „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, აუცილებელია სრულად აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთანო. მართალია, ამ განცხადებაზე ოფიციალურმა თბილისმა, როგორც იქნა, ადეკვატურად უპასუხა - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მანამდე არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოსო, თუმცა ლავროვის განცხადებაზე "ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებები ნამდვილად ვერ უძლებს კრიტიკას: „"ქართული ოცნების"“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისიც კი თქვა, რომ "რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმებიან". "არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობახიძის განცხადების შემდეგ. საინტერესო იყო ამ საკითხზე აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებაც: "საქართველოს ისტორიას ვსწავლობდი და ვიცი, რომ ის სავსეა რუსეთის მხრიდან დაპირებების არშესრულებით. საუკუნეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა ქართული იდენტობის, ენის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის უარყოფას. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა გაეგო, რომ რუსეთს თავისი ჯარები გაჰყავს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებენ 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ვიდრე პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ განცხადება მოესმინათ", - ბრძანა ქალბატონმა ელჩმა. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო საკითხთა სპეციალისტთან, ჯიპა-ს პროფესორ გიორგი კობერიძესთან:

koberidze-1665316274.jpg

- რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი დამოკიდებულება ბოლო თვეების განმავლობაში დღითი დღე პოზიტიურად იცვლება, რაც არანაირ საფუძველს არ ეფუძნება, ანუ საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი პოზიტიური სიგნალები რუსეთიდან არ მოდის. რასაც ახლა ვხედავთ, არის მხოლოდ საქართველოს მიზანმიმართული კეთილგანწყობილი განცხადებები ისე, რომ სანაცვლოდ, ფაქტობრივად, არაფრის მოლოდინი არა გვაქვს.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, აგერ ლავროვმა თურმე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ეს პოზიტიურ გზავნილად ვერ ჩაითვლება, რადგან თავის დროზე ფრენები თავად რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა, ახლა კი საქართველოზე მეტად სჭირდებათ ამის აღდგენა, შესაბამისად, ეს სარგებლიანი რუსეთისთვის უფროა, ვიდრე ჩვენთვის. თუ რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიური პოლიტიკის დღის წესრიგით მიზანმიმართულად ვილაპარაკებთ, ალბათ, ამაში მაინც უნდა იგულისხმებოდეს, რომ ამით საქართველო უნდა დარჩეს მოგებული, მაგრამ ამის ნიშანწყალიც არასად ჩანს. ვიმეორებ - ფრენების აღდგენა თუ ეკონომიკური აქტიურობა, რაც ამ ქვეყანასთან გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისთვის არის მომგებიანი.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დღეს რუსეთისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს და, იმავდროულად, მასთან საერთო საზღვარიც აქვს და ევროკავშირთანაც მასშტაბური და ღრმა ურთიერთობა, საქართველოა. შესაბამისად, რატომ არ ეცდება რუსეთი მის გამოყენებას სანქციებისგან თავის დაღწევაში?!

მოკლედ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში თუ ამ პოზიტიური დამოკიდებულებისგან დიპლომატიური თვალთახედვით რამე პოზიტივს ელიან, ეს არის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების უმწიფარი პოზიცია. თუ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რათა საქართველოს საგარეო კურსმა ორბიტული ცვლილება განიცადოს, მაშინ ეს უმწიფრად კი არა, გაცილებით მძიმედ შეიძლება შეფასდეს. თუ ასეა, ეს არის წინდაუხედავი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია. თუ რუსეთს ფრენების აღდგენა ან სხვა თვალსაზრისით ჩვენთან ურთიერთობის აღდგენა სურს, თავადაც უნდა გააკეთოს რამე. საქართველო სანაცვლოდ უნდა იღებდეს ხელშესახებ, პირდაპირ სარგებელს. ვფიქრობ, აშშ-ის ელჩმა ქალბატონმა კელი დეგნანმა უზუსტესი განცხადება გააკეთა. სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების პასუხი ლავროვის განცხადებებზე.

