"პოლიციის თანამშრომლები აქეთ-იქით იდგნენ, რომ ბიჭი მოსვლისთანავე დაეკავებინათ" - სექსუალური შევიწროების მცდელობები და პანიკური შეტევები ანჟელიკა აგაბაბოვის ცხოვრებაში - კვირის პალიტრა

"პოლიციის თანამშრომლები აქეთ-იქით იდგნენ, რომ ბიჭი მოსვლისთანავე დაეკავებინათ" - სექსუალური შევიწროების მცდელობები და პანიკური შეტევები ანჟელიკა აგაბაბოვის ცხოვრებაში

23 წლის ანჟელიკა აგაბაბოვი სერიალში - "სიყვარულს მიღმა" ნიჭიერი, შრომისმოყვარე მომავალი ექიმის - თაკოს როლს ასრულებს. გამოცდების კარგად ჩაბარების სანაცვლოდ, თაკოს გოჩა ექიმი ინტიმურ ურთიერთობას სთავაზობს... ვიდრე სერიალის შემოქმედებითი გუნდი მესამე სეზონს შემოგვთავაზებს, ანჟელიკას თავის პერსონაჟთან დაკავშირებულ სიტუაციასა და მის ცხოვრებაში მომხდარ რეალურ ფაქტებზე ვესაუბრეთ...

- თავდაპირველად, როცა სერიალში ჩემი პერსონაჟის - თაკოს "ხაზის" განვითარება დაიწყო, პერსონაჟი მგავდა, მაგრამ შემდეგ ისეთი რაღაცები გააკეთა და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რასაც მე არ გავაკეთებდი. შესაბამისად, როლზე მუშაობა უფრო საინტერესო გახდა, რადგან როცა პერსონაჟი მსახიობს არ ჰგავს, ახალი რაღაცების მოფიქრება გჭირდება...

- თაკოს რომელ საქციელს გულისხმობთ, როცა ამბობთ, თავად ასე არ მოვიქცეოდიო?

- ჩემს პერსონაჟთან შედარებით, უფრო ხისტი, ემოციური, ფეთქებადი და ნაკლებად მიამიტი ვარ. თაკო უფრო გაწონასწორებული და ასე თუ ისე, დიპლომატიურია. როლზე მუშაობისას, გარკვეული უნარ-ჩვევებიც გამოვიმუშავე... საბოლოო ჯამში, თაკო უსუსური და დაუცველია. გარკვეულ დათმობებზე მიდის, რადგან გოჩა ექიმს სათანადო პასუხი ვერ გასცა. პირადად მე, ამ საკითხს ასე არ დავტოვებდი - ის ჩემგან სხვაგვარ პასუხს მიიღებდა. თმენის უნარი გამოვიმუშავე, მაგრამ იმავდროულად, გულუბრყვილო და დაუცველი არ ვარ, პრობლემას თავად მოვაგვარებდი.

- რეალურ ცხოვრებაში, თქვენ მიმართ სექსუალური შევიწროების მცდელობა თუ ყოფილა?

- კი. ასეთი რამ პირველად რომ მოხდა, 5 წლის ვიყავი: ბავშვებთან ერთად, ჩემს სახლთან მდებარე საბავშვო ბაღის ეზოში ვთამაშობდი, ოღონდ - ბაღის სამუშაო საათები არ იყო. იქვე 27-28 წლის ბიჭი იჯდა (მისი სახე დღემდე კარგად მახსოვს. ბავშვებს გვიყურებდა). თავდაპირველად, ბიჭებთან ერთად იყო. ბოლოს მარტო დარჩა. საღამოს 7-8 საათზე, როცა უკვე სახლის ეზოში უნდა შევსულიყავი, ის ბიჭი ჩემთან მოვიდა და საუბარი დამიწყო, ხელი მომკიდა, აქეთ-იქით მასეირნებდა... ტირილი დავიწყე, რადგან ბიჭი რაღაც სერიალებიდან სექსუალური სცენების შესახებ მელაპარაკებოდა. ვერ ვხვდებოდი, მაგრამ დისკომფორტს მიქმნიდა - ვგრძნობდი, რაღაც რიგზე ვერ იყო... უბნიდან რომ გავყავდი, მაღაზიის გამყიდველმა მიცნო და ბიჭს ყვირილი დაუწყო... მერე დედასთან, სახლში მიმიყვანა... ასე გადავრჩი.