- ბუნებრივად იბადება კითხვა, რატომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ასე?

- უკეთეს შემთხვევაში, ალბათ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების ერთგვარი შიში, რადგან ეს მოითხოვს ფუნდამენტურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რამაც შესაძლოა მათ აბსოლუტურ ძალაუფლებას შეუქმნას საფრთხე, რადგან ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს მეტ დემოკრატიზაციას, მეტად პასუხისმგებლობიან მთავრობას, უფრო მეტად გამჭვირვალე სახელისუფლებო პროცესებს. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებაში" შიშობდნენ, რომ რეფორმების გატარებით შესუსტდება მათი აბსოლუტური კონტროლი, ამიტომაც ცდილობენ დისტანცირებას დასავლელი პარტნიორებისგან, ცდილობენ მათ დისკრედიტაციას, რაც ავტომატურად რუსულ ნარატივს ემთხვევა. ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების მოქმედების მოტივი უკეთეს შემთხვევაში, მაგრამ უარეს შემთხვევაში იყოს მიზანმიმართულად პრორუსული მოქმედება, რაც განპირობებულია კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების კერძო ხედვით, ისევე როგორც ეს იყო მოლდოვაში იგორ დოდონის მმართველობისას ან იანუკოვიჩის უკრაინის ხელისუფლებაში ყოფნისას. მთლად ლუკაშენკოს არ ვახსენებ, რადგან, ვფიქრობ, მის მდგომარეობამდე დიდი გზაა გასავლელი.

ukraina2-1674377130.jpg

- შვეიცარიაში, დავოსში ჩატარებულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ევროკომისარ იოჰანეს ჰანსა და კომპანია Limak Holding-ის თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში გამართულ დისკუსიაში, თემით: "როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად". დისკუსიის მიზანი იყო კავკასიის რეგიონის როლის განსაზღვრა ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებაში. დისკუსიის განმავლობაში კარგად გამოჩნდა ამ გრანდიოზულ პროექტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, რომლისთვისაც, როგორც ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, ჩვენი ქვეყანა ემზადება. ერთი მხრივ, დამოკიდებულება რუსეთთან, მეორე მხრივ, ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტში მონაწილეობა აჩენს კითხვას, რა თამაშს თამაშობს საქართველოს ხელისუფლება?

- საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთიდან ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამს და მადლობა ღმერთს, რადგან უარის თქმა შეიძლება სუვერენიტეტის თუ არა, ეკონომიკური დამოუკიდებლობის დაკარგვად განვიხილოთ, რადგან ეს პირდაპირ რუსეთის ეკონომიკა მიგვაბამს. ენერგოეკონომიკური დივერსიფიკაცია საქართველოსთვის სტრატეგიულად ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და შესაბამისად, აუცილებლად ნაბიჯები გადასადგმელია. დღეს შუა დერეფნის მნიშვნელობა გააძლიერა იმ რეალობამ, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ შეიქმნა. ეს ერთგვარ შესაძლებლობად იქცა საქართველოსთვის, რისი გამოუყენებლობაც დიდი შეცდომა იქნება.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ამას არაერთი მიზეზი შეიძლება განაპირობებდეს. მაგალითად ის, რომ თუ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური არტერია, ეს თვითონ საქართველოსთვის აჩენს უდიდეს შესაძლებლობებს ევროკავშირისგან მოითხოვოს ძალიან ბევრი პოლიტიკური სარგებელი, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მოპოვების დაჩქარება, სამხედრო და ეკონომიკური დახმარება და ა.შ.

ეს შეიძლება ხელისუფლებისთვისაც ძალიან ქმედითი ბერკეტი იყოს, ანუ ივაჭროს საკუთარი როლით და ევროკავშირისგან მოითხოვოს, მაგალითად, ფასადური რეფორმების გატარება, რაც მათ ძალაუფლებას არაფერს მოაკლებს.