- 5 წლის ბავშვმა შეძელით, მშობლები საქმის კურსში ჩაგეყენებინათ, რეალურად რა მოხდა?

- კი, მათ მაშინვე ყველაფერი ვუამბე. დედამ პოლიცია საქმის კურსში ჩააყენა. მეორე დღეს, ისევ საბავშვო ბაღის ეზოში მიმიყვანა, ოღონდ - პოლიციის თანამშრომლები აქეთ-იქით იდგნენ, რომ ის ბიჭი ისევ თუ მოვიდოდა, მაშინვე დაეკავებინათ, თუმცა ის ყმაწვილი აღარ გამოჩენილა... მეორე შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 19-ის ვიყავი: აბიტურიენტობისას ერთ ბიჭს მოვეწონე, რომელსაც არ ვიცნობდი: თავად გაკვეთილებზე აღარ დადიოდა. მისთვის განკუთვნილ დროს, რეპეტიტორთან გაკვეთილები მე დამინიშნეს. ერთ-ერთი მისვლისას, ის ბიჭიც მოვიდა - პედაგოგისთვის ფული უნდა გადაეხადა, შემდეგ მისვლაზე კი სადარბაზოში დამხვდა. სიბნელე იყო. მასწავლებლის კართან რომ მივედი, კარი ხელით დაიჭირა - არ მიშვებდა, რომ გამეღო. მეუბნებოდა, - ტელეფონის ნომერი მომეციო. სიტყვიერად შევეწინააღმდეგე, მერე კი, როცა უკვე კარი ხელით დაიჭირა, მივხვდი, უნდა გავქცეულიყავი. ასეც მოვიქეცი. შემდეგ მასწავლებელს დაველაპარაკე, რომელიც იმ ბიჭის მშობლებს გაესაუბრა და სიტუაცია ამით შემოიფარგლა...

- ამ შემთხვევებმა ტრავმა დაგიტოვათ? თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახა, თუნდაც - ბიჭებთან ურთიერთობისას?

- ტრავმა დამიტოვა, ოღონდ - მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი. დღეს რომ ვხედავ, როგორი ტიპის ადამიანად ჩამოვყალიბდი, ვაცნობიერებ, იმ შემთხვევებს ჩემზე უარყოფითად არ უმოქმედია, რადგან მგონია, რომ ძლიერი, მტკიცე ადამიანი ვარ, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა გოგო თავად დამიცავს. მაგალითად, ახლახან კლუბში შევესწარი სიტუაციას: ზუსტად არ ვიცი, წყვილი რაზე ლაპარაკობდა - არც დავინტერესებულვარ, მაგრამ ბიჭი ძალიან მთვრალი იყო და გოგოს ხელზე ცუდად ქაჩავდა, - წამოდი, წამოეთრიეო. ძალიან არ მესიამოვნა. მივედი, - რა ხდება-მეთქი? გოგოს ისეთი სახე ჰქონდა, ლამის იქვე ატირდა. ხელი მოვკიდე და წამოვიყვანე. ბიჭი გამოგვყვა. მეუბნებოდა, - შენ საერთოდ ვინ ხარო? სიტუაციის შესახებ დაცვის თანამშრომლებს ვუთხარი და ის ბიჭი "გავაშავებინე"... იმ გოგოს რომ ეთქვა, - მადლობა, ყველაფერი რიგზეაო, თავს დავანებებდი...

- როგორ ფიქრობთ, რა აიძულებთ გოგონებს, პარტნიორისგან აგრესია აიტანონ?

- ხშირად შიში აიძულებთ. ფიქრობენ, ისე არ მოიქცნენ, რომ პარტნიორს არ ესიამოვნოს და უფრო აგრესიული არ გახდეს. მგონია, რომ არაფრის არ უნდა გეშინოდეს, მით უმეტეს, როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ხარ. თან, დღეს ქალის უფლებებს კარგად იცავენ. უბრალოდ, ხანდახან პრობლემას თავად ქალებში ვხედავ - ძალადობის შესახებ არ ამბობენ...