რადგან საქართველო ამ არტერიის მნიშვნელოვანი კვანძი იქნება, ეს ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებას უფრო შეუწყობს ხელს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოს არა პერსონალური პოლიტიკური მიზნების, არამედ საქვეყნო ინტერესების გასატარებლად. ევროპელ პოლიტიკოსებს რას მოვთხოვთ, ესაა მნიშვნელოვანი - თუ მოვითხოვთ მეტ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ დახმარებას და კანდიდატის სტატუსის რაც შეიძლება დაჩქარებულად მოპოვებას, რა თქმა უნდა, ეს იქნება რაციონალური და სწორი ნაბიჯი.

- დასასრულ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც მინდა შევეხოთ, ბოლო დროს დასავლელი ექსპერტების ერთი ნაწილის პროგნოზით ომი რუსეთსა და უკრაინას შორის ვერც 2023 წელს დასრულდება... დღეს, როდესაც დასავლელი პარტნიორები კვლავ მსჯელობენ უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიების გადაცემაზე, რუსეთი კი ცდილობს მოახერხოს გადაჯგუფება ფრონტზე, საინტერესოა, თქვენ როგორ ხედავთ ომის განვითარებას მიმდინარე წელს?

- ჩემი აზრით, ომში ზაფხულამდე უნდა მოხდეს გარდატეხა. ახლა ჩვენ ვხედავთ ძალთა ფარდობას, კლიმატური პირობების გამო მასშტაბური ოპერაციებისგან ორივე მხარე თავს იკავებს. უკრაინა ელის, თუ რას იზამს რუსეთი ბელარუსის მხრიდან, არის საფრთხე, რომ კრემლის რეჟიმმა გადასხას დესანტი სწორედ ბელარუსიდან, თუ, რა თქმა უნდა, ეყოფა ამისთვის რესურსი. უკრაინა კი ემზადება და ელის დასავლურ იარაღს, რომელსაც აითვისებს, იმავდროულად, გაწვრთნის სამხედროებს, ვარაუდობენ, რომ ჩამოაყალიბებენ დასავლური მომზადების, სულ ცოტა, 4-5 ბრიგადას, რის შემდგომაც შეიძლება ვიხილოთ უკრაინელების მასირებული კონტრშეტევა. წესით, ეს უნდა მოხდეს ივნისამდე... რუსები სოლედარის 90%-ს აკონტროლებენ და შეიძლება სხვა მიმართულებებიდანაც დაიწყონ ლოკალური შეტევები. ბახმუტის შენარჩუნებისთვის უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს. მოგეხსენებათ, გასულ კვირას გერმანიაში რამშტაინის ბაზაში მოკავშირეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და უკრაინისათვის დახმარების პაკეტზე იმსჯელეს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ამ ეტაპზე კვლავ ვერ დაითანხმეს "ლეოპარდ 2" ტანკების გადაცემაზე, ბერლინი მაინც მიაწვდის მილიარდიან დახმარებას უკრაინას, რომელიც დახმარების ასევე ახალ პაკეტს მიიღებს აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, ფინეთიდან და ა.შ. რაც შეეხება ბელარუსიდან კიდევ ერთხელ შეღწევის ცდას, თუ ეს მოხდება, არ იქნება მასშტაბური შეტევა დასავლეთ უკრაინაზე ან კიევზე. შეტევა იქნება უფრო ლოკალური, რისი მიზანიც იქნება უკრაინის დანაყოფების ნაწილის იმ მიმართულებაზე გადასროლა, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზი არ გადის. დღეს რუსეთი ცდილობს რეზერვები შეავსოს, უკრაინა კი - დასავლური ტექნიკა მიიღოს და აითვისოს. ვფიქრობ, 2023 წლის მეორე ნახევარში უკვე გამოკვეთილი იქნება ომის დასრულების ვადა.