- შეყვარებული ხართ?

- არა. შეყვარებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ურთიერთობაში ვიყავი. კარგი ურთიერთობა გვქონდა, თუმცა მისი ეჭვიანობის გამო, აღარ გვაქვს.

- გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდათ?

- არა, რადგან ძალიან მეამბოხე ვარ. ვფიქრობ, წყვილს შორის ურთიერთგაგება და პატივისცემა უნდა არსებობდეს. როცა ეს ყველაფერი ეჭვქვეშაა, ადამიანთან ურთიერთობა აღარ უნდა გქონდეს.

- სექსუალური შევიწროების პრობლემა თქვენს სამუშაო სფეროშიც არის?

- ამის შესახებ "გაკვრით" გამიგონია, მაგრამ კონკრეტულად, არაფერი ყოფილა. უფრო ხშირად, როლის გამო, მსახიობები ერთმანეთს ცუდ რაღაცებს უკეთებენ. საბედნიეროდ, პირადად მე, მსგავსი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ პოლიტიკის მსგავსად, შოუბიზნესიც ძალიან ტოქსიკურია. ბევრჯერ გამიგონია, რომ პიესაში მთავარი როლის მისაღებად გოგონებს ერთმანეთისთვის რაღაცები დაუშავებიათ.

- როგორც ვიცი, მსახიობი დედის ინიციატივით გახდით. თავად რა პროფესიის წარმომადგენელია?

- დედა ეკონომისტია. ძალიან უნდოდა, მსახიობი ყოფილიყო, მაგრამ როგორც ხდებოდა, მშობლებმა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების საშუალება არ მისცეს. გვერდით სულ ხელოვანი ხალხი ჰყავს: მსახიობები, მხატვრები... საკმაოდ ლაღ გარემოში ვიზრდებოდი. მსახიობობაზე არასოდეს მიფიქრია. მთელი ბავშვობა ვხატავდი. 3 წლისას რომ მეკითხებოდნენ, ვინ უნდა გამოხვიდეო? ვპასუხობდი, - არქიტექტორი ან ფერმწერი-მეთქი. მერე, აბიტურიენტობისას დედა მელაპარაკა და მითხრა, - მგონია, შენს უნარ-ჩვევებს (სიმღერა, ცეკვა...) მსახიობის პროფესიაში უკეთ გამოხატავო. თან, ძალიან აქტიური, ენერგიული ვარ. დედამ მითხრა, - ვერ წარმომიდგენია, საათობით იჯდე და 1 ნახატს ხატავდეო. მისი რჩევა ავწონ-დავწონე და გავითვალისწინე, მაგრამ ხატვას თავს არ ვანებებ - ჩემი გულის გასახარებელ რაღაცებს მაინც ვაკეთებ, თუმცა ვფიქრობ, მსახიობობა კარგი გადაწყვეტილება იყო - ჯერჯერობით, კმაყოფილი ვარ. დედა ჩემი მთავარი გულშემატკივარია, შემდეგ - ჩემი 2 უახლოესი მეგობარი.

ჩემი ემოციური დედა ძალიან სასაცილოა, როცა სერიალს უყურებს. იცის, რომ მსახიობები ვართ, მაგრამ გოჩა ექიმის საქციელზე მაინც გაბრაზდა და ილანძღებოდა. თან ხუმრობდა, მაგრამ გაბრაზება სახეზე ეტყობოდა. ვამშვიდებდი, - დედა, გადაღება იყო. კამერის მიღმა უამრავი ადამიანი იდგა-მეთქი (იცინის). ყველაფერი გულთან მიაქვს...

- მამის შესახებ რას გვეტყვით?

- 18 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირში, ძიუდოს მრავალგზის ჩემპიონი გახლდათ. სპორტსმენებს ინსულტი და ინფარქტი ხშირად ემართებათ, მას კი ორივე ერთდროულად დაემართა. მარტო იყო. მასთან იმ დროს ვინმე რომ ყოფილიყო, გადარჩებოდა...

- ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენ მიერ შესრულებულ ყველაზე მნიშვნელოვან როლად რომელს მიიჩნევთ?

- ალბათ - თაკოს როლს. კამერასთან მანამდეც მიმუშავია, მაგრამ იმ დოზით - არა, როგორც ამ სერიალში. მგონია, რომ ყველაზე დიდი გამოცდილება თაკოს როლის შესრულებისას მივიღე. "თესეაში" პატარა როლი მქონდა, ასევე - ფილმშიც "როცა 17 წლის ხარ"...

- თეატრთან თანამშრომლობთ?

- ამჟამად, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრში, 2 სპექტაკლში ვარ დაკავებული. სულ ვამბობ: ჩემი ყოველი როლი თემურ ჩხეიძეს ეძღვნება. მსახიობის პროფესიის მიმართ ყველაზე დიდი მოტივაცია და სიყვარული მან ჩამინერგა. თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას, ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

- სერიალის სიუჟეტის მიხედვით, მედიცინის სფეროში "პატრონის" ყოლა მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, სამსახიობო სფეროში როგორ არის საქმე?

- მგონია, რომ ყველა პროფესიაში, მათ შორის - სამსახიობო სფეროშიც ასეა: "პატრონი" თუ არ გყავს, ნაკლებად პერსპექტიული ხარ, ოღონდ - იცი, სამსახიობო სფეროში როგორ ხდება? რაღაცები გარანტირებული არ გაქვს. უბრალოდ, უფრო მეტი შესაძლებლობა გეძლევა, უფრო გაკვირდებიან და შედარებით მეტ ყურადღებას გაქცევენ, ვიდრე - მათ, ვისაც "პატრონი" არ ჰყავს... პირადად მე, მგონია, რომ ძალიან გამიმართლა: ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლებოდა, ჩემს ცხოვრებაში მომხდარიყო, მოხდა - ბატონმა თემურმა თავისი ჯგუფისთვის ამირჩია; სერიალშიც - "სიყვარულს მიღმა" გამიმართლა, რომ კასტინგზე ამირჩიეს...

- საბოლოო ჯამში, 2022 წელს როგორ აფასებთ და 2023-ისგან რას ელით?

- 2022 წელი პროდუქტული იყო. ბევრი წინაღობა ახლდა, მაგრამ ასეთი წინაღობები ყოველთვის გვზრდის. პანიკური შეტევები და შფოთვები 21-ე საუკუნის სენია, რაც ჩემს შემთხვევაშიც რთული იყო - ადაპტაცია გამიჭირდა. პლუს, ძნელია, როცა შფოთვები და პანიკური შეტევები გაწუხებს, შენ კი სცენაზე უნდა გახვიდე და ითამაშო, მაგრამ "დავლაგდი". ამ სიტუაციამ ბევრი რამ მასწავლა, ემოციური ინტელექტი უფრო ამიმაღლა და ბევრი რამის კონტროლი ვისწავლე. საკუთარი თავი ისეთი მივიღე, როგორიც ვარ, პანიკურ შეტევებიან-შფოთვებიანად. ეს ყველაფერი როგორც მოდის, ისე წავა - ყველაფერი ჩვენს ხელშია. ექიმი-ფსიქოლოგიც მყავს - გადასარევი გოგოა. ზოგ ადამიანს ფსიქოლოგთან სიარულის კომპლექსი აქვს. ვფიქრობ, ეგ აზრი უნდა შეიცვალონ, რადგან ყველაფერს თავისი პროფესიონალი სჭირდება. 21 საუკუნეა, დრო ძალიან სწრაფად გადის, ბევრი ენერგია გვეხარჯება, ადამიანები ახალ რეჟიმთან ვადაპტირდებით და ამ გადაღლილობის თუ დალექილი ტრავმების გამო, შფოთვები გვაწუხებს... რეალურად, ყველაფრის მარტივად გადალახვა შეიძლება... ცუდისთვისაც და კარგისთვისაც მადლიერი ვარ - რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. 2023 წლისგან ყველაფერ კარგს ველი (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"